ექსპერტები: დღეს ვიღებთ პროცესს, როდესაც ინგრევა მედია-პლურალისტული გარემო " />

რუსთავი 2-ს ახალი მენეჯმენტი ჰყავს. მოვლენების ქრონოლოგია და შეფასებები

ექსპერტები: დღეს ვიღებთ პროცესს, როდესაც ინგრევა მედია-პლურალისტული გარემო

საქართველოს ყველაზე რეიტინგულმა ოპოზიციურმა არხმა მფლობელი და მენეჯმენტი შეიცვალა. დღეიდან არხს ახალი გენერალური დირექტორი უხემძღვანელებს.

პაატა სალია უკვე შეუდგა სამუშაოს. იგი დილიდან ტელეკომპანიის შენობაშია და არხის თანამშრომლებს ხვდება.

როგორ მოხდა ეს და რას ნიშნავს ეს ცვლილება ქვეყნისთვის?

____________________

სტრასბურგის გადაწყვეტილება

რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე თითქმის ოთხწლიანი დავა გუშინ, 18 ივლისს ამ ტელეკომპანიის ბოლოდროინდელი მფლობელებისა და მენეჯმენტის მარცხით დასრულდა.

ტელეკომპანიას უკვე ახალი მფლობელი ჰყავს. იგი ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ქიბარ ხალვაშია, რომელმა გუშინვე გადაიფორმა საკუთარ სახელზე ტელეკომპანია.

• ვისია მედია საქართველოში

• პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: დარტყმები ოლიგარქზე ქვეყნის შიგნიდან და ქვეყნის გარედან

ეს ყველაფერი შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ გუშინ თბილისის დროით 12:00 საათზე რუსთავი 2 საქმესთან დაკავშირებით გამოაცხადა გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს სასამართლოების არც ერთ ინსტანციას რუსთავი ორის მიმართ არ დაურღვევია სამართლიანი სასამართლოს უფლება. ასევე სტრასბურგმა დაუსაბუთებლად სცნო რუსთავი 2-ის  საჩივარი საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით.

ამავე დროს, სტრასბურგის სასამართლომ მოხსნა ის დროებითი შეჩერების მექანიზმი, რომელიც 2017 წლის მარტში თავადვე დაადო საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. ამ გადაწყვეტილებით ტელეკომპანიის მფლობელად ქიბარ ხალვაში იყო გამოცხადებული. შესაბამისად, მოიხსნა თუ არა შეჩერება, უზენაესი სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შევიდა.

სტრასბურგის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა.

რა თქვა სტრასბურგის სასამართლომ. ორ აბზაცში

სტრასბურგის სასამართლოს არ უმსჯელია იმაზე, არის თუ არა ქიბარ ხალვაში ტელეკომპანიის კანონიერი მესაკუთრე. ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა იმის თაობაზე, ხალვაშისთვის რუსთავი 2-ის გადაცემის პროცესში დაირღვა თუ არა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის, როგორც მხარის სამართლიანი სასამართლოს უფლება. სტრასბურგის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ეს უფლება არ დარღვეულა.

 

რაც შეეხება ტელეკომპანიის მესაკუთრეს. ის, რომ ტელეკომპანიის კანონიერი მესაკუთრე ქიბარ ხალვაშია, ეს არა სტრასბურგის სასამართლომ, არამედ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა 2017 წლის მარტში.

ქიბარ ხალვაში და ქიბარ ხალვაში

ზუსტად ერთ საათში ახალმა ძველმა მფლობელმა ქიბარ ხალვაშმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სამართლიანობა აღადგინა.

თავის განცხადებაში ხალვაში შეპირდა ჟურნალისტებს, რომ არ შეეხება არხის სარედაქციო პოლიტიკას, არ ჩაერევა ჟურნალისტების საქმიანობაში და არ აპირებს არხიდან ჟურნალისტების გათავისუფლებას.

ერთადერთი ადამიანი, რომელიც ხალვაშმა ამ ეტაპზე გაათავისუფლა, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა. მის ნაცვლად ბიზნესმენმა საკუთარი ადვოკატი პაატა სალია დანიშნა. აღნიშნული ცვლილება უკვე ასახულია საჯარო რეესტრში.

ხალვაში თავის განცხადებაში აღნიშნავს, რომ მზად არის ითანამშრომლოს რუსთავი 2-ის დამფუძნებლებთან  – დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან, რომლებიც ასევე ჩივიან, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მათ ტელევიზია უკანონოდ, იძულებით დაათმობინეს.

უკვე შუადღის ოთხი საათისთვის ქიბარ ხალვაშმა ოფიციალურად გადაიფორმა ტელევიზია.

საჯარო რეესტრში ვკითხულობთ, რომ ამჟამად ტელეკომპანია რუსთავი 2-ის 60 პროცენტი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაშია, ხოლო 40 პროცენტი შპს “პანორამას” ეკუთვნის, რომლის ერთპიროვნული მფლობელი ასევე ქიბარ ხალვაშია.

ასე გამოიყურება რუსთავი 2-ის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ქიბარ ხალვაში და ქიბარ ხალვაში

ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელი 2004-2005 წლებში იყო. მაშინ იგი ექს-პრეზიდენტ სააკაშვილთან და თავდაცვის იმდროინ დელ მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი იყო. საკმაოდ ბუნდოვანია ისიც, თუ რა ვითარებაში შეიძინა მან მაშინ ტელევიზია, რადგან ტელეკომპანიის დამფუძნებლები დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე დღეს აცხადებენ, რომ სააკაშვილმა მათ ტელევიზია შანტაჟით დაათმობინა ხალვაშის სასარგებლოდ.

რუსთავი 2-ში დღესაც მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც ახსოვთ ხალვაშის ორწლიანი მმართველობა. ისინი ამბობენ, რომ ბიზნესმენი პირადად და უხეშად ერეოდა ჟურნალისტების საქმიანობაში და აიძულებდა მათ ხელისუფლების საწინააღმდეგო ინფორმაციის დაბლოკვას.

ახალი დირექტორი

გუშინ საღამოს 20:00 საათისთვის რუსთავი 2-ის მაყურებლები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს კადრებს, თუ როგორ მივიდა ტელეკომპანიის შენობაში ახალი გენერალური დირექტორი, პაატა სალია.

იგი ნიკა გვარამიას მისაღებში შევიდა და ითხოვა შეხვედრა არხის მენეჯმენტთან. გვარამიამ უთხრა, რომ მასთან თანამშრომლობას არ აპირებდა.

„მდივანსაც ვთხოვ, რომ ყავა არ გაგიკეთოთ. ახლა ვისაც გინდათ შეხვდი, მაგრამ ამ კაბინეტში ვერ შეგიშვებთ, ჯერჯერობით ჩემი პირადი სივრცეა,” – უთხრა გვარამიამ სალიას. 

სალია ნიუსრუმში შეკრებილ ჟურნალისტებსაც შეხვდა, რომლებმაც მას არხის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტიები მოსთხოვეს. ასევე მას მოსთხოვეს ყველა იმ ჟურნალისტის და წამყვანის არხზე შენარჩუნება, რომლებიც ხელისუფლებას მწვავედ აკრიტიკებენ.

როგორც ჟურნალისტებმა თქვეს, მათ სალიასგან მსგავსი გარანტიები ვერ მიიღეს.

რუსთავი 2-ის შენობაში პაატა სალიამ საათზე ცოტა ხანი დაჰყო და თქვა, რომ სამუშაოს შესრულებას უკვე მეორე დღესვე – 19 ივლისს შეუდგებოდა.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა და კოლექტივის სხვა წევრებმა გუშინ ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ისინი ამბობენ, რომ ქიბარ ხალვაშის მოსვლით არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა გარდაუვალი იქნება.

“მან ბოლო ლუკმაც გადასანსლა”

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას რუსთავი 2-ზე განსაკუთრებით ელოდნენ. რამდენიმე დღით ადრე არხზე გჩნდა კლიპები, სადაც მოსახლეობას 18 ივლისს 12:00 საათზე, იმ დროს, როდესაც სტრასბურს გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა, არხის ეზოში შეკრებისკენ მოუწოდებდნენ.

18-ში დილიდან არხის ეზოში მართლაც შეიკრიბა რამდენიმე ასეული ადამიანი. გარეთ დამონტაჟებული იყო უზარმაზარი მონიტორი, რათა შეკრებილებს თვალყური ედევნებინათ 12-საათიანი საინფორმაციო გამოშვებისთვის. ჟურნალისტებს სპეციალური მაისურები ეცვათ რუსთავი 2-ის ლოგოთი. ტელეკომპანიის ეზო მორთული იყო საქართველოს და ევროკავშირის დროშებით. ევროკავშირის და საქართველოს დროშები იყო გამოსახული მთელი დღის განმავლობაში ტელეკომპანიის ლოგოზეც  ეთერში.

დილიდან არხზე გადიოდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სხვა ადამიანების და ასევე რიგითი მოქალაქეების კომენტარები, რომლებიც ამბობდნენ, თუ რა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის რუსთავი 2-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შძენარჩუნება იმ ფონზე, როდესაც ქვეყანას არაფორმალური ლიდერი მართავს, რომელმაც სხვა ცენტრალური არხები ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიმორჩილა.

აქ ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ სტრასბურგი გადაწყვეტილებას არხის სასარგებლოდ გამოიტანდა. ზოგიერთი თანამშრომელი სამსახურში ბავშვებთან ერთადაც მივიდა, რათა შემდეგ ხანგრძლივი სასამართლო დავის დასრულება ერთად ეზეიმათ.

განწყობა მალევე გაფუჭდა, მას შემდეგ რაც მონიტორზე გამოჩნდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელმაც სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დავა რუსთავი 2-სა და სახელმწიფოს შორის სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვიტა.

“აწი ვეღარ გავიგებთ, რა ხდება ქვეყანაში. მან [ბიძინა ივანიშვილმა] უკვე ბოლო ლუკმაც გადასანსლა და ყველას ერთად რუსეთისკენ მიგვაქანებს. აღარ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება,” – უთხრა რუსთავი 2-ის ეზოში ჟურნალისტებს ერთმა ქალმა, რომელიც ცრემლებს ძლივს იკავებდა.

ივანიშვილი და რუსთავი 2

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინტერნეტიზაცია სწრაფი ტემპით მიდის, კომპიუტერი ბევრი ოჯახისთვის, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთათვის, დღემდე ფუფუნებაა, რადგან მოსახლეობის 20 პროცენტზე მეტი  სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს  ქვემოთ ცხოვრობს.

ამდენად ტელევიზია დღემდე რჩება მოსახლეობის უმრავლესობისთვის ინფორმაციის მთავარ წყაროდ. NDI-ის მიერ აპრილში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 72 პროცენტი ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებზე ინფორმაციას ტელევიზიით იგებს.

შესაბამისად, პოლიტიკური დამკვირვებლები თანხმდებიან, რომ ქვეყნის ყველაზე რეიტინგულ არხზე საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე.

მიუხედავად საპირისპიროს მტკიცებისა, ეჭვი არავის ეპარება, რომ არხის ახალი მფლობელი  და მენეჯმენტი, არხზე სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას შეეცდება.

ხალვაში “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენია, “ქართული ოცნების” წევრები კი, ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან განსაკუთრებით კრიტიკულები სწორედ რუსთავი 2-ის მიმართ იყვნენ, რადგან ეს არხი ღიად ატარებდა ოპოზიციური პარტიის, ყოფილი მმართველი გუნდის “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესების შესაბამის სარედაქციო პოლიტიკას.

არხის უკვე ყოფილი მფლობელები, ძმები ყარამანიშვილები და ასევე ნიკოლოზ ნაყოფია სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები და მისი გუნდის წევრები არიან. ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ ამ გვარების უკან სწორე მიხეილ სააკაშვილი იდგა, რომელიც საზღვარგარეთ ყოფნის დროსაც დიდწილად განსაზღვრავდა ამ არხის პოლიტიკას და მუდმივად ჩნდებოდა ამ არხის ეთერში ვრცელი ინტერვიუებით.

“ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ეს ოპოზიციური არხი ყველაზე დიდ დისკომფორტს უქმნიდა ხელისუფლებას საკუთარი პოლიტიკური თოქ-შოუებით თუ მწვავე სიუჟეტებით კორუფციაზე, ნეპოტიზმზე, სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, ქვეყნის არაფორმალური მმართველის სხვადასხვა საქმიანობაზე და ა.შ.

ბიძინა ივანიშვილი თავის ინტერვიუებში მუდმივად ახსენებდა რუსთავი 2-ს, როგორც “სიცრუის მანქანას” და “ნაციონალების პარტიულ ტელევიზიას”. ჟურნალისტებმა დაითვალეს, რომ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში, რომელიც მან გასული წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ტელეჟურნალისტებს მისცა, ივანიშვილმა ორსაათნახევრის განმავლობაში 40-ჯერ ახსენა რუსთავი 2.

სწორედ ამავე ინტერვიუში თქვა ივანიშვილმა ფრაზა, რომელიც შემდეგ “ფრთიანად” იქცა:

„დღეს რომ გამორთონ „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობის და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ“, – განაცხადა მან.

ივანიშვილი მაშინ აღნიშნავდა, რომ  რუსთავი 2-ს საზოგადოების ნაწილი მძევლად ჰყავს აყვანილი და ატყუებს, თუმცა მალე ეს ასე აღარ იქნება:

“რუსთავი 2”-ს არ ექნება საშუალება ამასაც გპირდებით, რომ მოახერხოს განსხვავებული აზრი არ შევიდეს ტელევიზიაში რომ ჩაკეტოს და მძევლად აიყვანოს საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილი”, – თქვა ივანიშვილმა. მაშინ მისი ეს სიტყვები ტელეკომპანიამ მუქარად აღიქვა.

“დღეს ჩვენ ფორსირებულად ვიღებთ პროცესს, როდესაც ინგრევა მედია-პლურალისტული გარემო”

საქართველოს 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ “რუსთავი 2”-ის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში ახალი რეალობა შეიქმნა, რომელიც “ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის”.

განცხადებაში საუბარია იმ მნიშვნელოვან როლზე, რომელსაც რუსთავი 2 ასრულებდა საქართველოს მედიაგარემოში.

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, დღეს მნიშვნელოვანია ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნება და მათი შრომითი უფლებების დაცვა.

ხელმომწერი ორგანიზაციები ხაზგასმით აღნიშნავენ ხელისუფლების დაინტერესებას მთელს ამ პროცესში:

“ეჭვგარეშეა, რომ „რუსთავი 2“-ის მფლობელების ცვლილება ხელისუფლების ინტერესში შედიოდა, რის შესახებაც მათ ღიად არაერთხელ განუცხადებიათ. მნიშვნელოვანია, რომ არ მოხდეს ქართულ მედიასივრცეში არსებული მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, როდესაც მფლობელის/მენეჯმენტის ცვლილება პირდაპირ აისახება მაუწყებლის ხელისუფლებისადმი კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკაზე”.

მედიაექსპერტებიც მიიჩნევენ, რომ რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებული მოვლენები დააზარალებს მედიაგარემოსა და დემოკრატიულ განვითარებას საქართველოში.

დღეს ჩვენ ფორსირებულად ვიღებთ პროცესს, როდესაც ინგრევა მედიაპლურალისტული გარემო და ჩვენ შეიძლება ძალიან მალე, ასევე დაჩქარებული ტემპით, ქვეყანაში შეგვრჩეს მხოლოდ ერთსახოვანი მედიაგარემო, სადაც ერთი და იგივე ინფორმაციას მოვისმენთ და ერთი და იგივე შინაარსის, კონტექსტის მქონე თოქშოუებს ვნახავთ,“ – ამბობს   მედია-ექსპერტი ზ ქორიძე.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ის ეჭვქვეშ არ აყენებს, თუმცა ამბობს, რომ მისთვის მთელ ამ ამბავში ყველაზე შემაშფოთებელი სწორედ ევროპული ინსტიტუციის სახელით მიღებული გადაწყვეტილებაა.

ქორიძის თქმით, ამ დრომდე დასავლეთი და დასავლური სტურქტურები ქართულ სივრცეში ერთგვარი დამცავი მექანიზმის როლს ასრულებდა, რომელსაც შეეძლო ხელისუფლების ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებზე გავლენა მოეხდინა.

„ახლა ეს დასაყრდენი ხელიდან გამოგვეცალა. ევროპულ სინამდვილეში თვისობრივად რაღაც შეიცვალა. ის გავიდა კონტექსტიდან, ჩაიკეტა ვიწრო სამართლებრივ ჭურჭელში და მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე, რაც, შეიძლება, ფორმალურად სწორი იყოს. იმ მოსამართლეებს, შესაძლოა, არ ჰქონდეთ დისკომფორტი ამ გადაწყვეტილების გამო, მაგრამ დისკომფორტს ისინი უქმნიან ევროსაბჭოს. საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საერთაშორისო თანამეგობრობას უნდა დავანახოთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს გვინდა დამოუკიდებლობა. ჩვენ თუ უარს ვიტყვით დამოუკიდებლობაზე, ისინი ჩვენს ნაცვლად არ იბრძოლებენ,“-  ამბობს ის. 


ასევე წაიკითხეთ