პრეზიდენტ პუტინის მთავარ მოწინააღმდეგეს ბევრი ოცდაათი წლის წინანდელ ბორის ელცინს ადარებს. სამართლიანად? " />

რას უნდა ველოდეთ რუსეთის პრეზიდენტ ნავალნისგან?

პრეზიდენტ პუტინის მთავარ მოწინააღმდეგეს ბევრი ოცდაათი წლის წინანდელ ბორის ელცინს ადარებს. სამართლიანად?

რუსეთის 182 ქალაქში  12 ივნისს 1750 ადამიანი დააკავეს მთელ ქვეყანაში ჩატარებული მასობრივი აქციების დროს. ბევრი მათგანი გაათავისუფლეს, თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება.

ადამიანები ახლანდელი პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოხატავდნენ პროტესტს. ამ და ბევრი სხვა წინა გამოსვლის ორგანიზატორი იყო ალექსეი ნავალნი, რუსეთის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი და რუსეთსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროვნება.

ნავალნიმ ნახევარი წლის წინ განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებდა მონაწილეობას. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინათ კი მას ცოტა ვინმე თუ იცნობდა მოსკოვის ლიბერალურ წრეებში. ის არაერთმნიშვნელოვანი ადამიანია, ლიბერალი ნაციონალისტური შეხედულებებით.

ვინ არის ალექსეი ნავალნი? გვიამბობს მოსკოვში JAMnews-ის მიმომხილველი.

ალექსეი ნავალნი 26 მარტის მიტინგზე დაკავების შემდეგ. ფოტო: ალექსეი აბანინი 

საერთო ინფორმაცია

ალექსეი ნავალნი 1976 წელს მოსკოვის ოლქის სოფელ ბუტინში, სამხედრო მოსამსახურის ოჯახში დაიბადა. ამჟამად ნავალნის მშობლები ბიზნესით არიან დაკავებულები, „კობიაკოვსკის კალათში ქსოვის ფაბრიკის“ მფლობელები არიან. ალექსეი ნავალნის ორი უმაღლესი განათლება აქვს: იურიდიული და ეკონომიკური. ცოლთან და ორ შვილთან ერთად მოსკოვის შორეულ გარეუბან მარინოში, სამოთახიან ბინაში ცხოვრობს.

მისი ძმა ოლეგი გაფლანგვისთვის იხდის სასჯელს, რაზეც ის თავად ალქსეი ნავალნისთან ერთად გაასამართლეს. ალექსეი ნავალნიმ პირობითი სასჯელი მიიღო.  ბევრი ექსპერტი  და უცხოური მედიის  უმეტესობა ამ საქმეს შეთითხნილად მიიჩნევს.

ალექსეი ნავალნი ცოლთან, იულიასთან და შვილთან, ზახართან ერთად. ფოტო: ევგენი ფელდმანი

ნავალნი როგორც ნაციონალისტი

ალექსეი ნავალნი პოლიტიკაში 2000 წელს მოვიდა  და  პარტია „იაბლოკოს“ წევრი გახდა. მაგრამ 20017 წელს ის ამ პარტიის რიგებიდან გარიცხეს შემდეგი ფორმულირებით – „პარტიისთვის პოლიტიკური ზიანის მიყენება“, კერძოდ ნაციონალისტური საქმიანობისთვის“.

2006, და შემდეგ 2008 წლებში ალექსანდრ ნავალნი ნაციონალისტური  „რუსული მსვლელობების“  მონაწილე იყო. იმ დროს ის საკუთარ თავს ხშირად უწოდებდა „ნორმალურ რუს ნაციონალისტს“.

იმ წლების ჩანაწერებში მის ბლოგებში ჩრდილოეთი კავკასიის მოსახლეობის შესახებ შეიძლება ამგვარ გამონათქვამებს წააწყდეთ:

“ჩვენ არ შეგვიძლია ნორმალურად ვიცხოვროთ ისეთ ხალხთან ერთად, თუკი თავად ეს ხალხი  დეკლარირებს, რომ ცხოველებივით სურს ცხოვრება“.

ჩეჩნეთის ხელმძღვანელობის თხოვნასთან დაკავშირებით, რომ სამშობლოს დამცველის დღე 23 თებერვალს არ აღენიშნათ – იმ დღეს, როდესაც 1944 წელს ჩეჩნების და ინგუშების დეპორტაცია დაიწყო, რომლის შედეგადაც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ნავალნიმ დაწერა:

“ გულწრფელად რომ გითხრათ, დაგვღალეს უკვე ამ (ჩეჩენი) საზოგადოების წარმომადგენლებმა. ხან ნავთობიდან შემოსულ მთელ შემოსავალს ითხოვენ, ხან ტრანსფერების გაზრდას, ხან რაღაც ფილმები არ მოსწონთ. აი, თათრებს გაცილებით მეტი უფლება აქვთ, ყველანაირი პრეტენზია ჰქონდეთ. მაგრამ წესიერად იქცევიან“.

პარტია „იაბლოკოდან“ გარიცხვამდე ნახევარი წლით ადრე, 2007 წლის ივნისში ალექსეი ნავალნი „ რუსული ნაციონალური განმათავისუფლებელი მოძრაობა“  „ნაროდის“ თანათავმჯდომარე გახდა. სამი თანათავმჯდომარიდან მეორე თანათავმჯდომარე იყო რუსი მწერალი ზახარ პრილეპინი, რომელიც  ამჟამად უკრაინის ტერიტორიაზე წამოქმნილი  თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის მრჩეველია (უკრაინა, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, ამ ტერიტორიას უკრაინის კუთვნილად მიიჩნევს, და იქ რეგულარულად მიმდინარეობს საომარი მოქმედებები).  

მოძრაობა ნაროდმა გამოაქვეყნა მანიფესტი, რომელიც სხვა დანარჩენთან ერთად ასეთ პუნქტსაც შეცავდა: „რუსეთმა იმ ქვეყნების სუვერენიტეტი და თვითგამორკვევის უფლება უნდა აღიაროს, რომლებიც ჩვენი ისტორიული მოკავშირეები არიან, კერძოდ – დნესტრისპირეთის, აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის“. 2017 წლის 9 ივნისს ტელეარხ „დოჟდთან“ ინტერვიუში ნავალნიმ განაცხადა, რომ აფხაზეთი მრავალ წელს იყო საქართველოსგან დამოუკიდებელი და დღესაც დამოუკიდებლად რჩება.

ნავალნი მიტინგზე „კეთილსინდისიერი არჩევნებისთვის“. ფოტო: ანტონ ტუშინი/ Ridus.ru

ნავალნი რუსეთში კორუფციის წინააღმდეგ მთავარი მებრძოლია. 2008 წელს ალექსეი ნავალნის სასამართლო პროცესები ჰქონდა მსხვილ რუსულ სახელმწიფო კომპანიებთან „ტრანსფერტთან“ და „როსნეფტთან“ .

ნავალნიმ საგანგებოდ შეიძინა ამ და კიდევ რამდენიმე კომპანიის აქციები, რათა მისთვის მათი ანგარიშები ხელმისაწვდომი  ყოფილიყო და  თვალყურის დევნება შეძლებოდა, თუ როგორ იხარჯებოდა სახსრები.

პოლიტიკოსმა თავისი გამოძიების შედეგების გამოქვეყნება „ჟივოი ჟურნალის“ საკუთარ ბლოგში დაიწყო. 2011 წელს ნავალნი საპარლამენტო არჩევნების გაყალბების წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ოლეგ და ალექსეი ნავალნები გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ. ფოტო:  არტიომ კოროტაევი /ТАСС / Scanpix / LETA

ნავალნი როგორც პოლიტიკოსი

2011-2013 წლებში მოსკოვის საპროტესტო აქციების შემდეგ, რომლებიც ნავალნის აქტიური ორგანიზებით იყო გამართული, მისი პოპულარობა მკვეთრად გაიზარდა.  

რუსული „ლევადა-ცენტრის“ მონაცემებით, 2011 წლის გაზაფხულზე ამ პოლიტიკოსის შესახებ რუსების  6%-მა იცოდა, უკვე ერთი წლის შემდეგ კი – 25%-მა. მაშინვე, 2011-ში შეიქმნა კორუფციასთან ბრძოლის ფონდი, რომელიც მოგვიანებით ნავალნის ყველაზე მასშტაბურ პროექტად იქცა. 2013 წელს ალექსეი ნავალნი მოსკოვის მერობის კანდიდატი გახდა.

მან დიდი წინასაარჩევნო კამპანია წამოიწყო: ყოველდღიურად მართავდა შეხვედრებს სხვადასხვა რაიონის მცხოვრებლებთან,  მოხალისეებს იწვევდა, ბარათებს არიგებდა  და სააგიტაციო პლაკატებს აკრავდა.

საბოლოოდ, მან არჩევნებზე ხმათა 27% მოიპოვა და დამარცხდა მხოლოდ სერგეი სობიანინთან, მოსკოვის მოქმედ მერთან, რომლსაც ბევრად დიდი  ფინანსური და სააგიტაციო შესაძლებლობები ჰქონდა. 2016 წლის 13 დეკემბერს, მომავალ არჩევნებამდე თითქმის ნახევარი წლით ადრე, ალექსეი ნავალნიმ განაცხადა, რომ  რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე  კენჭისყრას აპირებდა.  

ვიდეომიმართვის შემდეგ, რომელშიც მან ამის შესახებ განაცხადა, დაიწყო დიდი კამპანია  300 ათასი ხელმოწერის მოსაგროვებლად, რომლებიც არჩევნებში მონაწილე უპარტიო კანდიდატისთვის აუცილებელია. უკვე აპრილში იმ ადამიანების რიცხვმა, ვინც ნავალნის კანდიდატად წარდგენისთვის მზად იყო, 300 ათასს მიაღწია. კორუფციასთან ბრძოლის ფონდმა ამ დროის განმავლობაში ზედიზედ დაიწყო კორუმპირებული ჩინოსნების საქმეების გამოძიება.
ორი ყველაზე ხმაურიანი გამოძიება  – ეს არის ფილმი „ჩაიკა“ და „რა თქვენი დიმონია“ – გვიამბობს იმ კორუფციული სქემების შესახებ, რომლებსაც სათავეში რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა და რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი უდგანან.

ამის შემდეგ ნავალნი  ფილმზე „რა თქვენი დიმონია“ ხელისუფლების რექციას არ დაელოდა, და მოქალაქეებს პრემიერ მედვედევის გადაყენების მოთხოვნით, საპროტეტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.

2017 წლის 26 მარტს ტვერსკაიაზე, ორგანიზატორების მონაცემებით, 25-30 ათასი ადამიანი გამოვიდა, ძირითადად, ახალგაზრდები – სტუდენტები და უფროსკლასელები, რომლებიც მანამდე მსგავს აქციებზე არ ჩნდებოდნენ.

იმ დღეს პოლიციამ დაახლოებით ათასი ადამიანი დააკავა. ეს მსვლელობა თანამედროვე რუსეთის ისტორიაში ყველაზე მასობრივ შეუთანხმებელ საპროტესტო აქციად იქცა. მოსკოვის გარდა, მაშინ მსვლელობები და მიტინგები რუსეთის 81 ქალაქში გაიმართა.     

 

ზახარ პრილეპინი და ალექსეი ნავალნი მოძრაობა „ნაროდის“ პრესკონფერენციაზე. ფოტო: გრიგორი სობჩენკო/ კომერსანტი

ალექსეი ნავალნის წინასაარჩევნო პროგრამა ჯერ არ გამოქვეყნებულა. ის გამოქვეყნდება, როდესაც და თუკი ნავალნის რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატად დაარეგისტრირებენ. ჯერჯერობით მის ვებგვერდზე პროგრამის ძირითადი თეზისების გაცნობა შეიძლება.

ერთ-ერთი თეზისი ასეთია: რუსეთს შუა აზიისა და ამიერკავკასიის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის სჭირდება. შრომითი მიგრანტები სამუშაო ვიზებით უნდა ჩამოდიოდნენ და არა – უკონტროლოდ, როგორც ახლა“.

ნავალნი ასევე ირწმუნება, რომ „რუსეთისთვის ხელსაყრელია წარმატებულ ევროპულ ქვეყნებთან ეკონომიკური დაახლოება“.


ასევე წაიკითხეთ