ინგუშები და ჩეჩნები - ახლო მონათესავე ხალხებია, რომლებიც ტერიტორიულ კონფლიქტში აღმოჩნდნენ ჩართულები" />

ინგუშეთი-ჩეჩნეთის დავა საზღვრის გამო. მიზეზები და შედეგები

ინგუშები და ჩეჩნები - ახლო მონათესავე ხალხებია, რომლებიც ტერიტორიულ კონფლიქტში აღმოჩნდნენ ჩართულები

ინგუშეთში უკვე ერთი კვირაა გრძელდება მასობრივი პროტესტი, რომელიც მეზობელ ჩეჩნეთთან საზღვრის შეცვლას უკავშირდება. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო  „კავკაზსკი უზელის“  რეპორტაჟების საფუძველზე გიამბობთ, თუ რა და რატომ ხდება.

რა ხდება

2018 წლის ოქტომბრის დასაწყისში ჩრდილოეთ კავკასიის ერთმანეთის მეზობლად მდებარე რუსეთის ორი რეგიონის – ინგუშეთისა და ჩეჩნეთის ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს საზღვრის გავლების შესახებ შეთანხმებას. ამ დოკუმენტის თანახმად, მხარეები ტერიტორიებს ცვლიან: ინგუშეთი და ჩეჩნეთი ერთმანეთს დაახლოებით 17 000 ჰექტარის ზომის მიწებს გადასცემენ.

როდესაც ამ გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა, ინგუშეთში პროტესტი დაიწყო. ინიციატორები იყვნენ ახალგაზრდები, შემდეგ მათ უფროსებიც შეუერთდნენ. პროტესტანტები საზღვრის შესახებ შეთანხმების გაუქმებას, ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას და ინგუშეთის მეთაურის, ინუს-ბეკ ევკუროვის გადადგომას მოითხოვენ.

10 ოქტომბერს ინგუშეთის პარლამენტს კენჭი უნდა ეყარა ტერიტორიების გაცვლის შესახებ გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ ქვორუმი ვერ შედგა.  

ინგუშეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ საკითხი რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყდეს.

მომიტინგეები ინგუშეთის დედაქალაქ მაგასის მოედანზე რჩებიან.

პრეზიდენტ პუტინის პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ მოსკოვი ამ დავაში არ ერევა, საკითხი ფედერაციის სუბიექტებს შორის უნდა გადაწყდეს.

პროტესტის პირველი დღიდანვე აქციებში ბევრი ქალი მონაწილეობს. ისინი აქციის მონაწილეებს საჭმლის მომზადებასა და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში ეხმარებიან. ფოტო: „კავკაზსკი უზელი“

პრობლემის არსი

ჩეჩნეთსა და ინგუშეთს შორის ადმინისტრაციული საზღვრის პრობლემა 1991 წელს დაიწყო, როდესაც საბჭოთა კავშირთან ერთად ჩეჩნეთ-ინგუშეთის ავტონომიური რესპუბლიკაც დაიშალა.

მაშინ საზღვარი პრაქტიკულად ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ხელმძღვანელებს შორის ზეპირი მოლაპარაკების საფუძველზე განსაზღვრეს, ამ წლების განმავლობაში არანარი ფორმალური გადაწყვეტილება არ მიუღიათ.

იმ ტერიტორიაზე, რომელიც ახლა ჩეჩნეთს გადაეცემა, ისტორიულად ინგუშებიც ცხოვრობდნენ და ჩეჩნებიც. ისინი ახლო მონათესავე ვაინახი ხალხია.

ვებგვერდზე ასევე ნახავთ შეტაკება ყაბარდოებსა და ბალყარებს შორის ჩრდილოეთ კავკასიაში. რა და რატომ მოხდა?

ტერიტორიის საკითხი ინგუშეთისთვის, მეზობელ ჩრდილოეთ ოსეთთან სხვა ტერიტორიული დავის გამო, განსაკუთრებულად მტკივნეულია.

ინგუშეთის ტერიტორიის ნაწილი – ქალაქის გარეუბანი – 1944 წელს ვაიხანის ხალხის სტალინისეული დეპორტაციის დროს ინგუშეთისგან ჩრდილოეთ ოსეთს გადაეცა

ტერიტორიების გაცვლის შესახებ შეთანხმებამ ინგუშეთის საზოგადოებაში ამგვარი აღშფოთება იმიტომ გამოიწვია, რომ პრინციპული გადაწყვწტილება საერთო სახალხო განხილვის გარეშე მიიღეს.

პლაკატები სიტყვებით „არ ვარ თანახმა“, „დავიცვათ რესპუბლიკა“. ფოტო: „კავკაზსკი უზელი“ 

პროტესტის თავისებურებები

რუსი და უცხოელი ჟურნალისტები, რომლებიც მაგასში მუშაობენ, რამდენიმე გარემოებას აღნიშნავენ:

  • ინგუშეთის პროტესტი მშვიდობიან ხასიათს ატარებს. მთელი ამ დროის განმავლობაში საქმე ერთხელ მივიდა ჰაერში სროლამდე, მას შემდეგ პოლიციასთან შეტაკებები არ მომხდარა;
  • პროტესტს სათავეში ახალგაზრდა – 40 წლამდე ადამიანები უდგანან. უფროსებს – საპატიო, მაგრამ არა გადამწყვეტი როლი აქვთ მინიჭებული;
  • პროტესტმა ინგუში საზოგადოება გააერთიანა. ადგილობრივი პოლიციელებიც კი ღიად აცხადებენ, რომ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ არ წავლენ და მომიტინგეებთან ერთად ლოცულობენ.

საპროტესტო აქციაში აქტიურად მონაწილეობენ ხანში შესული ადამიანები. ადგილობრივი კაფეების მფლობელები მეპროტესტეებს უფასოდ უმასპინძლდებიან. ფოტო: „კავკაზსკი უზელი“

რა იქნება ამის შემდეგ?

ცხადია, რომ ინგუშეთში პროტესტის ძალისმიერი გზებით ჩახშობას ყველაზე დამანგრეველი შედეგები მოჰყვება. ამას ვერც ადგილობრივი ხელისუფლება ბედავს, და ვერც მოსკოვი.

თავისთავად პროტესტი დასრულებული არ არის – ის ფრიად ფუნდამენტური და მტკივნეული მიზეზებით არის გამოწვეული.

რამზან კადიროვმა, ჩეჩნეთის მეთაურმა, რომელიც საზღვრის შესახებ შეთანხმების ინიციატორი იყო, მოლოდინის პოზიცია დაიკავა.

ყველაზე გონივრული გზა – რეფერენდუმის ჩატარებაა. მაგრამ ამას მოსკოვში შეეწინააღმდეგებიან. 20 წელიწადზე მეტია, რუსეთში რეფერენდუმი არ ჩატარებულა, და რუსეთის ხელისუფლებას შეეშინდება, რომ ხალხის ნების პირდაპირი გამოხატვის პრეცედენტი შექმნას.

ინგუშეთში მიმდინარე მოვლენებს განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდებიან სხვა ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებში – ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაევო-ჩერქეზეთსა და ჩრდილოეთ ოსეთში, სადაც მრავალი საკუთარი კონფლიქტური წერტილი არსებობს.

მიტინგზე ინგუშეთის ქალაქ მეგასში. ფოტო: „კავკაზსკი უზელი“


ასევე წაიკითხეთ