ფაშინიანი საათზე მეტ ხანს პირდაპირ ეთერში დეტალურად განმარტავდა " />

ფაშინიანი: „ოქროს საბადოს დამუშავება გარემოს ზიანს არ მიაყენებს“

ფაშინიანი საათზე მეტ ხანს პირდაპირ ეთერში დეტალურად განმარტავდა

სომხეთის პრემიერმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საერთაშორისო ექსპერტიზის შედეგები დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა: ოქროს საბადოს დამუშავება ეკოლოგიას ზიანს არ მიაყენებს. კერძოდ, საუბარია საბადოს მახლობლად მდებარე კურორტ ჯერმუკის მინერალურ წყალზე, სევანის  ტბისა და უახლოესი მდინარეების წყლებზე.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ საბადოს დამუშავების უფლებას იმ შემთხვევაში მისცემენ, თუკი უახლოეს ხანებში არ აღმოჩნდება იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ამულსარში ოქროს მოპოვება მავნებელია.

პრემიერის თქმით, ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია სომხეთისთვის უპრეცედენტო ეკოლოგიური სტანდარტების მიხედვით მოხდება. და მას მიაჩნია, რომ მის დამუშავებას ეწინააღმდეგებიან სხვა საბადოების მფლობელები, რომლებსაც ამიერიდან ამულსართან დაწევა და ამაში მილიონობით დოლარის დახარჯვა მოუწევთ. ფაშინიანმა ივარაუდა, რომ ახლა საზოგადოებაში ხმაურისა და დაპირისპირების ატეხვა სწორედ მათ გადაწყვიტეს.

პრემიერი ასევე ირწმუნებოდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით მთავრობაზე არანაირი ზეწოლა არ ყოფილა – მათ შორის, არც – უცხოელი პარტნიორებისგან.

19.00

19 აგვისტოს დილიდან სომხეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან სომხეთის დასავლეთით მდებარე ამულსარის ოქროს საბადოს დამუშავების საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობდა. ეს ამავდროულად იყო საბადოს მიმდებარე დასახლებების მაცხოვრებელთა მხარდამჭერი აქციაც, რომლებიც იქ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად ჩავიდნენ.

ნიკოლ ფაშინიანი ამულსარის საბადოს დამუშავების საკითხს მთელი დღის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მთავრობის წარმომადგენლებთან და მმართველ საპარლამენტო ბლოკთან „ჩემი ნაბიჯი“ ერთად განიხილავდა.

რაღაც მომენტში მეპრტესტეებმა სცადეს ბაგრამიანის გამზირის გადაკეტვა, სადაც პრემიერი შეხვედრებს მართავდა. მაგრამ პოლიციამ საგზაო მოძრაობა ძალის გამოყენებით აღადგინა.

ნიკოლ ფაშინიანი ხალხს დაჰპირდა, რომ ყველა ამ შეხვედრის შედეგად მიღებულ საკუთარ გადაწყვეტილებას საღამოს პირადად გამოცხადებდა.

აქტივისტებთან შეხვედრის შედეგები

ვიდრე საბადოს ექსპლუატაციის მოწინააღმდეგეები ოქროს მოპოვების გეგმებზე უარის თქმას მოითხოვდნენ, პრეზიდენტის რეზიდენციაში სომხეთის პრემიერ-მინისტრის დაინტერსებულ პირებთან შეხვედრა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობას  მთავრობის წევრები, ეკოლოგები, ამულსარის მიმდებარე დასახლებების მაცხოვრებლები და რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იღებდნენ. მედიის წარმომადგენლებისთვის შეხვედრა დახურული იყო.

პრეზიდენტის რეზიდენციიდან შეხვედრის დასრულებამდე ყველაზე პირველად საბადოს დამუშავების მოწინააღმდეგე მოძრაობის ორი აქტივისტი გამოვიდა. ეკოლოგმა ანა შაჰნაზარიანმა განაცხადა, რომ იქ აზრების მოსმენისა და საერთო ნიშნულამდე მისვლის მიზანი არც იდგა, რადგან შეხვედრის დასაწყისიდანვე 30 წუთზე მეტ ხანს მხოლოდ ფაშინიანი გამოდიოდა.

  „ფაშინიანის მიერ თქმული რაციონალური არ იყო“, – თქვა ანა შაჰნაზარიანმა.

მისი აზრით, ფაშინიანმა „ექსპერტიზის შედეგები თავდაყირა დააყენა“.

საუბარია იმ კვლევის შედეგებზე, რომელიც ლიბანურმა კომპანია „ელარდმა“(Elard) ჩაატარა. მას დაკვეთილი ჰქონდა კომპლექსური ექსპერტიზა იმის თაობაზე, არის თუ არა საბადოს დამუშავება გარემოსთვის რისკის მატარებელი.

15 აგვისტოს ექსპერტების დასკვნა გამოქვეყნდა. მისი მოკლე შინაარსი შემდეგნაირი იყო: ამულსარის საბადოზე ოქროს მოპოვება „უმართავ რისკებს“ არ შეიცავს“.

თუმცა, ზოგიერთი ეკოლოგი და აქტივისტი ამ კვლევის დასკვნას არ დაეთანხმა. ამიტომაც, ქვეყნის პრემიერისა და იმ რეგიონის მაცხოვრებელთა შეხვედრის ორგანიზება მოხდა, სადაც საბადო მდებარეობს.

ანი ხაჩატრიანმა – მეორე აქტივისტმა, რომელმაც პრეზიდენტის რეზიდენცია შეხვედრის დასრულებამდე დატოვა, დასძინა, რომ საბადოს ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება:

 „ამულსარის ექსპლუატაცია არ მოხდება! ამულსარი მთად დარჩება [საბადოს სახელწოდების მეორე ფუძე – „სარ“ – „მთას“ ნიშნავს – JAMnews]“.

იგივე სლოგანი ეწერა იმ პლაკატებზე, რომლებიც მოძრაობის აქტივისტებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიიტანეს. პერიოდულად, ვიდრე პრემიერთან შეხვედრა მიმდინარეობდა, ისინი იმავე სიტყვებს სკანდირებდნენ.

რა იქნება ამის შემდეგ

ამ შეხვედრის შემდეგ ფაშინიანი პარლამენტისკენ გაემართა, რათა საკითხი მმართველ პარტიასთან „ჩემი ნაბიჯი“ ერთად განეხილა.

მეპროტესტეები ასევე გაემართნენ პარლამენტისკენ და იმ გამზირის გადაკეტვა სცადეს, სადაც ეროვნული საკრებულოც მდებარეობს, და პრეზიდენტის რეზიდენციაც. მაგრამ პოლიციამ საგზაო მოძრაობა ძალის გამოყენებით აღადგინა. ექვის აქტივისტი დააკავეს.

ამულსარის საბადო სომხეთში რიგით მეორე მსხვილი ოქროს საბადოა. საბადო დაახლოებით 31 ტონა მადანსა და 40 ტონა სუფთა ოქროს შეიცავს.

„Lydian Armenia“ -მ ოქროს საბადო ჯერ კიდევ 2005 წელს აღმოაჩინა.

2012 წლამდე კომპანია ინვესტორებს ეძებდა და საბადოს დამუშავების პროგრამას ადგენდა. იმავე 2012 წელს Lydian Armenia-მ და სომხეთის მთავრობამ საბადოს დამუშავების შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, და კომპანიამ საბადოს დამუშავების ნებართვა მიიღო.

საბადოს დამუშავების საწინააღმდეგო პროტესტები ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო. ამ პროტესტებში მიმდებარე დასახლებული პუნქტების მოსახლეობა და ეკოლოგები მონაწილეობდნენ. მათ მიაჩნიათ, რომ ოქროს მოპოვებამ, შესაძლოა, ქალაქ ჯერმუკის, სევანის ტბისა და ზოგიერთი მდინარის ეკოლოგიაზე ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს. მაშინ შეიქმნა ინიციატივაც „ჯერმუკი საბადოდ არ იქცევა“ მისი მომხრეები აცხადებდნენ:

„ჯერმუკისა და ჯერმუკის ახალგაზრდობის მომავალს არ გაგფუჭებინებთ“.

2012 წელს საბადოს დამუშავების წინააღმდეგ უკვე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. აქტივისტებმა საბადომდე მიმავალი გზები არაერთხელ გადაკეტეს და მძიმე ტექნიკის მუშაობას ხელს უშლიდნენ. 2018 წელს კი მათ ოქროს მოპოვების შეჩერებას მიაღწიეს.

იმავე წელს სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა, გარემოსთვის ზიანის მიყენების ეჭვის გამო, საქმე აღძრა. ყველა კითხვაზე პასუხი საერთაშორისო ექსპერტიზას უნდა გაეცა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მანამდე განაცხადა, რომ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, ამულსარის საბადოს ექსპლუატაცია მოხდებოდა:

 „თუკი დასაბუთდება, რომ ექსპლუატაცია სევანისა და ჯერმუკის წყლის სიტემისთვის უსაფრთხოა, მაშინ პროექტი განხორციელდება. თუმცა, თუკი საფრთხე იქნება, მე როგორც პრემიერ-მინისტრი, ყველაფრის მიუხედავად, ამ ექსპლუატაციას ვერ დავუშვებ“.

საბოლოოდ, ექსპერტიზა იმ დასკვნამდე მივიდა, რომ საბადოს ექსპლუატაცია „უმართავ რისკებს“  არ შეიცავს. ანუ, მთავრობას ოქროს მოპოვებაზე „მწვანე შუქი“ აუნთეს.

ჩატრდება თუ არა ხელმეორე ექსპერტიზა

სომხეთის მთავრობაში ახალი ექსპერტიზის ჩატარების საფუძველს ვერ ხედავენ. ეს პრემიერ-მინისტრის პრეს-მდივანმა ვლადიმირ კარაპეტიანმა განაცხადა.

ის ასევე შეეხო ქვეყნის ლიდერთან აქტივისტების შეხვდრას. კარაპეტიანმა შემდგარ მსჯელობას „გამჭვირვალე“ უწოდა.

თუმცა, კარაპეტიანმა ვერ დააზუსტა, თუ როდის გახდება ცნობილი ამულსართან დაკავშირებით მთავრობის საბოლოო პოზიცია.

ეკოლოგები ექსპერტიზის შედეგებს არ ეთანხმებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ მთავრობა ეკოლოგიურ პრობლემებზე თვალებს ხუჭავს, რათა საბადოს დამუშევებაზე უფლების მქონე კომპანიასთან სასამართლო გარჩევები თავიდან აირიდოს.

კომპანია „Lydian“ განმეორებითი განცხადებით გამოვიდა

„Lydian Armenia“, კომპანია  Lydian International-ის გენერალური პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ედვარდ სელერსის სიტყვებზე დაყრდნობით, სოციალურ ქსელ Facebook-ის საკუთარ გვერდზე  გამნეორებითი განცხადებით გამოვიდა იმის თაობაზე, რომ კომპანია Lydian Armenia ყველა საერთაშორისო ნორმასა და სტანდარტს იცავს:

 „კომპანია Lydian Armenia-ს ქმედებები ყველა საერთაშორისო სტანდარტს შეესაბამება, ხშირად კი აჭარბებს კიდეც. ამას კომპლექსური ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს“.

კომპანიის ხელმძღვანელის ედვარდ სელერსის თქმით, Lydian-ის მხრიდან იმ სპეციალისტებს, რომლებიც ექსპერტიზას ატარებდნენ, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდათ:

 „სპეციალისტებმა, მიღებული მონაცემების საფუძველზე, საკუთარი პროფესიონალური შეფასება გააკეთეს, და მათი მოსაზრება სხვა საერთაშორისო ექსპერტების აზრებს შეესაბამება“.

რატომ არის ამულსარის საბადო ასეთი მნიშვნელოვანი

ამულსარის საბადოს ექსპლუატაციის უფლება მიიღო კომპანია Lydian-მა, რომლის საინვესტიციო პაკეტი სომხეთის ისტორიაში ერთ-ერთი უმსხვილესი აღმოჩნდა. სტრუქტურა 325 მილიონი დოლარის ოდენობის ციფრს აანონსებდა. ივარაუდებოდა, რომ საწყის ეტაპზე, ანუ სამშენებლო სამუშაოებში, 1300 ადამიანი ჩაერთვებოდა, ექსპლუატაციის სტადიაზე კი – 770 თანამშრომელი.

საბადოს დამუშავებამ, კომპანიის გათვლებით, სომხეთის მშპ-ს წლიური განაკვეთის 1,4 პროცენტი, ანუ 185 მილიონი დოლარი უნდა უზრუნველყოს. კომპანია Lydian, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 50 მილიონი დოლარით, სომხეთის  უმსხვილეს გადამხდელთა ხუთეულში შესვლას ვარაუდობს. ექსპორტის მაჩვენებლებმა კი, წინასწარი გათვლებით, შესაძლოა, წელიწადში 286 მილიონ დოლარს მიაღწიოს.

რას წერენ სოციალურ ქსელებში

Facebook-ის სომხურ სეგმენტში მომხმარებლები ამულსარის საბადოს ირგვლივ მომხდარს აქტიურად განიხილავენ. ამ საკითხთან დაკავშირებით მომხმარებლები ორ ბანაკად დაიყვნენ.

ზოგიერთი წერს, რომ საბადო გარემოსა და ადამიანებს დაღუპავს, ნიკოლ ფაშინიანმა კი მათი იმედები არ გაამართლა, რადგან ის საბადოს დამუშავების წინააღმდეგ არ გამოდის. აი, ზოგიერთი კომენტართაგანი:

 „ბრიყვებო! ისინი ოქროს ნიკოლთან ერთად მოიპოვებენ და ყიდიან! თქვენ არავინ არაფრად გაგდებთ!“

„მე სერჟის მიმდევრის გადაგომას მოვითხოვ“! [სერჟ სარგსიანი – სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი – JAMnews]

 „ნიკოლ, წადი! ამულსარი მთად დარჩება!“

 „არაფერიც არ შეცვლილა…“

 „საბადოს დამუშავების მომხრე ის შეიძლება იყოს, ვინც, პირველ რიგში, საფრთხის მთელ მასშტაბს ვერ ხვდება; და ისინიც, ვინც მზადაა, რომ თუნდაც საკუთარი  და მომავალი თაობის ჯანმრთელობის ხარჯზე, ორი კაპიკის გულისთვის საკუთარი სიმდიდრე, სამშობლო გაყიდოს“;

სხვები, პირიქით, მიიჩნევენ, რომ მოძრაობის აქტივისტები ვითარებას განგებ ძაბავენ, რადგანაც ექსპერტები, საბადოს დამუშავების შემთხვევაში, დიდ რისკებს ვერ ხედავენ. მომხმარებელთა ეს ნაწილი მთავრობის მეთაურისადმი სრულ ნდობას გამოხატავს:

 „ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან პრემიერ-მინისტრი – ხალხის მხარესაა!“

 „გამპროტესტებლებო, ნახვარი წლის წინათ თქვენ არ ამბობდით, რომ ამულსარი – თქვნი გადარჩენაა, რადგან ამ საბადოს წყალობით, სამსახურით ხართ უზრუნველყოფილი“.

 „ჩვენი ქვეყნის ლიდერი ხალხზე და ქვეყანაზე ფიქრობს. თუ საჭირო იქნება – ამულსარის დამუშავება მოხდება, თუ არადა – არა“.


ასევე წაიკითხეთ