საუბარია "ციურიხის პროტოკოლებზე", რომლებიც ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს ეხება და 8 წელია რატიფიცირებას ელოდება" />

სომხეთი თურქეთს აფრთხილებს – შეთანხმებები შეიძლება გადაიხედოს

საუბარია "ციურიხის პროტოკოლებზე", რომლებიც ორი ქვეყნის დიპლომატიურ ურთიერთობებს ეხება და 8 წელია რატიფიცირებას ელოდება

2018 წლის გაზაფხულზე  “სომხურ-თურქული ოქმები”  გაუქმდება. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა გაეროს 72-ე გენერალურ ასამბლეაზე  განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ციურიხის ოქმები სომხეთის მიერ ამოქმედებული პროცესის შედეგად შედგა, თუმცა მათი რატიფიცირება აქამდე არ მომხდარა, რადგან თურქეთის ხელისუფლებამ წინაპირობები წარმოაყენა.

სომხურ-თურქული ოქმები “ციურიხის ოქმების” სახელითაა ცნობილი – „სომხეთის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებისა“ და „სომხეთის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარების“ შესახებ ოქმებს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდ ნალბანდიანმა და მისმა თურქმა კოლეგამ ახმედ დავუტოღლუმ ციურიხში 2009 წლის 10 ოქტომბერს  მოაწერეს ხელი.

1991 წელს თურქეთმა დე-ფაქტო ცნო სომხეთის დამოუკიდებლობა, მაგრამ დღემდე უარზეა მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყაროს. 1993 წლიდან თურქეთმა ცალმხრივად ჩაკეტა სომხეთთან საჰაერო და სახმელეთო საზღვარი, თუმცა საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით, 1995 წლიდან საჰაერო საზღვარი გაიხსნა. ციურიხის ოქმები ასევე სომხეთ-თურქეთის საზღვრის გახსნასაც გულისხმობს.

ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტები რატიფიცირებისთვის სომხეთისა და თურქეთის პარლამენტებს გადაეგზავნათ.

2009 წლის დეკემბერში თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯიპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ოქმების რატიფიცირებას არ მოახდენს, ვიდრე ყარაბაღის კონფლიქტი არ დარეგულირდება. თურქეთის პარლამენტში დოკუმენტის რატიფიცირების პროცესი შეჩერდა.

საპასუხოდ, სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ  დოკუმენტების რატიფიცირება წინაპირობების გარეშე უნდა მომხდარიყო და 2010 წლის 22 აპრილს  ოქმების რატიფიცირების პროცესის შეჩერების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ხუთი წლის შემდეგ, 16 თებერვალს სომხეთის პრეზიდენტმა სომხურ-თურქული ოქმები ეროვნული საკრებულოდან უკან გაიწვია.

ამასთან დაკავშირებით სერჟ სარგსიანმა სომხეთის პარლამენტის სპიკერს  მიმართა წერილით, რომელშიც ნათქვამი იყო: „სომხურ-თურქული ურთიერთობების დარეგულირების პროცესის წინაპირობების გარეშე ამოქმედებით ჩვენ სრულად ვხედავდით მოვლენების შემდგომი განვითარების ყველა შესაძლო გზას. რატიფიკაციის გზით ურთიერთობების სრული დარეგულირებისთვისაც ისევე  ვიყავით მზად, როგორც მარცხისთვის, რადგან ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს, მსოფლიო საზოგადოებისთვის კი ნათელი იქნება, თუ ვისი მიზეზით არ იხსნება აქამდე  უკანასკნელი ჩაკეტილი საზღვარი ევროპაში და ხელიდან არის გაშვებული მისი გახსნის შესაძლებლობა“.

ახლა გაეროს 72-ე გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას სერჟ სარგსიანმა განაცხადა: „ახლა დამატებითი განმარტების გაკეთების დრო დადგა. თურქეთის ხელისუფლება ცდება, თუ ფიქრობს, რომ შეუძლია სამუდამო მძევლობაში იქონიოს ეს დოკუმენტები და მათი რატიფიცირება თავისთვის ხელსაყრელ დროს მოახდინოს. ოქმების თაობაზე მოლაპარაკებები დღევანდელ პირობებში მიმდინარეობდა, დღეს არსებული პრობლემების გადასაწყვეტად.

ხანგრძლივი დროის განმავლობაში და რეალობაში მათი განხორციელების თვალსაზრისით რაიმე პოზიტიური წინსვლის არარსებობის პირობებში, სომხეთი ორივე ოქმს გააუქმებს.  გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ 2018 წლის გაზაფხულს, სამწუხაროდ,  ამ შეუმდგარი ოქმების გარეშე შევხვდებით“.

სომხეთის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად ამისა, სომხეთი მაინც მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ორი მეზობელი სახელმწიფო ვალდებულია, ქვეყნებს შორის არსებული ყველა უთანხმოების განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით, რეგულარული ურთიერთობა ჰქონდეს.


ასევე წაიკითხეთ