ლგბტქ პრაიდი, ანტისაოკუპაციო აქცია, ულტრანაციონალისტების გამოსვლები და მიტინგი რუსთავი 2-ის წინ " />

ოთხი საპროტესტო აქცია ერთ დღეს. თბილისი პროტესტმა მოიცვა – ფოტორეპორტაჟი

ლგბტქ პრაიდი, ანტისაოკუპაციო აქცია, ულტრანაციონალისტების გამოსვლები და მიტინგი რუსთავი 2-ის წინ

თბილისში გუშინ ოთხი საპროტესტო აქცია და გამოსვლა გაიმართა. ორი თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე ერთმანეთის პარალელურად მიმდინარეობდა. ამ ორ მიტინგს ერთმანეთისგან პოლიციელების კორდონი და ავტობუსები ჰყოფდა.

მათგან ერთი აქცია ანტისაოკუპაციო იყო. ამ აქციის მონაწილეები უკვე ოცი დღეა ქუჩაში დგანან. თავდაპირველად ისინი რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის შენობაში გამოჩენამ გამოიყვანა, მოგვიანებით კი, როდესაც 21 ივნისს პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, მომიტინგეები ერთადერთი მოთხოვნით გამოდიან – გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია. აქციის ორგანიზატორები  უპარტიო ახალგაზრდები არიან. აქციაში ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც მონაწილეობენ, თუმცა მოქმედების დღის წესრიგს ახალგაზრდები თავად განსაზღვრავენ.

  ანტისაოკუპაციო აქციის კონტრაქცია რუსთაველის გამზირზე გუშინ გამოჩნდა.

კონტრაქცია მას შემდეგ შეიკრიბა, რაც ლგბტქ აქტივისტებმა ლგბტ პრაიდის – “ღირსების მარშის” 8 ივნისს შს სამინისტროს შენობასთან გამართვა დააანონსეს. კონტრაქციის მონაწილეთა მიზანი ლგბტქ აქციის ჩაშლა იყო. მათი მთავარი მოთხოვნაა გაუქმდეს ხუთი წლის წინ მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც ნებისმიერი ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციას და დევნას კრძალავს. [კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს ევროსტრუქტურების მოთხოვნის შედეგად მიიღო , გულისხმობს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის სასჯელს გენდერის, ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური ან სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციის შემთხვევაში – JAMnews].

ამ აქციის მონაწილეები დილიდან შეიკრიბნენ შს სამინისტროს შენობასთან, ხოლო მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობა, რომ პრაიდი აღარ ჩატარდებოდა, ისინი პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ.

კონტრაქციის ლიდერია ბიზნესმენი ლევან ვასაძე. იგი გუშინდელ აქციაზე ხის ჯვრით მივიდა. ვასაძემ თავისი კაპიტალი რუსეთში დააგროვა და ანტიდასავლური, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევა. ვასაძის ერთ-ერთი ინიციატივა იყო ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ სახალხო რაზმების ჩამოყალიბება, ამ რაზმის წევრების კომბლებით აღჭურვა და ასევე ლგბტქ ადამიანების ქამრებით გაკოჭვა.

ამ აქციის მონაწილეები არიან ასევე ულტრანაციონალისტური ორგანიზაციის – “ქართული მარშის” წევრები. “ქართული მარშის” ერთ-ერთი ინიციატივა ქვეყნის მიგრანტებისა და სხვა ეროვნების (ირანელების, არაბების, თურქების) ადამიანებისგან  გაწმენდაა. გასულ წელს ისინი ამ მოთხოვნით აქციებსაც კი აწყობდნენ. ისინი აპირებდნენ “სახალხო პატრულის” ჩამოყალიბებას, რომელსაც უცხოელი მიგრანტების გაკონტროლება და “უცხოტომელების თავგასულობის აღმოფხვრა” დაევალებოდა.

გუშინდელ კონტრაქციაში სასულიერო პირებიც მონაწილებდნენ. აქციაზე მათ ილოცეს და საგალობლები შეასრულეს. ლოცვაში ისინი ღმერთს სთხოვდნენ, რომ დაეცვა საქართველო “სოდომის და გომორის ცოდვისგან”.

ლევან ვასაძე. ფოტო: on.ge

კონტრაქცია. ფოტო: დავით ფიფია/ JAMnews

კონტრაქცია. ფოტო: დავით ფიფია/ JAMnews

ულტრანაციონალისტების აქციაზე გუშინ ლგბტქ აქტივისტებმა დრონი გაუშვეს, რომელზეც ლგბტქ დროშა იყო დამაგრებული.

ორივე აქციის წარმომადგენლებმა ღამე ქუჩაში გაათენეს. დილით კონტრაქცია დაიშალა, პარლამენტთან ადგილი კვლავ ანტისაოკუპაციო მიტინგის მონაწილეებმა დაიკავეს.

მესამე აქცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შენობასთან ჩატარდა. ამ აქციის მონაწილეები ითხოვდნენ კერძო არხის მენეჯმენტის შეცვლას, ასევე ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას სამსახურიდან გათავისუფლებას და მის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას ითხოვდნენ.

გიორგი გაბუნიამ კვირა საღამოს თავის საავტორო გადაცემა “პოსტსკრიოპტუმში” რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს აგინა.

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტის უცენზურო ლექსიკის გამო ბოდიში მოიხადა, თვითრეგულირების ორგანომ კი, გაბუნიას ორი თვით შეუჩერა არხზე გადაცემების წაყვანის უფლება.

რუსთავი 2-თან მიმდინარე აქცია დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა, ამის შემდეგ ამ აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე ვასაძის კონტრაქციას შეუერთდნენ.

აქცია რუსთავი 2-ის შენობასთან. ფოტო: სალომე ჩიკვილაძე, on.ge

აქცია რუსთავი 2-ის შენობასთან. ფოტო: სალომე ჩიკვილაძე, on.ge

მეოთხე აქცია ყველაზე ხანმოკლე და მცირერიცხოვანი იყო. მას შემდეგ, რაც შს სამინისტროს მიმდებარე ტერიტორია ულტრანაციონალისტებმა დატოვეს, თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს სიმბოლური “ღირსების მარში” მაინც ჩაეტარებინათ.

საქართველოში პირველი ლგბტქ პრაიდი შს სამინისტროს შენობასთან ჩატარდა, დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და მასში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა.

უსაფრთხოების მიზნით აქციის ორგანიზატორებმა “ღირსების მარშის” შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელეს, ამიტომ მარშზე ბევრი მსურველი ვერ მოხვდა. ჟურნალისტებმაც კი ვერ მოახერხეს მისი სათანადოდ გაშუქება.

“ღირსების მარში შედგა იმიტომ, რომ ჩვენ არ დავთმობთ საჯარო სივრცეებს.  ეს სივრცეები არის ჩვენი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ გამოვედით იმ რაოდენობით, რა რაოდენობითაც დაგეგმილი იყო, ეს იყო მაინც მნიშვნელოვანი. ჩვენ გავიზრდებით ყოველწლიურად და ჩვენ არ დავთმობთ სივრცეებს,” – უთხრა რადიო თავისუფლებას თბილისი პრაიდის ორგანიზატორმა გიორგი თაბაგარმა. 

“ღირსების მარში” შს სამინისტროსთან. ფოტო: სალომე ჩადუნელი, on.ge

“ღირსების მარში” შს სამინისტროსთან. ფოტო: სალომე ჩადუნელი, on.ge

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ