ვის უფლებებს იცავენ საქართველოში
მასალის გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა მიიღეს გადაწყვეტილება რისკების მიუხედავად დაგეგმილი ღონისძიებების, მათ შორის “ღირსების მარშის” ჩატარების შესახებ.
„თბილისი პრაიდის“ ჩატარების საკითხი დაძაბულობის და მუქარის ფონზე წყდებოდა. სახელმწიფო ლგბტ თემსა და მათ მხარდამჭერებს აფრთხილებს, რომ მათ უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს, რადიკალური დაჯგუფებები კი პრაიდის მხარდამჭერებს და ორგანიზატორებს ფიზიკურად გასწორებით ემუქრებიან.
• დამოკიდებულება ლგბტ საზოგადოების მიმართ: საქართველო 24-ე ადგილზეა
• ჰომოსექსუალი წყვილის სიყვარულის ისტორია სომხეთში – ბედნიერი, მაგრამ ბევრისთვის გაუგებარი
თბილისი პრაიდის გამართვის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა უფლებადამცველების და ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ როგორი გავლენა აქვს მოქმედ ხელისუფლებაზე საქართველოს საპატრიარქოს და პოპულისტურ ჯგუფებს და რომ საქართველოში ადამიანებს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობის საშუალება არ ეძლევათ.
JAMnews გთავაზობთ “თბილისი პრაიდის“ გარშემო ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენების მიმოხილვას.
დაძაბულობა პრაიდის გარშემო და „ნამდვილი კაცების“ მუქარა
“თბილისი პრაიდის” 18-23 ივნისს გამართვა საორგანიზაციო ჯგუფმა ჯერ კიდევ თებერვალში დააანონსა. პრაიდის წევრების მიზანი, მშვიდობიანი ღონისძიებების გამართვა იყო, რათა საზოგადოებისთვის გაეცნოთ ის პრობლემები, რასაც ყოველდღიურად აწყდებიან.
“ჩვენ ვართ ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და ქვიარ ადამიანები. ჩვენზე ძალადობენ ოჯახში, სკოლაში, ქუჩასა და სამსახურში. გვივარდებიან სახლებშიც, გვაგდებენ ოჯახებიდან. ჩვენ გვკლავენ!” – წერდნენ ისინი და აღნიშნავდნენ, რომ “აღარ აპირებენ დამალვას, რადგან ასე ცხოვრება გაუსაძლისია”.
კვირეულის პროგრამა რამდენიმე ღონისძიებას მოიცავდა, რომელთა უმეტესობა დახურულ სივრცეში უნდა ჩატარებულიყო და ერთადერთი აქცია იყო ქუჩაში მსვლელობა.
ღონისძიებების დააანონსებას საპატრიარქოს განცხადება მოჰყვა, რომელმაც სახელმწიფოსგან პრაიდის ჩატარების აკრძალვა მოითხოვა. სწორედ ამის შემდეგ შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი ვერ უზრუნველყოფდნენ პრაიდის უსაფრთხოებას.
ვითარება კიდევ უფრო 14 ივნისს დაიძაბა, როდესაც სახელმწიფო კანცელარიასთან შეკრებილ პრაიდის ორგანიზატორებს და მათ მხარდამჭერებს მართლმადიდებელ აქტივისტთა კონტრაქცია დაუპირისპირდა.
• ორი აქცია კანცელარიასთან: ერთმანეთს ლგბტ-პრაიდის მომხრეები და მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ
• “არასოდეს ვიცი, სახლში ცოცხალი დავბრუნდები თუ არა”
მშვიდობიანი ღონისძიებების ჩატარება და შეკრების და გამოხატვის უფლება საქართველოში კონსტიტუციით არის გარანტირებული, ამიტომ შსს-ს ეს განცხადება სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკოსთა ნაწილის მიერ მაშინვე შეფასდა, როგორც ეკლესიის სახელმწიფოს საქმეში ჩარევა და სახელმწიფოს მიერ საკუთარი ფუნქციის არ თუ ვერ შესრულება.
ლევან ვასაძე და „კაცების შეკრება“
კრემლის იდეოლოგ ალექსანდერ დუგინთან დაახლოებულმა ქართველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ, რომელიც საქართველოში რუსული ინტერესების გამტარებლად ითვლება და აქამდეც ჰომოფობიური და შოვინისტური განცხადებებით გამოირჩეოდა, „მხოლოდ კაცებს“ შეხვედრისკენ და პრობლემის გადაჭრისკენ მოუწოდა.
16 ივნისს გამართულ „კაცების შეკრებაზე“ ვასაძემ სპეციალური ფორმირებების შექმნა დააანონსა და განაცხადა, რომ ეს დაჯგუფებები ქვეყანაში ერთი კვირის განმავლობაში პატრულირებას განახორციელებდნენ და დაატყვევებდნენ იმ ადამიანებს, ვინც მათ არ მოსწონთ.
შსს-მ მის ამ განცხადებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე, უკანონო ფორმირებების შექმნის შესახებ მუხლით დაიწყო. თუმცა, ვასაძე დაკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორგანიზატორებს უსაფრთხოების მოტივით პრაიდის არჩატარება ურჩია, ლევან ვასაძემ ეს საკუთარ გამარჯვებად შეაფასა და პატრულირების გაუქმების შესახებ განაცხადა. თუმცა 18 ივნისს მან ახალი მუქარით სავსე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ პრაიდის ჩატარების შემთხვევაში “ნამდვილი კაცების შეკრებაზე” შემუშავებული გეგმა კვლავ ამოქმედდება.
ჩატარდება თუ არა „თბილისი პრაიდი“?
შსს-ს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ სამომავლო ნაბიჯებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კონსულტაციების შედეგად მიიღებენ.
“ჩვენ ფიზიკურად არ გვქონდა დრო, რომ რეფლექსია მოგვეხდინა იმ ყველაფერზე, რაც მოვისმინეთ შს სამინისტროსთან შეხვედრაზე” – განაცხადა “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა.
პრაიდის ორგანიზატორები ამბობენ, რომ კომენტარს კონსულტაციების შემდგომ გააკეთებდნენ.
შეფასებები და კონსტიტუციური უფლებების დაუცველობა
„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნინო ბოლქვაძეს თქმით, ვასაძის და ხელისუფლების ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.
„დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს ისეთი პროცესები, როლებიც წარმოუდგენელია დემოკრატიულ სამართლებრივ სახელმწიფოში მიმდინარეობდეს. დანაშაული ეპატიება ადამიანს მხოლოდ იმის გამო, რომ ეს პოლიტიკურად არის მოსაწონი და კომფორტული მმართველი გუნდისთვის“.
„[ვასაძის და ხელისუფლების] ინტერესები, როგორც ჩანს, დაემთხვა. ხელისუფლების ინტერესია, რომ არ ჩატარდეს “თბილისი პრაიდის” კვირეული და ვასაძის ინტერესია, რომ ქულები დაიწეროს ამ ღონისძიების ჩაშლით“.
ოპოზიცია კი აქცენტს ხელისუფლების მიერ მოვალეობის არშესრულებაზე აკეთებს და ლევან ვასაძის ქმედებებთან დაკავშირებით ხელისუფლებისგან მკაცრ რეაგირებას ითხოვს.
„ჯერ რაღაც ჯგუფის იდენტიფიცირება და იმის თქმა, რომ ეს ჯგუფი მათ არ მოსწონთ და ეს ჯგუფი არის ცოდვილი; შემდეგ ჯგუფების შექმნა და თქმა, რომ ამ ცოდვილებს სადმე თუ ნახავენ, მათ გაუსწორდებიან და მათზე იძალადებენ; შემდეგ დაანონსება იმისა, როგორ გაუწევენ წინააღმდეგობას პოლიციას – ეს არის პირდაპირ დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსის და ამაზე საჭიროა უმკაცრესი რეაგირება. მარტო გამოძიების დაწყება კი არა – უმკაცრესი რეაგირება”, – განაცხადა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.
ნაციონალური მოძრაობის წევრის რომან გოცირიძეს თქმით, რადიკალური ჰომოფობიური დაჯგუფებები ხელისუფლების შემადგენელი ნაწილია.
“ეს ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ჩადიოდნენ დანაშაულს, არიან მთავრობის მოკავშირეები. ფაქტობრივად, მთავრობას ისინი ყოველთვის სჭირდებოდა, როდესაც ოპოზიციის წინააღმდეგ ხდებოდა მათი გამოყენება ან ისეთი მიზნების ასრულება უნდოდათ, რომლის გახმოვანება მათი მხრიდან არ იყო დასაშვები. ეს ხალხი არის ხელისუფლების შემადგენელი ნაწილი, მისი ბნელი მხარე“.
ხელისუფლება თავის მხრივ აცხადებს, რომ მოსახლეობას უსაფრთხოებას იცავს და აჟიოტაჟი ხელოვნურად არის ატეხილი.
„საქართველოში ყველა მოქალაქის უფლება არის დაცული, ეს გარანტირებულია კონსტიტუციით, შესაბამისი კანონმდებლობით, მათ შორის გამოხატვის თავისუფლების, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გვაქვს ვალდებულება ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე. მე განსაკუთრებული მადლობა მინდა პოლიციელებს გადავუხადო, ვინაიდან მათ შეძლეს ამ მნიშვნელოვანი ბალანსის დაცვა“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ.
„თუმცა, აქვე მინდა გითხრათ როგორც რიგითმა მოქალაქემ, ჩემი შთაბეჭდილება: მე ვფიქრობ, ეს საკითხი [პრაიდი] არის ხელოვნურად მოხვეული ქართულ საზოგადოებაზე და ემსახურება იმას, რომ საქართველოში იყოს აგრესიული პოლიტიკური დღის წესრიგი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი, საქართველოში დღეს არის პრობლემური“.
სახალხო დამცველი: ლგბტ თემს დღეს შეკრების თავისუფლების უფლება არ აქვთ
საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, ლგბტ თემს დღეს შეკრების თავისუფლების უფლება არ აქვთ და “ეს არის ფაქტი“.
“შსს [პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრაზე] აღნიშნავდა, რომ ამ შემთხვევაში უკვე საფრთხის ქვეშ დგას არამხოლოდ პრაიდის წევრების უსაფრთხოება, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოება, ამიტომ, მათი მხრიდან გაჟღერდა შეთავაზება, რომ პრაიდი არ ჩატარდეს, ვინაიდან ეს უკანასკნელი უსაფრთხოების სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული“.
ლომჯარია ამბობს, რომ აქტივისტებმა შსს-სგან საქმის ვასაძის განცხადებებზე გამოძიების სერიოზულად წარმართვის დაპირება მიიღეს.