JAMnews-ი მოკლედ მოგიყვებათ ახალ რეგულაციებზე, რომლებიც მარიხუანის მოხმარებას შეეხო" />

საქართველოში მარიხუანის მოწევა შეიძლება? რა წერია ახალ კანონში?

JAMnews-ი მოკლედ მოგიყვებათ ახალ რეგულაციებზე, რომლებიც მარიხუანის მოხმარებას შეეხო

ქალი ეწევა სიგარეტს მარიხუანის ლეგალიზაციის მოთხოვნით გამართულ აქციაზე. თბილისი, 2 ივნისი, 2013 წელი. REUTERS/დავით მძინარიშვილი

საქართველოში კანაფის  მოხმარება ლეგალურია. ანუ, მარიხუანის მოწევის გამო, კანონის თანახმად, ადამიანს აღარ დაიჭერენ და არ დააჯარიმებენ.

თუმცა, ამ მოცემულობას ბევრი გამონაკლისი აქვს. იგი ეხება არა ყველას და  არა ყოველთვის.

ამიტომ, ვიდრე მარიხუანის მოწევას გადაწყვეტთ, კარგი იქნება თუ ახალ კანონმდებლობას გაეცნობით, რომელიც მნიშვნელოვნად ზღუდავს მწეველთა თავისუფლებას.

JAMnews-ი მოკლედ მოგიყვებათ, რა წერია კანონში, რომელიც პარლამენტმა 30 ნოემბერს მიიღო. ცოტა გიფებიც დავიხმარეთ. 

__________________

პარლამენტის მიერ მიღებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებები, საქართველოში მარიხუანის მოხმარებას მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს.

•  ნარკოპოლიტიკა საქართველოში – ცვლილებების დრო დადგა?


• თანამედროვე ნარკოპოლიტიკა: რას გვასწავლის პორტუგალიის მაგალითი?

შს სამინისტროს მიერ ინიცირებულ კანონპროექტში, მკაცრადაა რეგულირებულია თუ ვინ, სად და როდის შეიძლება მოიხმაროს მარიხუანა ისე, რომ კანონი არ დაარღვიოს.

ამავე დროს, ახალი კანონი ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ტოვებს. მაგალითად, გაუგებარია როგორ უნდა მოწიოს ადამიანმა მარიხუანა, თუკი მისი შეძენა-შენახვა-კულტივირება ნებისმიერ შემთხვევაში დასჯადია.

ახალი კანონით საქართველოში მარიხუანის მოწევა ლეგალურია?

კი, ლეგალურია. ახალი კანონი ეხმიანება საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, საქართველოში მარიხუანის მოწევა არის ლეგალური.

ოღონდ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მოწევაზე (!) და არა მარიხუანასთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებზე.

ანუ ახალი კანონით, პოლიციელმა რომ ნახოს მარიხუანას ვეწევი, ვერაფერსაც ვერ მიზამს?

თუ უკვე შეგისრულდა 21 წელი, ხარ საკუთარ სახლში ან მეგობართან, გვერდით არ გიზის არასრულწლოვანი ბავშვი, ხოლო ჯიბეში არ გიდევს ე.წ. “ფაქტი”, მაშინ ნამდვილად ვერაფერს გიზამს.

ყველა სხვა შემთხვევაში კი, მარიხუანის მოწევას ახალი კანონი მკაცრად არეგულირებს.

სად შეიძლება მარიხუანის მოწევა?

სახლში. ახალი კანონით, ფაქტობრივად, სახლი ერთადერთი ადგილია, სადაც მარიხუანის მოწევა დასაშვებია. რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი, რომ ეს თქვენი სახლი იყოს – მეგობართანაც შეიძლება. მოკლედ, კერძო საცხოვრებელ სახლში ან კერძო საცხოვრებელ ტერიტორიაზე შეგიძლიათ მოწიოთ მარიხუანა.

სად არ შეიძლება მარიხუანის მოწევა

მარიხუანის მოხმარება იკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ქუჩაში, კაფეებში, რესტორნებში, პარკებში, სკვერებში, სტადიონზე, ტრანსპორტში, კინოში, თეატრში, სკოლების და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმდებარე ტერიტორიაზე.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა და ჯარიმდება 800-დან 1200 ათას ლარამდე (300-450 $).

მოწევა აკრძალულია, ასევე, სამუშაო ადგილას.

ვის ეკრძალება მარიხუანის მოწევა?

მარიხუანის მოხმარება ეკრძალება პირს, რომელსაც ჯერ არ შეუსრულდა 21 წელი. თუ 20 წლის და 11 თვის და 29 დღის ხართ, თქვენთვის მარიხუანის მოხმარება არ შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში 500-დან 1500 ლარამდე (190-560 $) დაჯარიმდებით.

არასრულწლოვანის წაქეზება და დაყოლიება ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარებისკენ ან/და ასევე ორი ან ორზე მეტი ადამიანის წაქეზება სისხლის სამართლის დანაშაულია და  ექვსიდან ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ასევე იკრძალება არამ მარტო მარიხუანის მოხმარება, არამედ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა არასრულწლოვანი ადამიანის თანდასწრებით. ამ ნორმის დარღვევა ათასიდან 1 500 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

მარიხუანის მოხმარება აკრძალული აქვს ადამიანს, რომელიც ასრულებს სამსახურეობრივ მოვალეობას.

ეს აკრძალვა ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში დასაქმებულებს. არა აქვს მნიშვნელობა რას საქმიანობთ და რა პროფესიის ხართ – მუსიკოსი ხართ, რომელიც როკ-ბალადას წერს თუ ქირურგი, რომელიც სადაცაა გულის ტრანსპლანტაციის ოპერაციაზე უნდა შევიდეს –  ნებისმიერ შემთხვევაში დაჯარიმდებით ადმინისტრაციული ჯარიმით ათასიდან  1500 ლარამდე (375- 560$).

თუმცა, თუ ხართ ექიმი, მაშინ მხოლოდ ჯარიმით ვერ “გამოძვრებით”. არის პროფესიები (რომლებიც განსაკუთრებულ საფრთხესთან და ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობასთანაა დაკავშირებული) რომელთა წარმომადგენლები სამუშაო ადგილას მარიხუანის მოწევის გამო არა მარტო დაჯარიმდებიან, არამედ  პროფესიული საქმიანობის უფლებას დაკარგავენ;

მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა აკრძალულია ადამიანისთვის, რომელიც საჭეს მართავს. განსხვავებით ალკოჰოლური სიმთვრალისგან, საჭის მართვა მარიხუანით თრობის მდგომარეობაში არა ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამართლის წესით დასჯადი დანაშაულია და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.

იმ შემთხვევაში კი, თუ მარიხუანით თრობის დროს მძღოლმა მართვის წესები დაარღვია ან ვინმეს ზიანი მიაყენა, სასჯელი, ცხადია, უფრო მკაცრდება ზიანის მასშტაბიდან გამომდინარე.

მარიხუანის პოპულარიზაცია

გაიზარდა სანქცია ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამირებისთვის. თუ მანამდე ამ საქმიანობისთვის ფიზიკურ პირებს 500 ლარით (187 $), ხოლო იურიდიულ პირებს 5 ათასი ლარით (1 800 $) აჯარიმებდნენ, ახლა ჯარიმა რიგითი მოქალაქეებისთვის 5-დან 10 ათას ლარამდე (1 800- 3 700 $) გაიზარდა, ხოლო იურიდიული პირებისთვის 10-დან 20 ათასამდე ლარი გახდა (7 400 $).

შეძენა, შენახვაზე რა ხდება?

ამ მიმართულებით არაფერი იცვლება – ნებისმიერი ოდენობის მარიხუანის შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ისევ დანაშაულია.

ოდენობას რაც შეეხება: 5-დან 70 გრამამდეა მცირე ოდენობა და 70-ის ზემოთ დიდი ოდენობა.

თუ თქვენ პირადი მოხმარების მიზნით, შეიძენთ ან შეინახავთ 70 გრამამდე გამომშრალ ან/და 100 გრამამდე ნედლ მარიხუანას, ციხე არ გემუქრებათ. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავე არ ხართ.  კანონის თანახმად, ამ დოზით მარიხუანის შეძენა-შენახვა კვლავ სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ოღონდ, როგორ დაისჯებით, გაუგებარია, რადგან ამ დანაშაულისთვის კანონი პატიმრობას კი აუქმებს, მაგრამ ალტერნატიულ სასჯელს არ განსაზღვრავს.

დიდი ოდენობის ფლობა (ანუ 70 გრამზე მეტი) პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაულია და პატიმრობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება  ძალიან მცირე რაოდენობით მარიხუანის შეძენა-შენახვა-გადაზიდვას (ანუ 5 გრამამდე გამომშრალი და 10 გრამამდე ნედლი) – აქ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მთლიანად მოხსნილია და დარჩენილია ადმინისტრაციული სასჯელი -500-ლარიანი ჯარიმა.

ანუ ჯიბეში რომ ერთი მოწევა მარიხუანა მიპოვონ, არ დავისჯები? 

სისხლის სამართლის დამნაშავე არ იქნებით, პატიმრობა არ გემუქრებათ, მაგრამ ფულადი ჯარიმის – 500 ლარის გადახდა მოგიწევთ.

თუმცა, თუ მოასწარით და “ჯოინთს” მოუკიდეთ, მაშინ ამ მუხლით ვეღარ დაჯარიმდებით. ოღონდ, სანამ მოუკიდებთ, გაიხედ-გამოიხედეთ – სადმე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას ხომ არ ხართ ან არასრულწლოვანი ხომ არ გახლავთ თან.

და სახლში ქოთანში რომ დავრგო  არ შეიძლება? ან რამდენიმე ძირი ჩემს საკუთარ ეზოში ან ნაკვეთზე გავახარო?

მცირე რაოდენობის, 151 გრამამდე კანაფის მოყვანა და კულტივირება პატიმრობით აღარ ისჯება, თუმცა კანონმდებლობაში ალტერნატიული სანქცია არ არის მითითებული.

ანუ სასამართლო კი გცნობთ დამნაშავედ, მაგრამ როგორ დაგსჯით, გაუგებარია.

თანაც, თუ დათესავთ, სულ უნდა წონოთ, რომ ნედლმა მარიხუანამ (მხოლოდ ფოთლებმა და არა მთლიანმა მცენარემ) დასაშვებ ოდენობას არ გადააჭარბოს.

პარალელურად  ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ დაკრეფილი ნედლი მარიხუანა 100 გრამზე მეტი არ უნდა აღმოგაჩნდეთ, გაშრობის მერე კი 70 გრამს არ უნდა აღემატებოდეს.

თუ ვერც  შევიძინე, ვერც მაჩუქეს და ვერც ჩემით მოვიყვანე, მაშინ როგორღა მოვწიო?

სწორედ ამაშია კანონმდებლობის მთავარი ბუნდოვანება – კანონი მარიხუნის მოხმარების უფლებას იძლევა,  მაგრამ იგივე კანონი მის მოპოვებას ნებისმიერი ხერხით კრძალავს.

გამოდის, რომ მარიხუანის მოხმარების კონსტიტუციური და კანონიერი უფლებით სარგებლობისთვის ადამიანი იძულებული ხდება უკანონო ქმედება ჩაიდინოს.

რაში გვჭირდებოდა ახალი კანონი?

მარიხუანას მოხმარება საქართველოში ლეგალური 2018 წლის 30 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელის საფუძველზე გააუქმა მუხლი, რომლის თანახმადაც საქართველოში მარიხუანის მოხმარება აკრძალული იყო და მისი მოხმარება “ექიმის დანიშნულების გარეშე” ისჯებოდა ადმინისტრაციული სასჯელით.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ “მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”.

სასამართლო ამ გადაწყვეტილების შედეგად მარიხუანის მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა.

საჭირო გახდა მთელი კანონმდებლობის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანა. სწორედ ამის მცდელობაა შსს-ს მიერ ინიცირებული ახლადდამტკიცებული კანონი.

კრიტიკა. რა არგუმენტები აქვთ კანონპროექტის ოპონენტებს

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ახალი კანონი მნიშვნელოვნად ზღუდავს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”, რომელიც პირველი დღიდან აკვირდება პროცესს, მიიჩნევს, რომ  ახალი კანონის ზოგიერთი ნორმა ბუნდოვანი და არაკონსტიტუციურია.

საიას იურისტების აზრით, ყველაზე დიდი პრობლემაა ის, რომ მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თუნდაც მცირე რაოდენობის კანაფის კანონიერად შეძენა-შენახვა-გადაზიდვის არანაირ გზას, მაშინ როცა ამ მცენარის მოხმარება კანონით დასაშვებია.

ასევე, საია აკრიტიკებს კანონის იმ ნაწილსაც, რომელიც არასრულწლოვანებს მარიხუანის მოხმარების გამო ადმინისტრაციულ ჯარიმას აკისრებს.  იურისტები ფიქრობენ, რომ გაუმართლებელია არასრულწლოვნების დასჯა იმ ქმედების გამო,  რომლისთვისაც არ ისჯება სრულწლოვანი.

ასევე იურისტებისთვის გაუგებარია, რატომ აიწია ზღვარმა 18-დან 21 წლამდე მაშინ, როდესაც საქართველოში არასრულწლოვნად 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი ითვლება და არა 21-ს.

ასევე, საიაში ფიქრობენ, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ავტოტრანსპორტის მართვა ისევე უნდა ისჯებოდეს, როგორც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვის დროს და არა უფრო მკაცრად, როგორც ახალ კანონშია.

უკვე წლებია საქართველოში მიდის დისკუსია ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის.

ბოლო წლებში თითქმის ყოველ მეორე თვეს თბილისში იმართება მასშტაბური საპროტესტო აქციები მარიხუანის და ზოგადად ნარკოტიკების მოხმარების ლიბერალიზაციის მოთხოვნით.

აქტივისტები ამბობენ, რომ ხელისუფლება რამდენიმე მიზეზით არ ჩქარობს კანონმდებლობის ლიბერალიზაციას. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლების წევრები ეფექტურად იყენებენ ნარკოპოლიტიკას ძალაუფლების შესანარჩუნებლად და პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად. 

ევროპის საბჭოს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში საშუალოდ ყოველი მე-3 პატიმარი სასჯელს ნარკოდანაშაულის გამო იხდის.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ