საქართველოში ყოველი მესამე პატიმარი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის" />

ნარკოპოლიტიკა საქართველოში – ცვლილებების დრო დადგა?


საქართველოში ყოველი მესამე პატიმარი სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდის

ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი აქცია, რომელიც თბილისში გაიმართა, 10 ივნისს რუსთაველის გამზირზე ხელისუფლების ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ მიმართული მრავალათასიანი პროტესტი იყო.

„მეტი რაღა უნდა მოხდეს?“ – ასე ერქვა აქციას, რომლის გამართვის მიზეზი ორი ახალგაზრდის დაკავება გახდა.

რეპ-დუეტის „ბირჟა მაფიის“ წევრები 2 გრამი კლუბური ნარკოტიკის – MDMA ფლობისთვის დააკავეს. თუმცა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ ნარკოტიკი მათ საერთოდ არ ჰქონიათ და სინამდვილეში პოლიციისთვის მიუღებელი ვიდეო-კლიპის გამო გააკავეს.

საქართველოში ხშირად საყვედურობენ ხელისუფლებას, რომ ის ქვეყანაში არსებულ მკაცრ ნარკოპოლიტიკის, როგორც სადამსჯელო იარაღს, ისე იყენებს ოპონენტების ან უბრალოდ ხელისუფლებისთვის ამა თუ იმ მიზეზით “უხერხული ადამიანების” დასასჯელად და ციხეში გამოსაკეტად.

ბირჟა მაფიის წევრები გაათავისუფლეს, თუმცა სოლიდური გირაოების სანაცვლოდ.

ეს ერთადერთი გახმაურებული საქმე არ არის, რაც ნარკოტიკებს უკავშირდება და რომელზეც კითხვის ნიშნები არა მხოლოდ რიგით მოქალაქეებს, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და გარეშე დამკვირველბლებს უჩნდებათ.

თბილისის ქუჩებში, კედლებზე ხშირად ნახავთ ასეთ წარწერას: “დედა დარჩი მარტო მაგრამ რა ვქნა”.

ეს ფრაზა 22 წლის დემურ სტურუამ დედამისს მისწერა, ვიდრე 2016 წლის 8 აგვისტოს თავის მშობლიურ სოფელ დაფნარში (სამტრედიის რაიონი, დასავლეთ საქართველო) სოცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა.

წერილში, რომელიც სტურუამ დედას დაუტოვა, ის ჰყვება რომ ადგილობრივი პოლიციელი გოდერძი თევზაძე მასზე ფიზიკურად ძალადობდა და “საქმეების შეტენვით” ემუქრებოდა, თუ სტურუა პოლიციასთან არ ითანამშრომლებდა. კერძოდ, თევზაძე სტურუასგან ითხოვდა ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, ვისაც სოფელში მარიხუანა ჰქონდა დათესილი. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ თვითმკვლელობამდე დემურ სტურუას ნაცემი იყო. მიუხედავად ამისა, თევზაძე ამ საქმისთვის არ დასჯილა – სასამართლომ იგი უდანაშაულოდ სცნო.

საპროტესტო აქცია “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, თბილისი, 10 ივნისი 2017 წელი, ფოტო: ლევან მიქაძე, JAMnews

დიდი პროტესტი მოჰყვა ორი წლის წინ, 2015 წლის 17 ივნისს ლევან აბზიანიძის გარდაცვალებასაც. 56 წლის აბზიანიძე გარდაცვლილი ქუთაისის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, ის პოლიციის განყოფილებაში იძულებით ნარკოტესტირებაზე იმყოფებოდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ირწმუნებიან, რომ აბზიანიძეს რამდენიმე აბი შარდმდენი დაალევინეს, რამაც წნევის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია. ორგანიზმში შარდმდენი აბების არსებობა სახელმწიფო ექსპერტიზამაც დაადასტურა.

არც აბზიანიძის გარდაცვალების გამო დასჯილა ვინმე. პროკურატურის მიერ ამ საქმეზე 2015 წელს დაწყეული გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია.

„სტურუასა და აბზიანიძის შემთხვევა პირდაპირი ანარეკლია ქვეყანაში მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკის. განსაკუთრებით ნათლად ეს ყველაფერი სტურუას საქმის შემთხვევაში ჩანს, სადაც სახეზე გვაქვს თვითმკვლელობამდე მიყვანილი მსხვერპლი, ხოლო მის მიერ წერილში დასახელებული მოძალადე სამართალდამცავი დღემდე არ დასჯილა“- აცხადებს ჟურნალს „ფორბსის“ მთავარი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი. მისი თქმით, მსგავში ფაქტები ერთეულ შემთხვევებს არ წარმოადგენს და ხშირად ფატალური შედეგით სრულდება.

 

რატომ მიიჩნევენ დღევანდელი ნარკოპილიტიკას რეპრესიულად?

ნარკოტიკებთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ ტაბუირებულია საზოგადოებაში, ან მოქალაქეებს იმხელა პრობლემებს უქმნის, რომ ღიად საუბარს თითქმის ყველა ერიდება, რაც მნიშვნელოვნად ართულებს ნარკომომხარებელთა ზუსტი რაოდენობის განსაზღვრას.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბემონის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ქვეყანაში 49 700 ადამიანი ინექციური ნარკოტიკების მომხარებელია. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, ეს რაოდენობა გაცილებით უფრო დიდია და თანაც ამ მონაცემებში არ შედის არაინექციური ნარკოტიკების მომხარებლები და ასევე ის პირები, ვინც სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებას პერიოდულად ან რეკრეაციული მიზნებისთვის მოიხმარს.

ევროპის საბჭოს 2015 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოში საშუალოდ ყოველი მე-3 პატიმარი სასჯელს ნარკოდანაშაულის გამო იხდის.

ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის სასჯელი 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო შედარებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკების ფლობა 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით ისჯება. მარიხუანას გარდა, სხვა არცერთ ნარკოტიკულ საშუალებაზე არაა განმარტებული დოზირება, რაც ბრალდებულების მიმართ სასჯელს მნიშვნელოვნად ამკაცრებს. მაგალითისთვის, ნახევარი გრამი კოკაინის ან 1 გრამი ექსტაზის აღმოჩენა 20 წლით თავისუფლების აღკვეთის მიზეზი შეიძლება გახდეს.

მიუხედავად მკაცრი კანონმდებლობისა, ფაქტია, რომ ციხე ქვეყანაში პრობლემას ვერ ხსნის. ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“კვლევის თანახმად, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, მომხარებელთა 89% მაშინვე უბრუნდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებას, ხოლო დარჩენილი ნაწილი 11 თვის შემდეგ.

აღმოჩნდა ისიც, რომ სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება პატიმრის ციხეში შენახვა, ვიდრე მისი ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში ჩასმა: სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, ერთი პატიმრის შენახვა დღიურად 31,2 ლარი, ხოლო წლიურად 11 417 ლარი ჯდება. ჯამში, სახელმწიფოს ნარკოდანაშაულისთვის დაპატიმრებული პირების ციხეში შენახვა 40 მილიონ ლარამდე უჯდება.

ჯანდაცვის სამინსიტროს მიერ ნარკომანიის მკურნალობასა და ჩანაცვლების თერაპიაზე კი, მხოლოდ 4,1 მილიონ ლარი იხარჯება.

ეს ციფრები მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ნარკომომხმარებლების დასჯაზე 10- ჯერ უფრო მეტ თანხას ხარჯავს, ვიდრე მათ მკურნალობაზე.

საპროტესტო აქცია “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, თბილისი, 10 ივნისი 2017 წელი, ფოტო: ლევან მიქაძე, JAMnews

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივისტი და ღამის კლუბის „მტვარზე“ მფლობელი ქეთა გაბუნია ბერლინიდან ბრუნდებოდა, როდესაც კრიმინალურმა პოლიციამ ის აეროპორტში დააკავა. მას ნარკოტესტირება ჩაუტარეს და გაჩხრიკეს. როდესაც გაბუნიას პირად ნივთებში ნარკოტიკი არ აღმჩნდა, ის კლინიკაში გადიაყვანეს და ტომოგრაფია გაუკეთეს.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს კანონი აძლევს უფლებას „გონივრული ეჭვის“ საფუძველზე მოქალაქეებს იძულებითი ნარკოტესტირება ჩაუტარონ.

შსს-ს მონაცემების თანახმად, 2015 წელს 37 503 ადამინი გადაიყვანეს ნარკოშემოწმებაზე, საიდანაც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება 13 138 პირს დაუდგინდა. ანუ, სამართალდამცავების ეჭვი მოხლოდ 35%-ის შემთხვევაში გამართლდა, დარჩენილ ნაწილზე კი დრო და ფინანსური რესურსები ტყუილად დაიხარჯა.

დაახლოებით ანალოგიური პროცენტული მაჩვენებელია გასულ წლებშიც: 2012 წელი – 21 749 (7 627) , 2013 წელი – 60 194 (22 711), 2014 წელი – 50 856 (14 015). ბოლო წლების დინამიკის მიხედვით, ტესტირებაზე გადაყვანილი 10 ადამიანიდან, პოლიციის „გონივრული ეჭვი“ შვიდის შემთხვევაში მცდარია.

გარდა იმისა, რომ ეს პროცედურა ადამიანის უფლების შელახავია, ნარკოტესტირებაზე მოქალაქეების იძულებითი გადაყვანა სახელმწიფოს საკმაოდ ძვირი უჯდება და ეფექტიც არ აქვს.

2015 წლის მონაცემებით, ნარკოტესტირებაზე შარდის ანალიზისთვის ბიუჯეტიდან 15 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. უხეში გათვლებით, სახელმწიფო წლის განამვლობაში დაახლოებით 2 ტონა შარდს იბარებს, 1 ლიტრი შარდის შემოწმებაზე კი 6 ათასი ლარი იხარჯება. სრული სურათის დასანახად 2013 წლიდან 2016 წლის პირველი კვარტლის მონაცემები შეგვიძლია მოვიშველიოთ, რომლის მიხედვითაც ნარკოტესიტრება ჯამში 113 ათას ადამიანზე მეტს ჩაუტარდა, რაც საქართველოს მოსახლეობის 3,2%-ს შეადგენს.

ნარკოპოლიტიკა როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორების იარაღი

მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით შექმნილი მოძრაობის „2 ივნისის მოძრაობის“ დამფუძნებელი ლექსო მაჭავარიანი ამბობს, რომ ხელისუფლება რამდენიმე მიზეზით არ ჩქარობს კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. მისი აზრით, ყველაზე მთავარი მიზეზი ის არის, რომ ხელისუფლების წევრები ეფექტურად იყენებენ ნარკოპოლიტიკას ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ოპონენტებთან საბრძოლველად:

„ ამ კანონმდებლობაზე უარს ვერცერთი ხელისუფლება ვერ ამბობს. მცირე რაოდენობაზე მაღალი სასჯელები, “ჩადების“ იოლი პროცედურა – ეს ყველაფერი ეფექტური საშუალებაა ოპონენტებთან საბრძოლველად. ამ ცდუნების გასაქრობად, პირველ რიგში, კანონმდებლობის სწრაფი ცვლილებაა საჭირო,” – ამბობს მაჭავარიანი.

“ის არის ივანიშვილის პირადი პატიმარი“- ასე შეაფასა ჟურნალისტმა ელისო კილაძემ საკუთარი შვილის დაკავება. იგი მიიჩნევს, რომ მის შვილს სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს, მიზეზად კი ხელისუფლებისადმი საკუთარ კრიტიკულ საქმიანობას და შურისძიებას ასახელებს. კილაძის შვილი დავით ხარშილაძე 2017 წლის 14 მარტს დააკავეს, მას 0,1626 გრამი ბუპრენოფრინის შემცველი ნარკოტიკი აღმოუჩინეს, რაც სასჯელის დამტკიცების შემთხვევაში 8-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხარშილაძის საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვთ გარეშე დაკვირვებლებს.

რეპრესიულ ნარკოპოლიტიკაზე ღიად საუბრობს არც მეტი არც ნაკლები თავად საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შვილი, ანა მარგველაშვილი.

ამა ნარგველაშვილი ნარკოკანონმდებლობის ლიბერალიზაციის მოთხოვნით გამართულ ყველა საპროტესტო აქციას ესწრება და ამ თემაზე ღიად საუბრობს ტელეგადაცემებში. ერთ-ერთ გადაცემაში მან თქვა, რომ განსხვავებული მოსაზრებების გამო მოქალაქეები ხშირად ხდებიან ნარკოტიკების ჩადების მსხვერპლნი. ანა მარგველაშვილი ამბობს, რომ სწორად ამ მავნე პრაქტიკას შეეწირა მისი რამდენიმე მეგობარი, რომლებსაც ნარკოტიკები იმის გამო ჩაუდეს, რომ პრეზიდენტის ოჯახის წევრების დისკრედიტაცია მოეხდინათ. (შეგახსენებთ, რომ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მუდმივ ოპონირებაში იმყოფება პრეზიდენტ მარგველაშვილთან, რომელიც თავის დროზე სწორედ “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მარგველაშვილს დიდი იმედგაცრუებაც კი უწოდა_JAMnews)

ნარკოპოლიტიკა როგორც ბიუჯეტის შევსების წყარო

სპეციალისტების აზრით, კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის წინააღმდეგია, ფინანსებია – ნარკოპოლიტიკა ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ სოლიდურ წყაროს წარმოადგენს. 2009 -2012 წლებში, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმებიდან მიღებულმა შემოსავალმა 13 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. 2013-2014 წლებში კი, ამ გზით სახელმწიფომ 11.1 მილიონი ლარი მიიღო. ამ თანხებში არ შედის ნარკოდანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის სანაცვლოდ, საპროცესო შეთანხმებებიდან მიღებული ფინანსები, რაც განსაკუთრეით ხშირად მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში გამოიყენებოდა.

საპროტესტო აქცია “ბირჟა მაფიას” წევრების დაკავებისა და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ, თბილისი, 10 ივნისი 2017 წელი, ფოტო: ლევან მიქაძე, JAMnews

ცვლილებების დრო დადგა?

დუეტ “ბირჟა მაფიის” წევრების გათავისუფლების მოთხოვნით გამართული აქცია ერთადერთი მსგავსი ტიპის პროტესტი არ იყო ბოლო წლების თბილისში.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეები პერმანენტულად მართავენ აქციებს, ქმნიან ორგანიზაციებს, სოციალურ ქსელებში აწყობენ ხმაურიან კამპანიებს და ხელისუფლებისგან კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ.

ამ მხრივ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ჯგუფია “თეთრი ხმაურის მოძრაობა“, რომელიც კანონმდებლობის ლიბერალიზაციას მოითხოვს. სწორედ ამ მოძრაობის ორგანიზებული იყო “ბირჟა მაფიის” წევრთა მხარდამჭერი აქცია რუსთაველზე, რომელმაც ხელისუფლების წევრთა რიტორიკაში აშკარა ცვლილებები შეიტანა.

თუ მანამდე ხელისუფლება ნარკოპოლიტიკის ძირეულ გადახედვას ეწინააღმდეგებოდა (მაგალითისთვის, პარლამენტის ადამინიას უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია ქვეყნის გენოფონდს შეუქმნის საფრთხეს) და ოპოზიციის მოთხოვნებს არ იზიარებდა, აქციის შემდეგ სულ სხვა შინაარსის განცხადებები გაკეთდა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, საჯარო მიმართვა გაავრცელა და პარლამენტს ნარკოპოლიტიკის მკვეთრი ლიბერალიზაციისკენ მოუწოდა. იგივე ინიციატივით გამოვიდა ვიცე-პრემიერი და თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე (საქართველოში ოქტომბრის ბოლოს თვითმართველობის არჩევნებია JAMnews).

“ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამაში გაკეთებული ზოგადი ჩანაწერის და ხელისუფლების რამდნეიმე წამრომადგენლის პირადი მოსაზრების გარდა, აქამდე ასეთი მაღალი ტრიბუნიდან ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ განცხადება არ გაკეთებულა.

მთავრობის წევრთა კვალდაკვალ, მიდგომა შეცვალეს უმრავლესობის დეპუტატებმაც.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, უმრავლესობა ნარკოპოლიტიკის გრძელვადიანი რეფორმირების შესახებ საკონმდებლო პაკეტს, სავარაუდოდ საშემოდგომო სესიისთვის წარადგენს. პარლამენტში უკვე განიხილება იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი, რომელსაც 16 ივნისს დეპუტატებმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს. პროექტის თანახმად, გამომშრალი მარიხუანა – 70 გრამამდე, ხოლო ნედლი მარიხუანა – 140 გრამამდე მცირე რაოდენობათ ჩაითვლება. კანონის მიღების შემთხვევაში, ამ ნაწილზე საპატიმრო სასჯელი ვეღარ გავრცელდება.

თუმცა, რეალურად აისახება თუ არა ეს შერბილებული ტონი კანონმდებლობაზე, თუ ეს უბრალოდ წინასაარჩევნო ხრიკი იყო, ჯერჯერობით უცნობია.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ აქტივსტი ბექა წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ „ბირჟა მაფიის“ სკანდალმა ლიბერალიზაციისკენ მიმავალი პროცესი კიდევ უფრო დააჩქარა, რაზეც მთავრობის მეთაურის საჯაროდ გაცხადებული ინიციატივაც მიუთითებს. სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, იგი თავადაც მონაწილეობს იმ კანონპროექტის შემქნაში, რომელიც მთავრობამ პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე უნდა წარუდგინოს. წიქარიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა ფუნდამენტურად შეიცვლება, რაც პირველ რიგში დასჯის პოლიტიკიდა მკურნალობაზე გადატანილ აქცენტებს გულისხმობს.

საქართველოს პარლამენტში, სამივე ოპოზიციური პარტია – „ევროპული საქართველო”, “ნაციონალური მოძრაობა“ (ყოფილი მმართველი გუნდი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნარკოპოლიტიკა ასევე ძალიან მკაცრი იყო) და „პატრიოტთა ალიანსი“ თანხმდება, რომ საჭიროა ნარკოპილიტიკის სწრაფი ლიბერალიზაცია, რადგან დღეს მოქმედი კანონმდებლობა, ერთი მხრივ, მოქალაქეებისთვის დამამცირებელია და არაადექვატურ სასჯელის ზომებს ითვალისწინებს, მეორე მხრივ კი, ხშირად ხელისუფლება მას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშწორების საშუალებად იყენებს. “ევროპულ საქართველოში“ ამის მაგალითად დეპუტატ თენგიზ გუნავას საქმეს ასახელებენ, რომელიც 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის საქმეზე დააკვეს. მოგვიანებით, სასამრთლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუნავა უდანაშაულოდ ცნო, შსს-დან კი ამ საქმის გამო 5 თანამშრომელი გაათავისუფლეს.

კიდევ უფრო რადიკალურია თავის მოთხოვნებში პოლიტიკური პარტია „გირჩი“. პარტიაში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია ყველა ნარკოტიკის სასწრაფო დეკრიმინალიზაცია და მარიხუანას ლეგალიზაცია. “გირჩში” ფიქრობენ, რომ აღნიშნული ცვლილება ქვეყანას დიდ ეკონომიკურ სარგებელსაც მოუტანს. ”გირჩის” წარმომადგენლები ყურადღებას მსოფლიოში არსებულ პოზიტიურ გამოცდილებაზე ამახვილებენ და მაგალითის სახით პორტუგალიას ასახელებენ, სადაც 2001 წლის შემდეგ, ყველა ნარკოტიკული საშუალების დეკრიმინალიზაცია მოხდა, რის შემდეგაც ქვეყანაში მომხარბელების რაოდენობა ორჯერ შემცირდა, იკლო ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევებმა, შემცირდა შიდსით დაავადებულ ნარკოდამოკიდებულთა რაოდენობა და გაუმჯობესდა დანაშაულის სტატისტიკა.

ქართველი ექსპერტებისა და ნარკოლოგების დიდი ნაწილი ლიბერალიზაციის პოლიტიკას ემხრობა, თუმცა არიან გამონაკლისებიც. მაგალითად, ნარკოლოგი გელა ლეჟავას ამბობს, რომ თუ სახელმწიფო ჩანაცვლებისა და დახმარების პროგრამაზე დიდი რაოდენობის თანხებს არ დახარჯავს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ნარკომოხმარებელთა ზრდას გამოიწვევს. ლეჟავა ფიქრობს, რომ უფრო ეფექტური იქნება, თუ სახელმწიფო ნარკომომხმარებლებს არაკომფორტულ გარემოს შეუქმნის (მკაცრი ადმინსიტრაციული სასჯელები, ჯარიმები, მომხარებლების პირად კონტროლზე აყვანა, მოკლევადიანი დაკავებები).

„ალტერნატივა ჯორჯიას“ დირექტორი დავით ოთიაშვილი კი ამბობს, რომ “ყველა ქვეყანაში, სადაც კანონდმებლობის ლიბერალიზაცია მოხდა და ასეთი შემთხვევბი უამრავია, მოხმარების მასშტაბი არსად არ გაზრდილა”. მისი თქმით, „დეკრიმინალზიაცია არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ნაკროტიკების წახალისებას და მოხმარების გაზრდას, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია”.

დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკის შემსუბუქებას მოსახლეობაც იზიარებს. ამ თემაზე „ალტერნატივა ჯორჯიას“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ გამოკითხულთა 69%-ი მარიხუანას დეკრმინალიზაციას ემხრობა, 38%-ი კი მიიჩნევს, რომ კანაფის მოწევისთვის ადმინისტრაციული ჯარიმაც არ უნდა არსებობდეს. მოსახლეობის უმრავლესობა – 54% მიიჩნევს, რომ პატიმრობა ინექციური ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაშიც მიუღებელი სასჯელია და უნდა გაუქმდეს. საპირისპირო პოზიცია კი მხოლოდ 25.1%-ს გააჩნია. ამავე კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ გამოკითხულთა 70%-ს ნარკოდამოკიდებული ადამიანი კრიმინალი არ გონია და დაპატიმრების ნაცვლად, ადექვატურ ნაბიჯად მათ მკურნალობას მიიჩნევს.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ