თანამედროვე ნარკოპოლიტიკა: რას გვასწავლის პორტუგალიის მაგალითი?
23 იანვარს მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს, იგივე ბახალას თბილისის საქალაქო სასამართლომ 0,3726 გრამი ბუპრენორფინის ფლობისთვის 8-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ გააცოცხლა დისკუსია საქართველოში არსებულ მკაცრ ნარკოპოლიტიკაზე.
საქართველოში ყოველი მე-3 პატიმარი სასჯელს ნარკოდანაშაულის გამო იხდის. თუმცა, ფაქტია, რომ ამ სიმკაცრის მიუხედავად, ხელისუფლება პრობლემას ვერ უმკლავდება. (ნარკოპოლიტიკაზე საქართველოში ვრცლად წაიკითხეთ აქ)
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მომხრეები ხშირად ახსენებენ პორტუგალიას, როგორც ნარკომოხმარებასთან ბრძოლის, ეფექტურ მაგალითს. JAMnews-ი შეეცადა გაერკვია რა მოხდა პორტუგალიაში და რატომ გახდა ის ბევრი ქვეყნისთვის მაგალითი?
რატომ პორტუგალია?
2000-იანი წლების დასაწყისისთვის ევროპის ამ ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ქვეყანას კარგს არაფერს უწინასწარმეტყველებდნენ – პორტუგალია ნარკომანიის ეპიდემიის ზღვარზე იდგა. ამ ქვეყანაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ნარკოდამოკიდებული, აივ ინფიცირებული და შიდსით დაავადებული ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის 1 პროცენტი ჰეროინდამოკიდებული იყო.
ყოველწლიურად 10-მილიონიან პორტუგალიაში აივ ინფექციის 2000-მდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. ინფიცირებულთა დიდი ნაწილი ნარკოტიკების ინტრავენული მომხმარებელი იყო.
მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი ის რადიკალური პოლიტიკური და სოციოლოგიურ ცვლილებები იყო, რომლებიც ქვეყანამ 1974 წლის გადატრიალების შემდეგ განიცადა. “მიხაკების რევოლუციით” ცნობილმა მშვიდობიანმა ამბოხმა დიქტატორ ანტონიუ სალაზარის მემკვიდრეების ავტოკრატიული რეჟიმი კი დაამხო, თუმცა თან ბევრი პრობლემაც მოიტანა.
ჩაკეტილი ქვეყანა გახდა თავისუფალი, დასავლური სამყაროს ნაწილი, სადაც უკვე კარგად იცნობდნენ ნარკოტიკებს და პორტუგალიელებმაც ძალიან მალე გაუსინჯეს მათ გემო. ამას დაერთო ისიც, რომ პორტუგალიაში ბევრი რეპატრიანტი დაბრუნდა, რომლებმაც თან ნარკოტიკების შესახებ “ცოდნაც” ჩამოიტანეს.
ძალიან მალე ლისაბონი ევროპის ცენტრალური კარიბჭე გახდა სამხრეთამერიკული კოკაინისთვის, ახლოაღმოსავლური ჰეროინისა თუ აფრიკული ჰაშიშისთვის.
ორი ათწლეულის განმავლობაში პორტუგალიის ხელისუფლება ტრადიციული მეთოდებით ებრძოდა ნარკომომხმარებლებს – მკაცრი კანონმდებლობით, დაჭერებით, ნულოვანი ტოლერანტობით. თუმცა, ამ ღონისძიებებს თითქმის არავითარი ეფექტი არ ჰქონდა.
ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსია – პოლიტიკოსები და ექსპერტები კამათობდნენ იმაზე, თუ როგორ დაეღწიათ თავი ამ პრობლემისთვის.
შეიქმნა “ნარკოტიკების წინააღმდეგ ეროვნულ სტრატეგიაზე მომუშავე კომისია”, რომელმაც მასშტაბური კვლევა ჩაატარა ქვეყანაში არსებული ნარკო-ვითარების შესახებ.
სწორედ ამ ჯგუფის რეკომენდაციით, პორტუგალიის ხელისუფლება რევოლუციურ გადაწყვეტილებამდე მივიდა – ბრძოლა გამოეცხადებინა არა ნარკომომხმარებლებისთვის, არამედ თავად ნარკომანიისთვის – პრობლემისთვის, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.
2001 წლის ივლისში პორტუგალიამ ნარკომანიასთან დაკავშირებით სრულიად ახალი კანონები და პროგრამები აამოქმედა. ახალი მიდგომით, ნარკომომხმარებლები და მათი პრობლემები დღეს ქვეყნის ჯანდაცვის პრეროგატივაა და არა სამართალდამცავი უწყებების. ახალი კანონმდებლობის ცეტრში აღმოჩნდა თავად ადამიანი, მისი ინტერესები; მის ჯანმრთელობაზე, სიცოცხლეზე და უფლებებზე ზრუნვა.
როგორ მუშაობს კანონმდებლობა პორტუგალიაში?
პორტუგალიაში დეკრიმინალიზებულია ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების შენახვა, თუკი ის პირადი მოხმარებისთვისაა განკუთვილი.
დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას, ანუ თქვენ პორტუგალიაში ჰეროინს აფთიაქში ვერ იყიდით. თუმცა, პოლიციას არ აქვს უფლება სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცეს პირი, რომელსაც ჯიბეში ერთი ადამიანისთვის საკმარის 10 დღის ნორმა ნებისმიერი სახის ნარკოტიკს აღმოუჩენს. პოლიციას ასეთი ადამიანის დაკავების უფლება არ აქვს – ის იწერს მის მონაცემებს და სპეციალურ კომისიას უგზავნის. პორტუგალიაში რამდენიმე ათეული ასეთი კომისია ფუნქციონირებს. სწორედ ეს კომისიები წყვეტენ პორტუგალიაში, რა ბედი ელის ნარკომომხმარებელს და არა – პოლიცია.
მას შემდეგ, რაც პოლიციამ კონკრეტული პირის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, კომისია იწყებს ადმინისტრაციულ პროცესს. კომისია სამი წევრისგან შედგება: სოციალური მუშაკისგან, ფსიქოლოგისგან და იურისტისგან. ისინი სწავლობენ კონკრეტულ საქმეს, აანალიზებენ, რა ტიპის ნარკომომხმარებელთან აქვთ საქმე, რა სახის დახმარება (და არა სასჯელი) სჭირდება მას – სარეაბილიტაციო კურსი, ფსიქოლოგიური დახმარება თუ ა.შ.
თუმცა, საქმის შესწავლის შემდეგ კომისიას შეუძლია ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი გადაწყვეტილება მიიღოს:
— დააჯარიმოს პირი 25-დან 150 ევრომდე;
— აუკრძალონ ისეთი თანამდებობების დაკავება, რომლებიც სხვა ადამიანის სიცოცხლეზე პასუხისმგებლობას გულისხმობს;
— აუკრძალოს ღამის კლუბებში შესვლა;
— აუკრძალოს საზღვარგარეთ გასვლა;
— აუკრძალოს იარაღის ტარება;
— ნარკოტიკების პერსონალური მარაგის კონფისკაცია მოახდინოს;
— მოუხსნას პირს სახელმწიფო დახმარება და შემწეობა, თუ ასეთებით სარგებლობს.
ამგვარი უფლებამოსილებების მქონე კომისიას უწყინარს ნამდვილად ვერ უწოდებ, მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ერთი მომენტი: ამ ღონისძიებებს კომისია მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს იყენებს და მკაფიოდ დასაბუთებულად, რადგან კომისიის მუშაობის მთავარი ამოცანა არ არის ადამიანის დასჯა. პირიქით, კომისია ადამიანს ნარკოდამოკიდებულებისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს.
თუმცა, მხოლოდ ლიბერალური კანონმდებლობა არ არის პორტუგალიური მოდელის საფუძველი. პარალელურად, 2000-იანების დასაწყისში სახელმწიფომ აქ სარეაბილიტაციო ცენტრები გახსნა. დღეს პორტუგალიაში ასობით ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც ნარკოდამოკიდებულები დეტოქსის და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს გადიან. ისინი სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.
ქვეყანაში მოქმედებს ასევე ჩანაცვლებითი პროგრამები, რომლებიც ნარკოდამოკიდებულებს მეტადონითა და ბუპრენორფინით მკურნალობენ. რეინტეგრაციის სამი რეგიონული პროგრამა კი ყოფილ ნარკოდამოკიდებულებს რეგულარულ ტრენინგებს უტარებს და სამსახურისა და საცხოვრებლის შოვნაში ეხმარება.
ქვეყნის მასშტაბით ათასობით აფთიაქში გამოყენებულ შპრიცებს იბარებენ და სანაცვლოდ ნარკოდამოკიდებულებს ახალ კომპლექტს უსასყიდლოდ გადასცემენ. კომპექტში რამდენიმე ახალი შპრიცი, პრეზერვატივი, ბამბა, სპირტი და სარეაბილიტაციო ცენტრების შესახებ ინფორმაციული ბროშურები შედის. ასეთ კომპლექტებს პორტუგალიაში ქუჩაშიც არიგებენ. ეს იმისთვის ხდება, რომ ინტრავენულმა ნარკომომხმარებლებმა ნახმარი შპრიცი არ გამოიყენონ და სხვადასხვა ვირუსითა და ინფექციით არ დაავადდნენ.
პარალელურად, პორტუგალიაში ძალიან ბევრს მუშაობენ პრევენციაზე. ნარკომანიის პროფილაქტიკა სასკოლო პროგრამის ნაწილია. ამ მიმართულებით მთავარი მიდგომა მოზარდებისთვის ინფორმაციის მიწოდებაა – მოსწავლეებს უტარებენ ტრენინგებს, აძლევენ საკითხავებს ნარკოტიკებისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოქმედებაზე და იმ ზიანზე, რომელიც მათ მოაქვს.
ნარკომანიასთან ბრძოლის მთელს ამ კომპლექსურ მიდგომას სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს.
როგორ მოახერხა ეს ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე ღარიბმა ქვეყანამ? მათ უბრალოდ მნიშვნელოვნად შეამცირეს სისხლის სამართლებრივ დევნაზე გათვალისწინებული ხარჯები – პოლიცია, სასამართლო, სასჯელაღსრულება და ა.შ. და მთელი ეს ფული, რომელიც აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრი იყო, მიმართეს ჯანდაცვაზე – რეაბილიტაციასა და ჩანაცვლების პროგრამებზე.
რა შედეგი მოიტანა ამ ყველაფერმა?
ახალი კანონმდებლობის წყალობით, პორტუგალია არ გახდა მთელი მსოფლიოს ჰეროინ-მომხმარებლების მექა, როგორც ამას ლიბერალური მიდგომის მოწინააღმდეები ვარაუდობდნენ. პირიქით, ამ ქვეყანამ მნიშვნელოვნად შეამცირა ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბი და ზიანი.
მაგალითისთვის, რამდენიმე ციფრი:
2001 წელს პორტუგალიაში შიდსის 1000 ახალი შემთხვევა გამოვლინა, 2012 წელს კი – 56. 2001 წელს ზედოზირებით 80 ადამიანი დაიღუპა, 2012-ში – 16.
თუ 2001 წელს ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული 14 ათასი სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული, 2012-ისთვის ეს ციფრი 6 ათასამდე შემცირდა.
“ნარკოტიკებისა და ნარკოტიკების მოხმარების მონიტორინგის ევროპული ცენტრის” ინფორმაციით დღეს ზედოზირებით სიკვდილიანობის კუთხით პორტუგალია ბოლოდან მეორე ადგილზეა და მხოლოდ რუმენთს ჩამორჩება.
დეკრიმინალიზაციის შემდეგ ნარკოტიკების გავრცელების კოეფიციენტებმა საგრძნობლად იკლო ყველა ასაკობრივ ჯგუფში. ყველაზე დიდ გამარჯვებად მკვლევრები იმას მიიჩნევენ, რომ 15-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში ნარკოტიკების მოხმარება წლიდან წლამდე სტაბილურად იკლებს..
რევოლუციური კანონმდებლობის მიღება არ იყო იოლი. მაშინ რეფორმატორებს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდათ, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში. თუმცა, ყველაფერი პოლიტიკურმა ნებამ და შექმნილმა გარემოებამ გადაწყვიტა – ყველა თანხმდებოდა, რომ რეპრესიულმა პოლიტიკამ არ გაამართლა და რაღაც აუცილებლად იყო შესაცვლელი.
დღეს, 16 წლის შემდეგ, არც ერთი პორტუგალიელი პოლიტიკოსი თავის საარჩევნო პროგრამაში არ ამბობს, რომ ლიბერალური მიდგომა შეცდომა იყო და იგი ძველი მკაცრი ნარკოპოლიტიკით უნდა შეიცვალოს.
თუმცა, ცხადია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პორტუგალიამ ნარკომანია დაამარცხა. ასეთი რამ, ჯერ ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა მსოფლიოში. პორტუგალიაში დღესაც ებრძვიან ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს, თუმცა ვითარება მართვადია და მას ხელისუფლება აკონტროლებს.
პორტუგალია საერთაშორისო ანგარიშებში
“ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის” მიერ 2016 წლის ანგარიშში პორტუგალია სწორედ ერთ-ერთ მისაბაძ მაგალითადაა მოყვანილი.
“ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია” დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფია, რომელიც 2011 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს ანგარიშს მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე. ეს კომისია “მძიმეწონოსანი” ექსპერტებისგან შედგება – კოფი ანანი, ჰავიერ სოლანა, ნობელიანტი მწერალი მარიო ვარგას ლიოსა. (ექსპერტების სრული სია და ასევე 2016 წლის ანგარიში შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ).
ანგარიშს “ნარკოპოლიტიკის რეფორმის გზაზე: ახალი მიდგომა დეკრიმინალიზაციისკენ” ჰქვია და მისი მთავარი არსი იმაში მდგომარეობს, რომ კომისიის წევრები მოუწოდებენ მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს შეცვალონ მკაცრი ნარკოპოლიტიკა და ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციისკენ გადადგან ნაბიჯები.
ამას კომისიის ექსპერტები ციფრებით ხსნიან:
2003 წელს 15-64 წლის ასაკის 185 მილიონი ადამიანი (მსოფლიო მოსახლეობის 4,7%) ამბობდა, რომ უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში ერთხელ მაინც მოიხმარა ნარკოტიკი; 2014 წელს მათი რიცხვი 33 %-ით 247 მილიონამდე გაიზარდა (მსოფლიო მოსახლეობის 5,2%). გაიზარდა მათი რიცვიც, ვინც რეგულარულად მოიხმარს ნარკოტიკებს – 2003 წელს 27 მილიონი იყო; 2014 წელს – 29 მილიონი.
“ცხადია, ნარკოტიკების მოხმარების ზრდასა და შემცირებაზე ბევრი ფაქტორი მოქმედებს, მაგრამ სრულიად ცხადია, რომ სადამსჯელო ღონისძიებები არ აღმოჩნდა ეფექტური. მეტიც, ამ მიდგომამ ადამიანებისთვის მძიმე სამედიცინო და სოციალური შედეგი მოიტანა. ყოველწლიურად, ნარკოკონტროლის სახელით ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი შემთხვევა ხდება – დაწყებული სიკვდილის დასჯითა და წამებით პოლიციის მხრიდან, დამთავრებული არაჰუმანური, იძულებითი მკურნალობით,” – წერია ანგარიშში.
ამ კომისიის ერთ-ერთი წევრია, გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი, რომელმაც ანგარიშის წარდგენის შემდეგ, “შპიგელთან” ინტერვიუში თქვა, რომ კაცობრიობამ წააგო ბრძოლა ნარკოტიკებთან და სამყარო ნარკოტიკების გარეშე ილუზიაა, ამიტომ უნდა გამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რაც გვაქვს:
“მე გავიმეორებ იმას, რასაც აქამდეც ვამტკიცებდი: ნარკოტიკებმა მრავალი ადამიანის სიცოცხლე დაანგრია, მაგრამ მთავრობების არასწორმა პოლიტიკამ კიდევ უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე დაანგრია”, – ამბობს კოფი ანანი.
ექიმი ჟოაო ჟულაო ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც დეკრიმინალიზაციის პროგრამის არქიტექტორს უწოდებენ. “ის, რაც პორტუგალიაში მოხდა, სხვადასხვა ფაქტორის ერთობლიობაა”, – ამბობს ის, – “ჩვენ შევცვალეთ პარადიგმა – სამართალდამცავებს მოვაშორეთ ნარკოდამოკიდებულების დევნის ფუნქცია, რაც ძალიან ძვირი გვიჯდებოდა და ეს ფული მივეცით ჯანდაცვას.
ახლა სწორედ ჯანდაცვა ზრუნავს ნარკოდამოკიდებულებზე. და კიდევ,
ეჭვგარეშეა, რომ ყველაზე გადამწყვეტი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ჩვენ მოვაშორეთ სტიგმა ნარკომომხმარებლებს და მივეცით მათ საკუთარ პრობლემებზე ღიად საუბრის და სარეაბილიტაციო ცენტრისთვის მშვიდად მიმართვის შესაძლებლობა”.