"ჩვენ ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია" - საქართველოს პრეზიდენტი ერევანში
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სომხეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ეს პრეზიდენტის სტატუსით სომხეთში მისი პირველი ვიზიტია.
• სალომე ზურაბიშვილი ბაქოში – საქართველოს პრეზიდენტის პირველი რეგიონული ვიზიტი
• Freedom House: საქართველოში დემოკრატია გაუარესდა. რა ხდება მეზობელ ქვეყნებში?
სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრა
სალომე ზურაბიშვილი სომხეთში სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარგსიანის მიწვევით ჩავიდა.
მანამდე, ცოტა ხნით ადრე ზურაბიშვილი აზერბაიჯანში ჩავიდა. ბაქოში თავისი გამოსვლისას ზურაბიშვილმა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული ყარაბაღის კონფლიქტი საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან არსებული კონფლიქტების რიგში ჩააყენა:
„ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ერთნაირი ტრაგედიები გადავიტანეთ. ჩვენ ახლაც განვიცდით იმას,რასაც ქვეყნისთვის ოკუპირებული ტერიტორიები წარმოადგენს, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია“.
ადრე საქართველოს ხელისუფლება ამგვარ ფორმულირებებს ერიდებოდა, და ყარაბაღის კონფლიქტის შეფასებისას ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.
ბევრი ინტერესით ელოდა, თუ რას იტყოდა საქართველოს პრეზიდენტი ერევანში.
„სომხეთი და საქართველო არამხოლოდ მეზობლები არიან, არამედ მეგობრებიც. ჩვენ ისეთ რეგიონში ვცხოვრობთ, რომლისთვისაც მშვიდობასა და სტაბილურობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკის განვითარების პირობაა… რეგიონში ბევრი გამოწვევაა, და აუცილებელია გვახსოვდეს, რომ მთავარი გზა საერთაშორისო სამართლის ნორმებით კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტაა.
კონფლიქტები ჩვენს განვითარებას აფერხებს, მათი გადაწყვეტა დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს… ასევე აუცილებელია აღინიშნოს, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, [ყარაბაღის] კონფლიქტმა საქართველოს ტერიტორიაზე არ გადაინაცვლოს, სომხებმა და აზერბაიჯანელებმა კი მშვიდობიანად იცხოვრონ“, – თქვა ზურაბიშვილმა.
მისი სომეხი კოლეგა პრესის წინაშე გამოსვლისას ყარაბაღის კონფლიქტის თემას ასევე შეეხო. მან აღნიშნა, რომ მისი მოგვარების საფუძველს ერის თვითგამორკვევის უფლება წარმოადგენს. არმენ სარგსიანი ასევე ირიბად შეეხო ზურაბიშვილის ბაქოში გამოსვლასაც:
„რეგიონში არსებული კონფლიქტები და პრობლემები ერთნაირი არ არის, შესაბამისად, არც მათი მოგვარების საფუძვლებია ერთგვაროვანი“.
კიდევ რაზე ილაპარაკეს პრეზიდენტებმა
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მცხოვრები სომხების მიერ ქართული ენის შესწავლის მნიშვნელოვნება აღნიშნა. მისი აზრით, ეს მათ სრულფასოვან მოქალაქეებად ქცევისა და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს. ეს თეზისი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ხშირად გაისმის, თუმცა სომხებით დასახლებული ჯავახეთის რეგიონში ქართული ენის სწავლების დონის ასამაღლებლად რეალური ნაბიჯები არ იდგმება. ზურაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმების შესახებ ასევე არაფერი უთქვამს.
პრეზიდენტებმა ასევე იმსჯელეს რეგიონის პონტენციალის თაობაზე; სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ევროკავშირთან თანამშრომლობაზე ილაპარაკა:
„უმნიშვნელოვანესი ეტაპი იქნება ბათუმის კონფერენცია, სადაც წარმოდგენილი იქნება ევროკავშირთან ურთიერთობის ახალი ეტაპის ხედვა, რაც საბოლოო ინტეგრაციამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
საქართველო-ევროკავშირის ბათუმის კონფერენციაზე მიწვეულია სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანიც – იმისთვის, რათა სომხეთის პოზიცია გაჟღერდეს.
„ეს კონფერენცია ევროკავშირთან ჩვენი პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება… შეგვიძლია იქ ჩვენი საერთო შეხედულებები წარვადგინოთ“, – თქვა ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხსაც:
„დადგა დრო, რომ ჩვენმა ქვეყნებმა საზღვრის დელიმიტაცია დაასრულონ. მეგობრებს შორის საზღვრის დელიმიტაცია ამდენ ხანს არ უნდა გრძელდებოდეს“.
ზურაბიშვილის თქმით, ამ საკითხის ნორმატიული ბაზა სრულად იყო მომზადებული ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო.
„ჩვენ დიდი მომავალი გვაქვს, და ოპტიმისტები ვართ. ვაპირებთ ბევრ საკითხზე მსჯელობა გავაგრძელოთ და მხოლოდ განცხადებებით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ“, – შეაჯამა სალომე ზურაბიშვილმა.
შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან
ვიზიტის პირველსავე დღეს სალომე ზურაბიშვილი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსაც შეხვდა.
სომხეთის პრემიერი ორი ქვეყნის ურთიერთობის დონის ახალ სიმაღლეზე აყვანასა და საერთო სტრატეგიულ ინტერესებში ორმხრივ ურთიერთობებზე დაყრდნობის აუცილებლობაზე საუბრობდა:
„მე პრემიერ-მინისტრის რანგში საქართველოში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი გავმართე, და ეს ჩვენი მთავრობის განსაკუთრებულ ყურადღებაზე, ჩემს პირად ყურადღებაზე, საქართველო-სომხეთის ურთერთობის მნიშვნელოვანების გათვითცნობიერებაზე მიუთითებს“.
საქართველოს პრეზიდენტს ასევე მიაჩნია, რომ ქვეყნებს „მომავლის საერთო ხედვა“ აქვთ. ამავდროულად სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირთან თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოყენებას სთავაზობდა:
„ჩვენ ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია, და ჩვენ ბევრი ერთობლივი საქმე გვაქვს“.