თურქეთში ევოლუციის თეორიას აღარ ასწავლიან, ის ჯიჰადის თეორიით შეიცვალა" />

თურქეთი: თითო სკოლას თითო მეჩეთი

თურქეთში ევოლუციის თეორიას აღარ ასწავლიან, ის ჯიჰადის თეორიით შეიცვალა

ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

თურქეთში, ისევე როგორც ყველგან, ახალი სასწავლო წელი  დაიწყო – თუმცა, ის წინა წლებისგან ძლიერ განსახვავებულია. საშუალო განათლების პროგრამაში მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი.  

თურქეთში  ბევრი ამას „იდეოლოგიურ გარდაქმნებს“ უწოდებს.

  • ბიოლოგიის სასკოლო სახელმძღვანელოებიდან დარვინის ევოლუციის თეორია ამოიღეს;  
  • ისტორიის სახელმძღვანელოში  ათათურქის შესახებ ნაწყვეტები შეამოკლეს;
  • სასწავლო პროგრამის დიდ ნაწილს ახლა რელიგიური სწავლებები იკავებს.

სასკოლო ცხოვრებაში წელს შეტანილი ცვლილებები ამით არ ამოიწურება. ახალი სასწავლო წლიდან  ყველა საშუალო სკოლაში აუცილებლად უნდა გაიხსნას მეჩეთები და ნამაზის შესრულების წინ განსაბანი ოთახები.

ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განათლების პრგრამაში შეტანილი ეს სიახლეები უფრო ზნეობრივი, პატრიოტულად განწყობილი და საკუთარ ფესვებს მიჯაჭვული თაობის აღზრდას შეუწყობს ხელს. სამოქალაქო აქტივისტები და განათლების სფეროს სხვა მუშაკები კი დარწმუნებულები არიან, რომ ეს ცვლილებები თურქეთში საერო და სამეცნიერო განათლებას გაანადგურებს.

„ჯიჰადი“, დარვინისა და ათათურქის ნაცვლად

გამომძიებელი ჟურნალისტის საიგი (SaygiOzturk) ოზტიურკის აზრით, ახალ პროგრამაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცვლილება ის არის, რომ საგანში „რელიგიისა და ზნეობის კულტურა“ 90 პროცენტი რელიგიას ეთმობა,  ზნეობას კი –  მხოლოდ 10.

ახალ სასკოლო საგანში „რელიგიისა და ზნეობის კულტურა”   90 პროცენტი რელიგიას ეთმობა,  ზნეობას კი –  მხოლოდ 10. 

ჟურნალისტი ამგვარი ცვლილებების შეტანის გადაწყვეტილების ვიწრო წრეში, სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად მიღებას არასწორად მიიჩნევს.

მისი თქმით, წინათ განათლების ეროვნული სამინისტროს მიერ განათლების პროგრამაში შეტანილი ცვლილებები რთულ პროცესს გადიოდა. ამ ცვლილებებზე უნივერსიტეტის და შესაბამისი სფეროების  სპეციალისტები, ამ საგნების მასწავლებლები, განათლებისა და აღზრდის სამართველოს სპეციალისტები მუშაობდნენ.   

ამჯერად კი  განათლების და აღზრდის სამართველოს პროექტი უკვე მზა სახით გადასცეს და მისი დამტკიცების ბრძანება წარუდგინეს.

საიგი ოზტიურკი წერს, რომ ცვლილებების ნაწილი ძალაში ამ წელსვე შევა, დანარჩენი კი მომდევნო წელს. მისი თქმით, განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მომდევნო სასწავლო წლიდან „ჯიჰადს“ უკვე საერო სკოლებშიც ისწავლიან.    

2018-2019 სასწავლო წლებში „ჯიჰადი“ საერო სკოლების სახელმძღვანელოებში შევა როგორც საგანი „ფუნდამენტური რელიგიური ცოდნა“. ხოლო რელიგიურ ლიცეუმებში გაჩნდება საგანი „ფიქხი“(მუსლიმური დოქტრინა ქცევის წესების შესახებ) – წერს საიგი ოზტიურკი.

ჩინოვნიკებმა ამ ორი ახალი სასკოლო საგნის იდეა შემდეგნაირად ახსნეს:

“საჭიროა, რომ ორგანიზაციების „ისლამური სახელმწიფოსა“ და „ფეტოს“ მიერ გამოყენებული „ჯიჰადის“ ცნება გაიწმინდოს. ეს ცნება სახელმძღვანელოებში შევა, რათა მისი აზრი სწორად განიმარტოს“.

საშუალო სკოლების სასწავლო გეგმებში ასევე აპირებენ, რომ ის ნაწყვეტები შეამცირონ, რომლებშიც „ათათურქობის“ შესახებ არის მოთხრობილი; ამან საზოგადოებაში განსაკუთრებული უკმაყოფილება  გამოიწვია.

უკმაყოფილოებმა ვებგვერდ  change.org.-ზე აქციაც კი წამოიწყეს: „ჩვენ არ გვინდა განათლების პროგრამა ათათურქის გარეშე“. 6 სექტემბრისთვის 11 ათას 711 ადამიანმა პეტიციას ხელი მოაწერა და აქციას შეუერთდა.

„ათათურქობა – ეს მხოლოდ სასკოლო საგანი არ არის, ეს თანამედროვე ნათელი თურქეთის სიმბოლოა. ახალი სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავს თურქეთში საერო და სამეცნიერო განათლების განადგურებას. განათლებისგან თანამედროვე ფასეულობების ჩამოშორებით, ხელისუფლება ჩვენი შვილების მომავალს გაანადგურებს. ეს ქვეყანა – ათათურქის მიერ შექმნილი თურქეთის რესპუბლიკაა, და მუდამ ასე იქნება“, – ნათქვამია პეტიციაში.

ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

სჭირდებათ თუ არა ბავშვებს ჰიპოთეზები? 

ამ თემის ირგვლივ ცხარე კამათი ჯერ კიდევ  2017 წლის დასწყისში დაიწყო.

იანვარში თურქეთის განათლების მინისტრმა ისმეტ იილმაზმა (IsmetYilmaz) „განახლებული სასწავლო პროგრამის“ თემაზე სხდომა გამართა და პროექტი გაასაჯაროვა.  სხდომის დროს პრგრამიდან ევოლუციის თეორიის ამოღების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხისას, მინისტრმა თქვა:   

„რა არის მეცნიერება? ეს ან ჰიპოთეზაა ანდა თეორია… ბავშვის ცნობიერება კი ჰიპოთეზების აღსაქმელად მზად არ არის“.

ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით განათლების სამინისტროს განთლებისა და აღზრდის განყოფილების ხელმძღვანელმა ალპარსლან დურმუშმა (AlparslanDurmush) განაცხადა:

“საკამათო თემები იმ ეტაპებზე, როდესაც მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ გააჩნიათ სამეცნიერო ცნობიერება, სასკოლო პროგრამიდან ამოღებული იქნება“.

მან ასევე თქვა, რომ, იმავე მიზეზით, ნაწყვეტი „სიცოცხლის საწყისი და ევოლუცია“ საერთოდ ამოღებული იქნება  მეცხრე კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან.  

თურქეთის პარლამენტის ეროვნული განათლების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ დეპუტატი ბურჰანედინ იუსალი (BurhaneddinUysal) კიდევ უფრო შორს წავიდა. მან განაცხადა, რომ ევოლუციის თეორია ისლამს ეწინააღმდეგება, ამიტომ ამ თეორიის სკლაში  სწავლება მიზანშეუწონლად მიაჩნია.

“ევოლუციის თეორია ისლამს ეწინააღმდეგება და სკოლებში მისი სწავლება მიზანშეუწონელია“.

„ბუნებრივია, ჩვენ, მუსლიმებს, გვწამს, რომ ყველაფერი ყოვლის შემძლე ალაჰის შექმნილია. ევოლუცია კი – მხოლოდ თეორიაა.  ეს გონებაში არეულობას იწვევს… ჩვენ იმდენი დრო არ გვაქვს, რომ  ენერგია ამაზე დავხარჯოთ“, – განაცხადა დეპუტატმა  ერთ-ერთ სატელევიზიო პროგრამაში მონაწილეობისას.

ფოტო: დავით ფიფია, JAMnews

“ცვლილებები  საერო და სამეცნიერო განათლებას გაანადგურებს“

მაგრამ, განათლების სფეროს სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს ცვლილებები მძიმე დარტყმას მიაყენებს საერო და სამეცნიერო განათლებას და ამ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.  

პრფკავშირის თავმჯდომარემ მეჰმეტ ბალიკმა  (MehmetBalik) ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, უახლოეს ხანში ახალი სასწავლო პროგრამის პროექტის მომმზადებელ და დამამტკიცებელ სტრუქტურებს სასამართლოში უჩივლოს.  

ორგანიზაციის „რეფორმის ინიციატივა განათლებაში“ წარმომადგენელის ელიზა დიუშკუნის (YelizDushkun) სიტყვებით, ევოლუციის თეორია ბევრ ქვეყანაში მიჩნიათ საკამათო საკითხად, თუმცა სკოლებში მას მაინც ასწავლიან.

დიუშკიუნი ამბობს, რომ თუკი მოსწავლეს ევოლუციის თეორია ნასწავლი არ აქვს, ის  ბიოლოგიიდან ბევრ სხვა საკითხს ვერ გაიგებს:

„მაგალითად, ისეთი თემები, რომლებსაც მერვე კლასში სწავლობენ – ადაპტაცია, მუტაცია, მოდიფიკაცია – როგორ უნდა ასწავლო, თუკი წინასწარ ევოლუციის თეორიას არ შეასწავლი? არადა, ეს საკითხები პროგრამაში დარჩა, ევოლუციის თეორია კი – არა“.

ფერაი აიტეკინ აიდოღანი   (Feray Aytekin Aydogan), ორგანიზაცია “ Eğitim – Sen“-ის ხელმძღვანელი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ თურქეთი საუდის არაბეთის შემდეგ მეორე ქვეყანაა, რომელმაც ევოლუციის თეორია სასწავლო პროგრამიდან ამოიღო. მას მიაჩნია, რომ ხელისუფლება განათლების პროგრამიდან, პრაქტიკულად, თანამედროვე ნორმების ამოღებას ცდილობს.

„5-6 წლის წინათ სკოლებში ნებაყოფლობით საფუძველზე მეჩეთების გახსნა დაიწყეს და მუსლიმ სასულიერო პირებს საშუალება გაუჩნდათ, რომ განათლებაზე პირდაპირ დაწყებითი კლასებიდანვე მოეხდინათ გავლენა. ახლა კი ეროვნული და სამეცნიერო განათლების ნარჩენებიც ნადგურდება.  

ჩვენ ევოლუციის თეორიის სწავლებას ვაგრძელებთ, – აცხადებს ის:ეს შვილების წინაშე ჩვენი ვალია“.

ფოტო: დავით ფიფია, JAMnews
 

ასევე წაიკითხეთ