ამ დღეს სოფელ მლეთაში ყოველწლიურად ასობით ცხოველს კლავენ" />

ზოგს ფეხი დაუცურდა, ზოგს გული წაუვიდა. 20-მდე დაშავებული ლომისობაზე

ამ დღეს სოფელ მლეთაში ყოველწლიურად ასობით ცხოველს კლავენ

20-მდე ადამიანი დაშავდა დუშეთის რაიონის სოფელ მლეთაში, სადაც “ლომისობის” დღესასწაული აღინიშნებოდა.

მათი დაშავების მიზეზი ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიასთან მისასვლელი გზა გახდა – ეკლესია მაღალ მთაზეა და ხალხი იქამდე ფეხით ადის.

“ზოგს ფეხი დაუცურდა, ზოგი უბრალოდ ცუდად ხდებოდა და მაშველებმა მათ სამედიცინო დახმარება გაუწიეს,” – განუცხადეს  “ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.

“ლომისობის” დღესასწაულს საქართველოს მთიანეთში ყოველ წელს, აღდგომიდან მეშვიდე კვირას აღინიშნება. ამ ხალხმრავალ დღესასწაულზე ხშირია ინციდენტები, ამიტომ ყოველწლიურად აქ მაშველების დიდი ბრიგადა მორიგეობს.

მლოცველების აზრით, ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას განსაკუთრებული ძალა აქვს და შეუძლია სურვილების ასრულება – ამიტომ, ადამიანები მაღალ მთაზე ფეხით ადიან, სალოცავს ცხვარს სწირავენ და კონკრეტული სურვილის ასრულებას სთხოვენ.

ყოველწლიურად მლეთაში ასობით შინაური ცხოველი იკვლება (ერთხელ 2000 ცხოველიც დავკალითო, ამაყობენ აქაურები) რის გამოც, ამ ტრადიციას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, ისინი ცხოველების (უმეტესად ცხვრების) მასობრივად ხოცვას აპროტესტებენ.

ადამიანები სოფელ მლეთაში სასმელითა და საკვებით დატვირთულები ღამისთევით მიდიან და კარვებს შლიან.

ვიდრე ცხვარს დაკლავენ, რამდენიმე სავალდებულო რიტუალი სრულდება, მათ შორის,  ცხვარს ორ ადგილას ბეწვს უტრუსავენ – ყურის ქვეშ და მუცელთან.

ოდნავ შემაღლებულ ადგილას, სადაც საკლავი იკვლება, მიწა სისხლისგან გადაწითლებულია. ცხოველებს რამდენიმე ადამიანი კლავს. დაკლული ცხოველის ნაწილებს აღმართთან დაყენებულ სატვირთო მანქანაში ყრიან. ოდნავ მოშორებით კიდევ რამდენიმე ადამიანი ცხოველებს ატყავებს, რის შემდეგაც პატრონებს ხორცი მიაქვთ, იქვე წვავენ და სახელდახელოდ გაწყობილ სუფრებთან აწყობენ.

ეს ფოტოები გასულ წელს რადიო თავისუფლების ფოტოგრაფმა გიორგი გოგუამ მლეთაში გადაიღო:


ასევე წაიკითხეთ