«ტურისტულად მხოლოდ ის ადგილი შეიძლება ჩაითვალოს, რომლის მოსახლეობაც კარგად გრძნობს თავს; ადგილი, რომლის თითოეული მკვიდრიც ბედნიერია» " />

გიუმრი: ახალი შემოთავაზება სომხეთის ტურისტულ რუკაზე

«ტურისტულად მხოლოდ ის ადგილი შეიძლება ჩაითვალოს, რომლის მოსახლეობაც კარგად გრძნობს თავს; ადგილი, რომლის თითოეული მკვიდრიც ბედნიერია»

«საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე გიუმრი საერთოდ არ ჩანდა სომხეთის ტურისტულ რუკაზე – პირველ რიგში  იმის გამო, რომ ეს ქალაქი 1988 წლის მიწისძვრამ დაამახინჯა… ქალაქს ძალიან არამიმზიდველი იერი ჰქონდა, იმიტომ რომ დროებითი შენობებით გაშენებული კვარტლებით იყო სავსე – ასეთი ნაგებობები დღესაც მრავლადაა გიუმრიში.

ყოველთვის ვამბობდი, რომ ტურისტულად მხოლოდ ის ადგილი შეიძლება ჩაითვალოს, რომლის მოსახლეობაც კარგად გრძნობს თავს; ის ადგილი, რომლის თითოეული მკვიდრიც ბედნიერია – “ვერ იარსებებს ტურიზმი ისეთ ქალაქში, რომლის  თოთოეული მოსახლეც საკუთარი ცხოვრებით არ არის კმაყოფილი”, – აღნიშნავს გიუმრიში მდებარე სასტუმრო „ბერლინის“ დირექტორი, ალექსან ტერ-მინასიანი.

იგი უკვე წლებია იღწვის იმისათვის, რომ გიუმრიში უფრო მეტი ტურისტი მიიზიდოს.

სომხეთის სიდიდით მეორე ქალაქმა არაერთი სახელი „მოირგო“ და გამოიცვალა –  კუმაირი, ალექსანდროპოლი, ლენინაკანი, გიუმრი… ამ ქალაქში ათასზე მეტი ისტორიული შენობა შემორჩა, რომლებიც XVIII-XX საუკუნეების ღირსშესანიშნავ ძეგლებად ითვლება.

მე-19 საუკუნის ბოლოს იმდროინდელი ალექსანდროპოლი სამხრეთი კავკასიის ერთ-ერთ  უმნიშვნელოვანეს სავაჭრო-სამრეწველო და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა. მაგრამ გიუმრის  საზღვრებს მიღმა მცხოვრებ ადამიანებს შორის არც ისე ბევრმა იცის, რა ისტორიული პლასტები იმალება ამ ქალაქში.

გიუმრის განვითარების ახალი პროგრამა

გასულ წელს პრემიერმინისტრმა კარენ კარაპეტიანმა წარმოადგინა პროექტი, რომელიც გიუმრის გალამაზებასა და დამშვენებულ ქალაქში შორეული და არც ისე შორეული მხარეებიდან სტუმრების მიღებას ისახავს მიზნად.  სწორედ ამიტომ შეიქმნა ფონდი „იმედი“, რომელიც გიუმრიში ქალაქმშენებლობის, მეწარმეობისა და მრეწველობის განვითარებას ისახავს მიზნად.

პრემიერმინისტრმა განაცხადა: «ეს პროგრამა გიუმრიში არსებული განწყობის შესაცვლელადაა შექმნილი. ჩემი ოჯახისთვის დიდი პატივი იქნება მომავალ საინვესტიციო ფონდში პირველი შენატანის გადარიცხვა» – და მართლაც, კარაპეტიანის ოჯახი ფონდის პირველი  დამფინანსებელი გახდა და ორგანიზაციაში 500 ათასი დოლარი შეიტანა.

პროგრამა უკვე ამოქმედდა. რამდენიმე თვეა, რაც გიუმრის ცენტრის, ქალაქის ძველი ნაწილის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ხელისუფლება კი დამატებითი ინვესტორების მოზიდვას ცდილობს.

«ეს ინსპირაციის ერთგვარი ტალღა იყო. პრემიერის ენთუზიაზმი მნიშვნელოვან იმპულსად იქცა, რომელიც, ერთი შეხედვით, ყველას გადაეცა თავიდან, ამჟამად კი თითქოს მინავლდა და ჩაქრა. თუკი ვინმეს საზღვარგარეთელი ინვესტორების  მოზღვავების იმედი აქვს, ძალიან ცდება.  თუკი ასეთი იმედები გვექნება, განვითარების მორიგ ეტაპს ჩავაფლავებთ.  ნამდვილად გვჭირდება სერიოზული ინვესტიციები და სახელმწიფო მმხარდაჭერა», – აღნიშნავს ალექსან ტერ-მინასიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მომხდარ ამბების განზოგადებას ახდენს.

მას ისიც აწუხებს, რომ ამ ქალაქში ჩამოსვლა ჯერჯერობით გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. გიუმრი 120 კილომეტრითაა დაშორებული დედაქალაქიდან. ქალაქს აქვს რკინიგზის სადგური და აეროპორტი, რომელთა მუშაობის ეფექტიანობაც საკმარისი არ არის.

«ძირითადად, გიუმრიში ის ადამიანები ჩამოდიან, რომლებიც ამ ქალაქიდან არიან წარმოშობით. ამას გარდა, გიუმრის ის მოქალაქეებიც აკითხავენ, რომლებიც საქართველოსკენ მიემართებიან  (ისინი საქართველოში იმიტომ ჩადიან, რომ იქიდან უფრო იაფად შეიძლება საზღვარგარეთ გაფრენა). ჩვენ კი გვიხარია, რომ საქართველოში ავიაბილეთები იაფია და სტუმრები ერთ ღამეს მაინც ატარებენ გიუმრიში“,- ამბობს სასტუმრო „ბერლინის“ ტურების ორგანიზატორი, ლუსინე მანუკიანი.

ტურისტული კომპანიები აცხადებენ, რომ გიუმრიში ტურისტები მეტწილად ევროპიდან და რუსეთის ფედერაციიდან ჩამოდიან. ევროპიდან ჩამოსული სომხების უმრავლესობა უფროს თაობას განეკვუთვნება, რუსეთიდან კი ის ოჯახები ჩამოდიან, რომლებსაც მშობლიური სახლის მონახულება და სომხეთში მოგზაურობა სურს. ამდენად, ყველა ეს ადამიანი სომხეთთანაა დაკავშირებული და ამიტომ გიუმრის სასტუმროებში არსებული 300  ადგილის მხოლოდ 70%-ია ხოლმე დაკავებული. და ისიც მხოლოდ 4-5 თვით.  

ქალაქში ყოველწლიურად დაახლოებით 50 ათასი ტურისტი ჩადის, თუმცა, ეს მაქჩვენებელი მხოლოდ ერთი შეხედვითაა შთამბეჭდავი. თუკი ამ რაოდენობას მთელ წელიწადზე გადავანაწილებთ, საკმაოდ  უმნიშვნელო რიცხვს მივიღებთ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასტუმრო ბიზნესს მოგება არ მოაქვს.

მავარი მიზეზი ისაა, რომ არც ისე დიდია იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც გიუმრის არსებობის შესახებ იციან. ეკოლოგი და ექსკურსიამძღოლი ლევონ მარტიროსიანი მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ქალაქი თანდათან იხვეჭს პოპულარობას, თუმცა ეს პროცესი ძალიან ნელა ვითარდება: «სამუშაოს კოორდინირებაა საჭირო, სწორი ინფორმაცია უნდა გავავრცელოთ.

გიუმრის შესახებ შექმნილი ზოგიერთი ვებგვერდი სისულელეებს წერს.  ნამდვილად ვერ  მივაღწევთ წარმატებას იმ შემთხვევაში, თუკი აბსურდულ ცნობებს გავავრცელებთ და არ გვექნება უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მდებარეობს ამ ტერიტორიაზე».

ლევონ მარტიროსიანის ინიციატივით, 6 წლის წინ შირაქის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა  განყოფილება სახელწოდებით „სასტუმრო საქმე და სერვისი“, თუმცა, გადამზადებული გიდების რაოდენობა ჯერ კიდევ არ არის საკმარისი.

გიუმრი და მისი ბრენდი

გიუმრის შესახებ არსებული ინფორმაციის მთელ მსოფლიოში გავრცელება PR-ისა და მარკეტინგის კომპანია «Deem Communications»-მა ითავა. ეს ორგანიზაცია წლის ბოლომდე საკუთრივ ქალაქსა და მის მისახლეობას შეისწავლის, შემდეგ კი შეგროვებულ ინფორმაციას გააანალიზებს და ქალაქის ბრენდს შეიმუშავებს.

უკვე დიდი ხანია, რაც კომპანიის კრეატიულ დირექტორი, რაფი ნიზიბლიანი გიუმრიზეა შეყვარებული.

«გიუმრიში მონრეალის ცეკვის ანსამბლს ჩამოვყევი 1990 წელს – დამანგრეველი მიწისძვრიდან 2 წლის შემდეგ. მეზობელ სპიტაკსა და ტალისაც ჩავაკითხე და იმ პერიოდში ძალიან ბევრი რამ აღმოვაჩინე», – ამბობს რაფი.

მოგვიანებით მისი შთაბეჭდილებები აისახა ფილმში, რომელიც გიუმრის აღორძინებას შეეხება.  წელს კი მან გადაწყვიტა, ქალაქს დაეხმაროს და სოციალური ინვესტიცია განახორციელოს. მას გადაწყვეტილი აქვს, ქალაქის ბრენდირების პრობლემა გადაწყვიტოს. წინასწარი გათვლებით, კომპანია დაახლოებით 35 ათას ევროს დააბანდებს.

«უკვე 15 წელია, რაც სომხეთში ვცხოვრობ და ჩვენ, როგორც სომხეთის მოქალაქეებსა და სომხურ კომპანიას, გვსურს, რომ რამდენიმე ბაზარი გვქონდეს, და არა ერთი. ამჟამად ჩვენ მხოლოდ ერევანი გვაქვს. მეორე ქალაქი, მესამე ქალაქი და ბაზრები გვჭირდება. ამისათვის კი ეკონომიკურად და სოციალურად სტაბილური ქალაქები უნდა გვქონდეს. გვინდა, საკუთარ მომავალზე ვიზრუნოთ – ანუ ჩვენი მიზანი მხოლოდ ინვესტირება არ არის. გვსურს, რომ  ქალაქი  ბიზნესსაწარმოდ განვიხილოთ»,-  ამბობს რაფი.

გიუმრის ბრენდირების მიზნით, კომპანიის თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს ქალაქის, ხალხის, სახლების, ეზოებისა და ხასიათების შესწავლა.  იმედი აქვთ, რომ წლის ბოლოს იპოვიან იმას, რაც ქალაქის სიმბოლოდ იქცევა – რაიმე უნიკალურს – რაღაც ისეთს, რაც ტურისტებს მიიზიდავს.

«გიუმრი თბილისსა და ერევანს შორის მდებარეობს და ამ ორი ქალაქის დაკავშირება შეუძლია. გვჯერა, რომ ჩვენი ინვესტიცია შედეგს გამოიღებს. ვხედავ, რომ გიუმრის ტურისტულ ცენტრად ქცევის პოტენციალი აქვს», – კანადელი ბიზნესმენი იმასაც აღნიშნავს, რომ ქალაქის ბრენდირების შემდეგ მუნიციპალური და საოლქო ხელისუფლება გიუმრის მოსახლეობასთან ერთად უნდა მუშაობდეს იმისათვის, რათა ქალაქი ცნობადი გახდეს.

«კუმაირის, ქალაქის ძველი ნაწილის რესტავრაცია ძალიან წაადგება ამ საქმეს, თუმცა, ეს საკმარისი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთგვარი მყარი დისკია, ამ წამოწყების „გემრიელი“ ნაწილი კი  (რესტორნებს, გასართობ ცენტრებსა და მიმზიდველ, სუფთა გარემოს ვგულისხმობ) ადგილობრივმა ხელისუფლებამ და ქალაქის მოსახლეობამ უნდა უზრუნველყოს», – ამბობს რაფი ნიზიბლიანი.

მას მიაჩნია, რომ, საჭიროების შემთხვევაში, გიუმრის შეუძლია, 2018-2020 წლებში განვითარების მაღალ დონეს მიაღწიოს, იმიტომ რომ მას ისტორიული გარემო აქვს და ამას გარდა,ის არაერთი ქარიზმატული ადამიანის, ოლიმპიური ჩემპიონისა და ხელოვნების მოღვაწეების მშობლიური ქალაქია. ამასთან, ადგილობრივების ხასიათი, მათი თავისებური,  სხარტი იუმორი და სრულყოფილებისკენ სწრაფვაც საყოველთაოდ ცნობილია. სომხეთში მაინც. დროა, უცხოელებს საკუთარი თავი და  გიუმრი წარვუდგინოთ.

Facebook Comments

ასევე წაიკითხეთ