როგორ გადავწყვიტოთ ენერგოკრიზისი აფხაზეთში და გადავარჩინოთ უნიკალური ენგურჰესი? პრობლემების ანალიზი და რეპორტაჟი" />

აფხაზეთი: როგორ გამოიყურება ცხოვრება ელექტროენერგიის გარეშე

როგორ გადავწყვიტოთ ენერგოკრიზისი აფხაზეთში და გადავარჩინოთ უნიკალური ენგურჰესი? პრობლემების ანალიზი და რეპორტაჟი

20 თებერვლიდან აფხაზეთში ელექტროენერგიის 11-დან 14 საათამდე პერმანენტული გათიშვები გამოაცხადეს. ასეთი აუცილებლობა ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალმა დონემ განაპირობა.

ენგურჰესი – უნიკალური ობიექტია. ჰესი პირდაპირ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშია და ერთადერთი ქართულ-აფხაზური ერთობლივი პროექტია. სადგურის 270-მეტრიანი ბეტონის კაშხალი ოფიციალური თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხუთი გენერატორი კი  – აფხაზების მიერ კონტროლირებადზე. მხარეები ერთობლივად მართავენ ჰესს და ინაწილებენ ელექტროენერგიას, რომელსაც ის აწარმოებს.

 

თბილისსა და სოხუმს შორის არსებული არაფორმალური შეთანხმებით, სადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40 პროცენტს აფხაზეთი მოიხმარს, 60 პროცენტს კი – საქართველო. აფხაზეთი ფაქტობრივად მთლიანად ამ ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული 

ღის პირველი საათისთვის, ცარიელი კაფე „აპრა“ იშვიათი სანახავი იყო. შუადღის შესვენებაზე აქ სასადილოდ და ზღვის ხედით დასატკბობად მოდიან ახლომდებარე დაწესებულებების თანამშრომლები: აფხაზეთის საზღვაო-სანაოსნო სააგენტოს, საბაჟოსა და მინისტრთა კაბინეტის. მაგრამ ამ დღეებში აქ არავინ არის.

„ყავასაც კი ვერ მოადუღებ ელექტროენერგიის გარეშე, – ასე დამთრგუნველად აღწერს შექმნილ სიტუაციას კაფეს მმართველი ალხას სანგულია, – ჩვენ გაზის ბალონები არ გვაქვს, ეს უსაფრთხო არ არის, მაგრამ, როგორც ჩანს, მოგვიწევს დამონტაჟება“.

ფოტო: JAMnews

რა თანხა დაჯდება რუსეთის დახმარება?

წინა ჯერზე ასეთი სიტუაცია 2016 წელს შეიქმნა, როდესაც ცივი ზამთარი და მცირე ნალექი იყო.

მაგრამ მაშინ დენის გათიშვა ორ კვირაზე ნაკლებ ხანს გაგრძელდა, რადგანაც აფხაზეთის ხელისუფლება რუსულ მხარეს მოელაპარაკა ელექტროენერგიის მოწოდებაზე.

• არის თუ არა აფხაზეთში ნავთობი? კამათი “დაზვერვის პროექტის” გარშემო გრძელდება

• ალკოჰოლი, სიჩქარე, კორუფცია – აფხაზეთის გზებზე ავარიების საშიში სტატისტიკის მიზეზები

„ჩერნომორენერგოში“, კომპანიაში, რომელიც აფხაზეთის ელექტრომომარაგებაზეა პასუხისმგებელი, ამტკიცებენ, რომ ახლაც მიდის რუსეთთან მოლაპარაკებები.

„ჩვენ არ ვიცით, რა პირობებით და რა მოცულობის დახმარებაზე დაგვთანხმდება რუსეთი. ასევე, რა თანხა შეიძლება დაგვიჯდეს ეს, – ამბობს „ჩერნომორენერგოს“ გენერალური დირექტორი ასლან ბასარია, – ამით პოლიტიკოსები არიან დაკავებული“.

24 თებერვალს შუქი ზუსტად დღის 2 საათზე ჩაირთო, როგორც ეს წინასწარ იყო გათვალისწინებული, მაგრამ მალე ტრანსფორმატორი გადაიწვა და სოხუმის ცენტრი ერთ დღე-ღამეზე მეტხანს დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.

სპეციალისტების განმარტებით, ტრანსფორმატორის გაფუჭება გარდაუვალი იყო. სამი საათის განმავლობაში, როდესაც ელექტროობა არ არის, მთელი აპარატურა ცივდება და როდესაც მას რთავენ – გაცივებული მავთულები და სხვა დეტალები მკვეთრ, ნახტომისებრ დატვირთვას ვერ უძლებენ.

ამის თავიდან ასაცილებლად, ელექტრიკოსები საზოგადოებას მკაცრად ურჩევენ, რომ ელექტრომოწყობილობები სრულად გამორთონ ქსელიდან.

კაფე „აპრას“ მმართველი ალხასი ასეც იქცევა, მაგრამ პირველ რიგში ის თავისი რესტორნის ძვირფას აღჭურვილობაზე ზრუნავს. სწორედ ამიტომ, გამორთვის დროს ის კაფეს არ ტოვებს და აკვირდება, რომ ყველაფერი იყოს გამორთული ქსელიდან.

„ყველაზე ცუდი ისაა, რომ შუქი პიკის საათის დროს არ გვაქვს, რატომ არ შეიძლება, რომ ელექტროენერგია ღამით გათიშონ?“ – ამბობს აღშფოთებული ალხასი.

პრობლემა: ელექტროენერგიის არარაციონალური მოხმარება

„იმისათვის, რომ წყალსაცავში წყლის მაქსიმალური რაოდენობა დავზოგოთ, საჭიროა ყველაზე ენერგოხარჯვით პერიოდში მისი ეკონომიურად მოხმარება“, – ამბობს ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია.

მაგრამ ეს არის კონკრეტული პასუხი კაფე „აპრას“ მმართველის კითხვაზე.

და მაინც, ელექტროენერგიის გათიშვა პრობლემებს არ ჭრის, ეს მხოლოდ დროებითი და საგანგებო ღონისძიებაა.

მთავარი პრობლემა – ნალექისა და წყლის ნაკადის ნაკლებობაა. პრობლემაა – ელექტროენერგიის არარაციონალური მოხმარება.

„აფხაზეთი დღე-ღამის განმავლობაში 7,8 მილიონ კვტ/სთ ელექტროენერგიას მოიხმარს. მინიმალური ტარიფი 40 კაპიკი (1 ცენტიც არაა), მოსახლეობას არ აიძულებს ელექტროენერგიის დაზოგვას“, – ამბობს ლევან მებონია.

„ძალიან კომფორტულია – სახლში ყველა გამათბობლის ჩართვა და ამავდროულად სუფთა ჰაერისთვის ფანჯრის გაღება, მაგრამ ეს ძალიან არარაციონალურია. ადამიანებს ასეთი მენტალიტეტი აქვთ – ვერ აიძულებ ეკონომიურად მოხმარებას, თუკი ელექტროენერგია იაფი ღირს. საჭიროა რესპუბლიკის ხელისუფლების გადაწყვეტილება და ელექტროენერგიაზე ფასის მკვეთრად მომატება“.

მებონია მიიჩნევს, რომ ეს პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზაა – აიძულონ მოსახლეობა, ეკონომიურად მოიხმარონ ელექტროენერგია.

„ახლა ხელისუფლებაში აქტიურად განიხილება ეს საკითხი, შესაძლოა, რაღაც გადაწყვიტონ. თბილისში ელექტროენერგიის ფასი 20 თეთრია (დაახლოებით 7 ცენტი). აფხაზეთში კი – 1,6 თეთრი – ეს ხომ წარმოუდგენელია“, – ამბობს ენგურჰესის ხელმძღვანელი.

გამოსავალი პრივატიზაციაა?

აფხაზურ ფეისბუკში აქტიურად განიხილავენ ამ თემას. ბევრი დარწმუნებულია, რომ აფხაზეთს სპეციალურად ტოვებენ ელექტროენერგიის გარეშე, რათა ტარიფების გაზრდა გაამართლონ.

სხვები ფიქრობენ, რომ ხელისუფლებამ სპეციალურად შექმნა ეს სიტუაცია, რათა საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვონ ნავთობის მოპოვების პროექტისათვის.

ზოგიერთები მოუწოდებენ, რომ ახლავე გადასცენ ენერგეტიკის სექტორი კერძო პირებს.

კომპანია „ენერგოსბიტის“ ხელმძღვანელი ინალ ლაზბა მიიჩნევს, რომ მთელი ეს მოსაზრებები სპეკულაციებია – და იქვე დასძენს, რომ აფხაზეთში ენერგეტიკის პრობლემის გადაწყვეტის გზა, მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის რაციონალური გამოყენებაა.

„საჭიროა ელექტროობისთვის ფულის გადახდა და ასევე, შუქის გამორთვა იმ ადგილას, სადაც ის საჭირო არ არის. საუბარი ტარიფის მომატებაზე ჯერჯერობით არ მიდის, მაგრამ თუკი ენერგეტიკის სექტორი კერძო ხელში აღმოჩნდება – ეს გარდაუვალი იქნება“, – დარწმუნებულია ინალ ლაზბა.

აფხაზეთში ელექტროენერგიის ერთადერთი წყარო დღესდღეობით ენგურჰესია. ქვეყანაში მთელი წარმოება და გათბობა – ელექტროენერგიაზეა

გასული წლის ბოლოს გარემონტებული სოხუმიჰესიც ვერ მუშაობს ენგურჰესის დახმარების გარეშე, მას ავტონომიური რეჟიმი არ აქვს. 20 თებერვალს კი საჭირო გახდა მისი შეჩერება – გათიშვებისას წარმოქმნილი გადატვირთვის გამო.

სოხუმიჰესის ტექნიკური დირექტორის რეზო ზანთარაიას სიტყვებით, სადგურს სარგებელი მოაქვს აფხაზეთის ენერგოსისტემისთვის, მაგრამ პრობლემას ვერ აგვარებს. მისი სიმძლავრე 20 მეგავატზე ნაკლებია და ეს საკმარისია მხოლოდ იმისთვის, რომ პიკური მოხმარების საათებში ელექტროქსელს ცოტათი დაეხმაროს.

გამოძიება თუ ენერგეტიკის განვითარების კონცეფცია?

ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემა იმდენად შორს წავიდა, რომ აფხაზეთში სპეციალური საპარლამენტო კომისია შექმნეს, რომელიც „ჩერნომორენერგოს“ საქმიანობას სწავლობს.

დეპუტატი დმიტრი დბარი, რომელიც კომისიის წევრია, ეჭვობს – ნამდვილად საჭიროა თუ არა პერმანენტული გათიშვები და რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდება.

მაგრამ მისი კოლეგა ბატალ აიბა დარწმუნებულია, რომ საჭიროა არა გამოძიება, არამედ აფხაზეთის ენერგეტიკის განვითარების კონცეფცია.

სანამ დეპუტატები, ენერგეტიკოსები და ხელისუფლება ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსავლის მოძებნას ცდილობენ – კერძო კომპანიები აფართოებენ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროების წარმოებას.

რუსულმა კომპანია „სინოტორგმა“ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტი. ვარაუდობენ, რომ ახალი საწარმო ქალაქ ოჩამჩირეში, ეთერზეთების ქარხნის ტერიტორიაზე აშენდება.

მიღებული ელექტროენერგიის რეალიზაციას „სინოტორგი“ არამხოლოდ აფხაზეთში ფიქრობს. კომპანიაში პირდაპირ ამბობენ, რომ ისინი დააინტერესა არა ელექტროენერგიის პრობლემამ, არამედ მომგებიანმა ტერიტორიულმა მდგომარეობამ.

მცირე სადგურების მშენებლობის ფასზე, ისევე, როგორც მის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის საფასურზე, ჯერჯერობით საუბარი არ არის. თუმცა, ალბათ, ნაკლებად უნდა ველოდოთ, რომ ფასი იქნება ნაკლები ან თუნდაც ისეთი, როგორითაც აფხაზეთის მცხოვრებლები დღეს ენგურჰესიდან იღებენ.

გადავარჩინოთ ენგურჰესი

სადგურის დირექტორის, ლევან მებონია, რომელიც ყველანაირად უჭერს მხარს ელექტროენერგიაზე ტარიფის მომატებას, ამბობს, რომ ოპტიმალური ფასი იქნება კვტ/სთ-ზე 0,7 ცენტი.

„ეს საკმაოდ კარგი შემოსავალი იქნება. თუმცა, ასეთი საფასურის პირობებში, აფხაზეთის მცხოვრებლები, ალბათ, ნაკლებად დახარჯავენ იმდენ ელექტროენერგიას, რამდენსაც ახლა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი უბრალოდ ელექტროენერგიის დაზოგვას დაიწყებენ – ეს ენგურჰესისთვის დიდი შეღავათი იქნება, დატვირთვა საგრძნობლად შემსუბუქდება“, – ამბობს მებონია.

ახლა ენგურჰესი საქართველოს დაფინანსებით მუშაობს, რომელმაც ევროპის განვითარების ბანკისგან აიღო კრედიტი სადგურის სრული რეაბილიტაციისათვის. 2020-2021 წლებში მისი აღდგენის ბოლო ეტაპი უნდა განხორციელდეს. ეს არის სადერივაციო გვირაბის გარემონტება და წყალსაცავის ფსკერის ლამისგან გაწმენდა.

„და საქართველოსთვის, რომელსაც ბევრი მცირე ჰესი აქვს, ენგურჰესი – ეს არის მთავარი ობიექტი ენერგოსისტემაში. ამ სადგურის გარეშე საქართველოს გაუჭირდება“, – ამბობს მებონია. „სადგურის სიმძლავრე 1,300 მეგავატია. ასეთი მასშტაბის ობიექტი მთელ კავკასიაში არ არის. ჩვენ ეს სადგური უნდა შევინარჩუნოთ“.

ამასობაში, ენგურჰესის ადეკვატური ექსპლუატაცია – ეს უსაფრთხოების საკითხიცაა. ავარიის შემთხვევაში, შესაძლოა, დაზარალდნენ აფხაზეთიც, საქართველოც, თურქეთიცა და რუსეთიც. მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს ძნელად წარმოუდგენია კავშირი სახლში ანთებულ ერთ ნათურასა და მილიონობით ტონა წყალს შორის.

„ყოველთვიურად 8 ათას რუბლს (106 ევროს) ვიხდი ელექტროენერგიაში, – ამბობს კაფე „აპრას“ მმართველი ალხას სანგულია, – რატომ უნდა მადარდებდეს მათი პრობლემები?“.

სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.

ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო


ასევე წაიკითხეთ