ზოგი მათ დახოცვას მოითხოვს, სხვები - მათ სტერილიზებას " />

აზერბაიჯანში ბოლო თვეების განმავლობაში ძაღლებმა ხუთი ათასი ადამიანი დაკბინეს

ზოგი მათ დახოცვას მოითხოვს, სხვები - მათ სტერილიზებას

აზერბაიჯანში მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებით პრობლემა გამწვავდა. ზოგიერთი ქალაქელი ირწმუნება, რომ აგრესიული ძაღლები ადამიანებს უფრო ხშირად ესხმიან თავს და მათი თავიდან მოშორებაა საჭირო. ცხოველთა დამცველები კი მოქალაქეებს ჰუმანიზმისკენ მოუწოდებენ.

რატომ დადგა ეს საკითხი ასე მწვავედ სწორედ ახლა

კამათი მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებით აზერბაიჯანში სიახლე არ არის – ეს თემა სოციალურ ქსელებსა და მედიაში მუდმივად შუქდება. ამჯერად, ის აქტუალური მას შედეგ გახდა, რაც 22 აპრილს ბაქოს მახლობლად, დაბა სულუტიაპიაში ცოფიანი ძაღლი ოთხი წლის ბიჭს დაესხა თავს და სახე დაუკბინა.

• მშვიდობიანი ძაღლები და კიდევ ცხრა რამ, რაც სტამბულში ბაქოელს აოცებს

• დავა სოციალური ქსელების გარშემო ბაქოში

ისე დაემთხვა, რომ სწორედ იმ დღეს ცხოველთა დამცველებმა აქცია გამართეს. ისინი ბაქოს აღმასრულებელი ხელისუფლების შენობასთან უსახლკარო ძაღლებზე მზრუნველი ცენტრი „ტოპლანისგან“ მაწანალა ძაღლების დაცვის მოთხოვნით მივიდნენ. აქციის მონაწილეთა თქმით, ამ ცენტრის თანამშრომლები, იმის ნაცვლად, რომ უსახლკარო ძაღლებს თავშესაფარი მისცენ და მათზე იზრუნონ, ცხოველებს იჭერენ და კლავენ.

ცენტრი „ტოპლანი“[ძაღლის გავრცელებული მეტსახელი] 2019 წლის თებერვალში გაიხსნა. პროექტი ჰეიდარ ალიევის ფონდის და ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ არის განხორციელებული, მისი ინიციატორი კი ფონდის ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის პრეზიდენტის ქალიშვილი ლეილა ალიევაა . „ტოპლანი“ გახდა ხელისუფლების ერთგვარი პასუხი ხანგრძლივ სკანდალზე, რომელიც ქალაქის „ძაღლების ყუთის“ მიერ მაწანწალა ძაღლების ბარბაროსული ხოცვის გამო იყო ატეხილი.

ამ მოვლენებმა საზოგადოება ააფორიაქა და მწვავე დისკუსიების მიზეზად იქცა.

ძაღლების მხრიდან ადამიანებზე თავდასხმის შემთხვევების შესახებ სხვა ინფორმაციაც გაჩნდა. მაგალითად, გაირკვა, რომ 21 აპრილს ბაქოს გარეუბანში სკოლის მოსწავლე, რომელსაც ძაღლების ხროვის შეეშინდა, მანქანის სავალი ნაწილისკენ გაიქცა და ის მანქანამ გაიტანა. ბავშვმა მსუბუქი ტრავმები მიიღო.

ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2019 წლის პირველი სამი თვის განმავლობაში აზერბაიჯანში ძაღლის ნაკბენებისგან თითქმის ხუთი ათასი ადამიანი დაზარალდა, 2018 წელს კი – 20 ათასზე მეტი.

ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები

ვეტერინარი ორჰან გაჯილი:

„ ქუჩის ძაღლების აგრესიის შესამცირებლად საჭიროა მათი სტერილიზაცია. ამგვარი ოპერაციის შემდეგ ისინი უსაფრთხოები ხდებიან. ასევე მნიშვნელოვანია ქუჩის, უსახლკარო ცხოველების მიმართ სიფრთხილის გამოჩენა. ადამიანები მათ აწამებენ, და ისინიც საპასუხოდ აგრესიას ავლენენ. მზრუნველობით გარემოცული, გამოკვებილი ცხოველები ადამიანებს თავს არ ესხმიან“.

დეპუტატი არაზ ალიზადი:

„უსახლკარო ძაღლები უნდა დახოცონ. ყველა დროში ასე იქცეოდნენ. აზერბაიჯანში უსახლკარო ძაღლების დაცვა – ეს არის დასავლეთის ქვეყნებიდან გადმოღებული ცუდი პრაქტიკა. თუმცა ცხოველების ადამიანების თვალწინ დახოცვა არ შეიძლება. კარგი იქნებოდა, რომ ძაღლებს გარკვეულ ადგილებში ხოცავდნენ“.

კომენტარები სოციალური ქსელებიდან:

„ჩვენში ვიდრე უსახლკარო ძაღლების რაოდენობის კონტროლირებას არ ისწავლიან, ისინი უნდა დახოცონ“;

„ძაღლები ქუჩებიდან უნდა მოაშორონ, მაგრამ არა – მათი დახოცვის გზით. ააშენონ სპეციალური მიმღები პუნქტები და სტერილიზება გაუკეთონ. და ნუ იტყვით, რომ ფული არ არის. ერთი-ორი კორუფციონერი რომ შეაჯანჯღარონ, 200 სპეციალიზებული მიმღები პუნქტის აშენება იქნება შესაძლებელი“;

„ ჯერ მექრთამეები უნდა დახვრიტონ, და შემდეგ – ცოფიანი ძაღლები!“


ასევე წაიკითხეთ