"პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის საქართველო ადრეც გამოყენებულა" - ზახაროვა სუს-ის სპეცოპერაციას გამოეხმაურა
ზახაროვა სუს-ის ოპერაციას გამოეხმაურა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა. ზახაროვას განცხადებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის საქართველო ადრეც გამოყენებულა.
“შეგახსენებთ საერთაშორისო ტერორიზმის თავნებობას ჩრდილოეთ კავკასიაში, როდესაც სახელდობრ საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო ტერორისტებს შეჰქონდათ ან ცდილობდნენ შეეტანათ (ოდესღაც გამოვიდა, ოდესღაც აღიკვეთა) იარაღი, საბრძოლო მასალა, ამუნიცია, ფული და ნარკოტიკები, რომლის გარეშეც ტერორიზმი, მაშინაც და ახლაც, კიევის რეჟიმის მაგალითზე, უკვე არაა “სრულყოფილი“ თავის მახასიათებლებში”, – განაცხადა მან.
ამასთან, ზახაროვამ არ დააკონკრეტა, აქვს თუ არა მოსკოვს ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 5 თებერვლის განცხადებით, რამდენიმე ერთეული სპეციალური მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს, რომელიც საქართველოს გავლით უკრაინიდან რუსეთში გაჰქონდათ.
სუს-ის განმარტებით, კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ამოღებული 14 კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში, ქვეყნის მასშტაბით გადაადგილებაში, ერთ-ერთი კონტეინერის რუსეთის ფედერაციის მიმართულებით ტრანზიტულად გატანაში, ხოლო მეორე მათგანის დედაქალაქში განთავსებაში ჩართული იყო საქართველოს – 7, უკრაინის – 3 და სომხეთის – 2 მოქალაქე.
როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, ასაფეთქებელი მოწყობილობის ექვსივე ინდივიდუალურ ყუთში დამონტაჟებული იყო მოქმედებაში მოსაყვანი ამდენივე ელექტრონული ტაიმერი, რომელშიც პროგრამულად უკვე ჩაწერილი იყო მოქმედებაში მოსაყვანი დრო. მათივე განმარტებით, ამოღებული მოწყობილობების პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ექვსივე მოწყობილობა დამზადებულია მაღალი დონის სპეციალისტის მიერ და გათვლილია დაზიანების ფართო რადიუსზე.