"პოლიციელმა დაკავებულის შებოჭვა სცადა და იარაღი გაუვარდა" - წყნეთში მკვლელობა მოხდა
წყნეთში მკვლელობა მოხდა
მკვლელობა წყნეთში, გუდიაშვილის ქუჩაზე გუშინ, 18 აპრილს მოხდა. ბრალდებული პოლიციელია, რომელიც უკვე დააკავეს, ხოლო გარდაცვლილი 30 წლის ზურაბ გველესიანი.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, პოლიციელმა დაკავებულის შებოჭვა სცადა და იარაღი გაუვარდა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა, კოკა კაციტაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განმარტა, საქმე ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ეხებოდა:
“2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია.”
კაციტაძის თქმით, შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას პოლიციელებს დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული.
“ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა“, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქმეზე ჩაატარეს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები – დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, საიდანაც ამოღებულ იქნა ექსპერტიზისთვის საჭირო კვლევის ნიმუშები. გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოიღეს დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც დააკავეს პოლიციის დეტექტივი.
“ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები.” – ამბობენ უწყებაში.