მოხმარებისთვის არასაკმარისი ოდენობის ნარკოტიკის შენახვისთვის ადამიანებს აღარ დაიჭერენ
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „გამოუსადეგარი ოდენობის“ ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ადამიანი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით აღარ დაისჯება. სასამართლომ დაასკვნა, რომ მსგავსი სასჯელი “არაპროპორციულია” და ის არაადამიანური სასჯელის გამოყენების აკრძალვის კონსტიტუციურ ნორმას ეწინააღმდეგება.
სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ, საპატიმროს დატოვებს ყველა ის ადამიანი, ვინც დაასაბუთებს, რომ ნარკოტიკის რაოდენობა, რის გამოც ის დააკავეს, მოხმარებისთვის უვარგისი იყო.
გარდა ამისა, სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება, შეუძლია განაჩენის გადასინჯვისთვის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს.
“ცარიელი შპრიცებისთვის ვეღარ დაიჭერენ და არაფრისთვის დაჭერილები გამოვლენ,” – ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას “თეთრი ხმაურის მოძრაობის” ერთ-ერთი აქტივისტი, ბექა წიქარიშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ცალ-ცალკე შეიტანეს. სასამართლომ ეს ორი საქმე ერთ საქმედ – „ნოე კორსავა და გიორგი გამგებელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ გააერთიანა.
რას ითხოვდნენ მოსარჩელეები?
აქამდე საქართველოში ადამიანი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, მაშინაც კი, თუ მას მოხმარების შემდეგ დარჩენილ ცარიელ შპრიცს აღმოუჩენდნენ, სადაც კედლებზე ნარკოტიკული ნივთიერების თვალისთვის უხილავი ნაწილაკი იყო შერჩენილი.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა ერთ-ერთი მოქალაქის ინტერესებს, რომელიც დამნაშავედ ცნეს 0,00000126 გრამი მეტამფეტამინის შენახვისთვის.
ეს არის ნარკოტიკის მოხმარების შედეგად ჭურჭელში დარჩენილი თვალით უხილავი ნივთიერება, ჭურჭლის ანაფხეკი, რომლის არათუ გასაღება, არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელია.
• საქართველოში მარიხუანის მოწევა შეიძლება? რა წერია ახალ კანონში?
• ნარკოპოლიტიკა საქართველოში – ცვლილებების დრო დადგა?
• თანამედროვე ნარკოპოლიტიკა: რას გვასწავლის პორტუგალიის მაგალითი?
საია სასამართლოში ამტკიცებდა, რომ ადამიანის დასჯა ისეთი მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შენახვისთვის, რომლის არათუ გავრცელება არამედ მოხმარებაც კი შეუძლებელია, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს არღვევს – კონსტიტუციის მე-9 მუხლი კრძალავს არაადამიანური სასჯელის გამოყენებას.
რა დაასკვნა სასამართლომ
საკონსტიტუციო სასამართლომ მოსარჩელეთა არგუმენტები გაიზიარა და ძალადაკარგულად ცნო ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების იმ ოდენობით შეძენა-შენახვისათვის, რაც მოსახმარად არის გამოუსადეგარი.
“საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოხმარებისთვის გამოუსადეგარი რაოდენობის ნარკოტიკული ნივთიერების შენახვისთვის 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ღირსების შემლახავი და არაადამიანური სასჯელია,” – ამბობს საიას იურისტი, გიორგი გოცირიძე.
საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ თუ რა ოდენობის ნარკოტიკული საშუალებაა მოსახმარად გამოსადეგი, ეს კონკრეტულ ნარკოტიკულ ნივთიერებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის განმხილველმა მოსამართლემ მტკიცებულების, ანუ ნარკოლოგის ჩვენების საფუძველზე უნდა განსაზღვროს.