წიწაკა ზეითუნის მარინადში
ჩემი საყვარელი დეიდა ჟანას სახლში ხშირად იკრიბებოდა მისი მრავალრიცხოვანი სამეგობრო. მეგობრები მასთან ოჯახებით მოდიოდნენ ხოლმე სტუმრად. “სტალინისდროინდელი” სახლის დიდ, გრილ ბინაში ვიღაც როიალზე უკრავდა, ვიღაც ზანტად იჯდა კომფორტულ, ღრმა ტახტზე, ბავშვები აქეთ-იქით დარბოდნენ. უზარმაზარ მაგიდა კი თანდათან სხვადასხვაგვარი კერძით ივსებოდა.
მართლაც საოცარი კერძები იყო და სწორედ ეს გახდება სერია “დეიდაჩემის გემრიელი რეცეპტები”-ს მთავარი თემა. ჯერ მარტო ფარშირებული ბოსტნეული რად ღირს – წიწაკა, ბადრიჯანი და პომიდორი, რომლებიც ერთად მზადდებოდა უზარმაზარ ქვაბში წარმოუდგენელი რაოდენობით.
იმ უამრავი სალათიდან, რომლებიც იჭრებოდა და უზარმაზარი, ლამაზი თასებით გაჰქონდათ სუფრასთან, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა შემწვარი ბულგარული წიწაკა, რომელსაც წინასწარ ამზადებდნენ და მაცივარში აგრილებდნენ. ამიტომ, როდესაც მაგიდაზე გამჭვირვალე, ოდნავ დაორთქლილი თასით მიჰქონდათ, საოცრად დახვეწილ გემოს იღებდა. და რა შეიძლება ყოფილიყო ამ კერძზე უკეთესი ოცდაათგრადუსიან სიცხეში? ასეთი წიწაკის ცივი, სასიამოვნო, მომჟავო-მოტკბო გემო ყველას გულს იგებდა.
ამ კერძს საოცრად მარტივი რეცეპტი აქვს:
· სხვადასხვა ფერის რამდენიმე მსხვილი ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, გააშრეთ და სინზე დაალაგეთ;
· სინზე დაწყობილი წიწაკა 15-20 წუთით 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში შედეთ;
· ის, თუ რამდენად მზადაა პროდუქტი, წიწაკის ზედაპირით განისაზღვრება – თუკი რბილობს თხელი აპკისებური კანი ძვრება, ე.ი. წიწაკა ღუმელიდან უნდა გამოვიღოთ;
· ამის შემდეგ წიწაკა უნდა გაგრილდეს;
· თითოეულ წიწაკას ნახევრადმომძვრალი აპკი მოაცილეთ და რბილობი ჩადეთ იმ თასში, რომელშიც კერძის მომზადებას გეგმავთ (სასურველია, მინის ჭურჭელი შეარჩიოთ) ამ დროს წიწაკას წვენი გასდის ხოლმე, მაგრამ ეს სითხე არ გადაასხათ – სწორედ ის ანიჭებს კერძს განსაკუთრებულ პიკანტურობას;
· ცალკე პატარა თასში ჩაასხით ზეითუნის ზეთი და ძმარი (ძალიან უხდება ვაშლის ძმარი) შეფარდებით 1:1. ჯერ მოურიეთ, შემდეგ კი ათქვიფეთ;
· მიღებულ სოუსი გასუფთავებულ წიწაკას დაასხით;
· და შედეთ მაცივარში. ერთი საათით მაინც.
ასეთ მდგომარეობაში წიწაკა შეგიძლიათ ორი-სამი კვირითაც კი შეინახოთ მაცივარში. ამიტომ შესაძლებელია, ერთბაშად დიდი რაოდენობით მოამზადოთ – რადგან ძალიან გემრიელია.
პირველად გამოქვეყნებულია: 14.07.2016