ლეგენდარული ცაცხვი აფხაზეთში დონეცკიდან ჩამოსული მღვდლის კურთხევით დააზიანეს
ვინ დააზიანა აფხაზეთში ლეგენდარული ცაცხვი
ვანდალები, რომლებმაც აფხაზეთში ლეგენდარული ცაცხვი დააზიანეს, დააკავეს. ისინი ძმები ირაკლი და დაურ ბაგათელია აღმოჩნდნენ. მათ ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარეს. ვარაუდობენ, რომ დანაშაულს რელიგიური მოტივი ჰქონდა და იგი დონეცკიდან აფხაზეთში ჩასული მღვდლის „კურთხევით“ მოხდა.
ლეგენდარული კავკასიური ცაცხვი, რომლის ასაკი 147 წელია, დაახლოებით ორი კვირის წინ ბენზოხერხმა დააზიანა.
ეს ცაცხვი აფხაზურ სოფელ ლიხნის ისტორიული ჭალის სულიერ სიმბოლოდ ითვლება. მრავალი საუკუნის მანძილზე, მათ შორის საბჭოთა პერიოდშიც, ამ ადგილას იმართებოდა სრულიად აფხაზური სახალხო შეკრებები, რომლებზეც ხალხისთვის საბედისწერო გადაწყვეტილებები მიიღებოდა. აფხაზებისთვის ლიხნის ჭალა (ლიხნაშტა) წმინდა ადგილად ითვლება.
- ვინ როგორ არღვევს და იცავს ადამიანის უფლებებს აფხაზეთში. ომბუდსმენი ყველაზე გახმაურებულ ისტორიებს ჰყვება
- მაინინგი აფხაზეთში: “გავაგრძელებ, სანამ მოწყობილობას არ წამართმევენ”
თავდაპირველად გამოძიებას რამდენიმე ვერსია ჰქონდა მომხდარის მიზეზებზე, მათ შორის განიხილებოდა უცხოური დაზვერვის სამსახურების დივერსიაც (საუბარი იყო ქართულ სპეცსამსახურებზე).
თუმცა, ამ ეტაპზე, როგორც გაირკვა, დამნაშავეები რელიგიური მოტივით მოქმედებდნენ და მათი მოტივი წარმართული სიმბოლოს განადგურება იყო.
როგორც აფხაზეთის წმინდა მიტროპოლიის საბჭოს თავმჯდომარე, არქიმანდრიტი დოროთეოსი (დბარი) სოციალურ ქსელში წერს, ვანდალიზმი მოხდა აფხაზეთში დონეცკიდან ჩასული მართლმადიდებელი მღვდლის “დავალებითა და კურთხევით“. აფხაზეთში ჩამოსვლის შემდეგ ეს მღვდელი აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სოხუმ-ბიჭვინთის ეპარქიის რიგებში მიიღეს და აძიუბჟას ეკლესიის მსახურ მღვდელმთავრად დანიშნეს.
„უკვე ათასჯერ ვთქვი და დავწერე: აფხაზების ტრადიციულ რელიგიურ მრწამსსა და რიტუალებს არაფერი აქვთ საერთო წარმართობასთან, რადგან აფხაზები ამ რიტუალებს ერთი ღმერთის სახელით ასრულებენ. ჩემთვის, მართლმადიდებელი მღვდლისთვის, ისინი ღმერთთან ზიარების განსაკუთრებული ფორმებია, რომლებიც განვითარდა ჩვენი ხალხის მიერ გასული საუკუნეების განმავლობაში. ჩვენი წინაპრები ამ რიტუალებს განსაკუთრებული პატივისცემით ასრულებდნენ და მათი შესრულების ადგილებაც განსაკუთრებულად ირჩევდნენ.
ლიხნის ჭალაში ვანდალიზმის ჩამდენ პირებს რომ გაეგოთ ამის შესახებ აფხაზი მღვდლებისგან ან აფხაზური ტელევიზიის ეკრანებიდან რომ ენახათ ამ თემაზე გადაცემები, არ მოხდებოდა ეს სამწუხარო ამბავი, რომელმაც ახლა ყველა დაგვაღონა,“ – წერს არქიმანდრიტი დოროთეოსი.
მომხდარის გამო ერთი ძმა ბაგათელია დააკავეს, მეორე კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო