სუს-მა პრორუსი ბლოგერის, ბექა ვარდოსანიძის სახლი გაჩხრიკა და ის გამოკითხვაზე დაიბარა. მანამდე ვარდოსანიძე საპატრიარქოს დაუპირისპირდა
ვარდოსანიძე სუსში დაკითხვაზე დაიბარეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა დღეს დილით ბექა ვარდოსანიძის ბინა და ავტოფარეხი გაჩხრიკა.
ჩხრეკა სასამართლოს მიერ გაცემული განჩინებების საფუძველზე ჩატარდა.
ბექა ვარდოსანიძე ულტრამემარჯვენე აქტივისტი და ბლოგერია, რომელიც უმცირესობების მიმართ ძალადობრივი მოწოდებებით და პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა.
ვარდოსანიძე დილიდან იმყოფება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში გამოკითხვაზე. ვარდოსანიძე მოწმის სახით იკითხება.
როგორც სუს-ის განცხადებაში წერია, ვარდოსანიძის სარგებლობაში არსებული ელექტრონული ფოსტიდან, გარკვეული ინტერვალით სხვადასხვა უწყებაში იგზავნებოდა ტერორისტული შინაარსის მუქარები, “რაც დაკავშირებული იყო აფეთქებების განხორციელებასთან”.
სუს-ის განცხადებით, მსგავსი შინაარსის შეტყობინებები მიიღო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა, ასევე, ტელეკომპანია „იმედმა” თავის ოფიციალურ მეილზე.
“ტექსტში მითითებული იყო, რომ კლუბში „ბასიანი“, ბარში „რატის ბარში“ და რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საახალწლო ღონისძიების ფარგლებში განთავსებულ სცენაზე, ასევე მიმდებარე ტერიტორიასა და სხვადასხვა ავტომანქანაში დამონტაჟებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობები”.
მედიასთან საუბარში ბექა ვარდოსანიძის დედამ განაცხადა, რომ დილით ჩატარებული ჩხრეკისას, ვარდოსანიძის სახლიდან წაიღეს კომპიუტერები და მობილური ტელეფონები.
უწყებაში ადასტურებენ, რომ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა კომპიუტერული და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი ტექნიკა, “რაზეც ჩატარდება შესაბამისი მოქმედებები და საექსპერტო კვლევები”.
● ვახტანგ ძაბირაძის კომენტარი: ყოველთვის სამოქალაქო არეულობაზეა საუბარი, როცა ხელისუფლება გავლენას კარგავს
● სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ “ოცნებამ” დანიშნა ელჩები, რომლებიც აგენტურულ ბაზაში ირიცხებოდნენ
ბექა ვარდოსანიძე პრორუსული, ძალადობრივი ორგანიზაციის, „ალტ-ინფოს“ წევრია. თავის ვიდეობლოგებსა და სოციალურ ქსელებში სხვა აქტივობების დროს ვარდოსანიძე ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ, ანტივაქსერულ და ჰომოფობიურ გზავნილებს ავრცელებს.
ეს ორგანიზაცია დგას საქართველოში ბოლო წლებში ჩატარებული თითქმის ყველა ჰომოფობიური თუ ანტიევროპული აქციის უკან. ამ ორგანიზაციის წევრები აქტიურობდნენ 2021 წლის 5 ივლისის აქციის დროს. ამ აქციის დროს ათობით ჟურნალისტი სცემეს, ერთი ჟურნალისტი- ლექსო ლაშქარავა კი ცემიდან დამდენიმე დღეში გარდაიცვალა.
ვარდოსანიძეს, რომელიც წლებია, სხვადასხვა პლატფორმაზე მაუწყებლობს, ახლა მხოლოდ ფეისბუკზე 80 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მის ვიდეოებს ათიათასობით ნახვა და ათასობით მოწონება და გაზიარება აქვს.
ბოლო სკანდალი, რომელიც ვარდოსანიძის სახელს უკავშირდება, სტალინისა და მატრონას ხატის გარშემო განვითარდა. საზოგადოებრივი სკანდალის შემდეგ, საპატრიარქომ გადაწყვიტა, რომ სტალინის გამოსახულებიანი ხატი ჩამოეხსნათ და სტალინის გამოსახულება ხატიდან წაეშალათ. ამ გადაწყვეტილებამ „კონსერვატიულ ფლანგსა“ და რელიგიურ წრეებს შორის შეიტანა განხეთქილება. ვარდოსანიძე ხატიდან სტალინის წაშლის წინააღმდეგი იყო. მან საპატრიარქოს პრესცენტრის უფროსი „ეკლესიის მტრების გახარებასა“ და „ლიბერალების წახალისებაში“ დაადანაშაულა და მის გადადგომა მოითხოვს. როგორც ექსპერტები მაშინ აღნიშნავდნენ, ეს პირველი სერიოზული დაპირისპირება იყო კონსერვატიულ ფლანგზე.