უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს მადლობა გადაუხადა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის მხარდამჭერი განცხადებისთვის მადლობა გადაუხადა.
“მადლობა უკრაინის მიმართ სოლიდარობის და მხარდაჭერის მტკიცე განცხადებისთვის. ჩვენ უფრო ძლიერები ვართ სანდო პარტნიორებთან ერთად. ასოცირებული ტრიოს მეგობრული ქვეყნებისთვის მომავალი უალტერნატივოა. ერთად ვემზადებით ბრიუსელის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის“. – წერს ზელენსკი ტვიტერზე.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 8 დეკემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ უკრაინის საზღვართან ვითარება საგანგაშოა. ასევე, მან მხარი დაუჭირა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობას.
“მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს, რომელთანაც გვაახლოებს ისტორიული მეგობრობა და დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საბჭოთა წარსულის დაძლევის, ახალი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის და ევროპული ინტეგრაციის გზა. მჯერა, რომ უკრაინა გაუძლებს არსებულ დაძაბულობას და საფრთხეს და საკუთარ არჩეულ გზას ვერავინ და ვერაფერი შეაცვლევინებს. მჯერა, ასევე, რომ მშვიდობიან მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა და მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა ყველას ინტერესშია”. – განაცხადა პრეზიდენტმა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
● “ისკანდერები” და კიევის ოკუპაცია. რას ამბობენ უკრაინაში რუსული აგრესიის გეგმებზე
● სამხედრო დახმარება და რეფორმები. რაზე შეთანხმდნენ უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტები
● ნავალნი, უკრაინა, კიბერთავდასხმები – რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა პირველი ოფიციალური შეხვედრისას
რა ხდება უკრაინაში
უკვე ერთი თვეა, დასავლური პრესა უკრაინაში რუსეთის ღია, ფართომასშტაბიანი შეჭრის მზარდი საფრთხის შესახებ წერს. ამჟამად უკრაინის საზღვართან 100 ათასზე მეტი რუსი სამხედროა მობილიზებული.
ოფიციალურმა კიევმა დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაადასტურა პარტნიორების შიში – რუსული აგრესიის ახალი ტალღა შეიძლება ამ ზამთარს დაიწყოს. მეტიც, უკრაინის დაზვერვამ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარი გამოაქვეყნა.
20 ნოემბერს ამერიკულმა ვებგვერდმა Military Times-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც რუსული არმიის შეტევითი მოქმედებების რუკაც ახლავს. ეს რუკა უკრაინის სამხედრო დაზვერვამ მოამზადა.
სტატიაში თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა კირილ ბუდანოვმა ფართომასშტაბიანი შემოჭრის შესაძლო სცენარი აღწერა.
არც პრეზიდენტი და არც უკრაინის სხვა ოფიციალური პირები ომის შემთხვევაში მოვლენების შესაძლო სცენარზე საჯაროდ არ საუბრობენ. თუმცა, ცალკეული განცხადებები მიუთითებს იმაზე, რომ კიევს სირიის სცენარის განმეორების საფრთხე ესმის.
ამიტომაც, პირობითი “ჯაველინების” (თანამედროვე ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სისტემა უკრაინის შეიარაღებაში) გარდა, დასავლეთისგან კიდევ უფრო ძლიერი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ.
7 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიდეოშეხვედრა გაიმართა. ბაიდენის თქმით, მან პუტინს უთხრა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას მძიმე შედეგები მოჰყვება.
მისივე განმარტებით, პუტინთან ლაპარაკისას აღნიშნა ისიც, რომ აშშ უკრაინას თავდაცვის საშუალებებს მიაწვდის. კვირის ბოლოს კი შესაძლოა კიდევ იყოს შეხვედრა რუსეთთან, ამჯერად ნატოს ოთხი მოკავშირე ქვეყნის მონაწილეობით.