თავისუფლება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. როგორ ცხოვრობს მარიუპოლის მცველი ტყვეობის შემდეგ
მარიუპოლის მცველები
თავისუფლება ისეთი მარტივი არ აღმოჩნდა, როგორიც ტყვეობაში ჩანდა. დაბრუნების შემდეგ მარიუპოლის ტერიტორიული თავდაცვის მებრძოლი ანატოლი ვასილჩენკო ახალ გამოცდებს შეეჯახა. ეს უკვე მშვიდობიან, თუმცა მისთვის უცხო ცხოვრებაში მოხდა. მას ჯანმრთელობის აღდგენა და ურთიერთობის დასრულებასთან გამკლავება უწევს. ასევე ცდილობს, ომის მიღმა საკუთარი ადგილი იპოვოს და ყოველდღიური საფრთხის გარეშე ცხოვრება თავიდან ისწავლოს. მისი ისტორია გვიჩვენებს, რომ სახლში დაბრუნება ყოველთვის ბედნიერ დასასრულს არ ნიშნავს. ზოგჯერ ის ბრძოლის გაგრძელებაა.
უკრაინული გამოცემის, „ნოვინი დონბასუ“-ს მასალა:

საუკეთესო მეკარე
ანატოლი 1985 წელს მარიუპოლის მარცხენა სანაპიროს რაიონში დაიბადა. ღარიბ ოჯახში გაზრდილი ბიჭის ბავშვობა უბრალო სიხარულით იყო სავსე.
„ზაფხულში ათი ბავშვისთვის ერთი ბურთი გვქონდა. ზამთარში მიტოვებულ წყალსაქაჩ სადგურებთან სასრიალო მოედნებს ვაწყობდით. დაუსრულებელი შენობები და ავტოფარეხები კი მთელი წელი ჩვენი იყო“, – იხსენებს ანატოლი.
ის აქტიური, თუმცა ზარმაცი ბავშვი იყო. წიგნებთან ჯდომას ცელქობა ერჩივნა. ფეხბურთს კარგად თამაშობდა, უფრო ზუსტად კი, კარში იდგა.
„ალბათ, რაღაცის დაცვა სისხლში მაქვს“, – იღიმის მარიუპოლელი.
მოზარდობისას გუნდ „პორტოვიკში“ მიიწვიეს. იქ წარწერით „საუკეთესო მეკარე“ თასი მიიღო. მოგვიანებით სპორტისთვის თავის დანებება მოუწია – ფული უნდა გამოემუშავებინა. ანატოლი ჯერ ავტომრეცხავად მუშაობდა. შემდეგ ლითონის ნაწარმის მწარმოებელ კომპანიაში მძღოლი გახდა.

პრინციპული გადაწყვეტილება
ანატოლი სამხედრო სამსახურში 2017 წელს წავიდა. იმხანად მობილიზაციის მეოთხე ტალღა მიმდინარეობდა, თუმცა ის მოხალისედ ჩაეწერა. გადაწყვეტილებაზე მისი მაშინდელი მეუღლის შეხედულებებმა იმოქმედა.
„ის სეპარატისტი იყო. როდესაც სამხედრო კომისარიატიდან დოკუმენტების შესამოწმებლად უწყება მომივიდა, მან დედასთან ერთად ბინის გაყოფის განხილვა დაიწყო. ყვირილისა და სკანდალის გარეშე ვუთხარი, ნივთები შეეგროვებინა, და განქორწინებაზე განცხადება შევიტანე. მეორე დღეს კი 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადასთან კონტრაქტის გასაფორმებლად წავედი“, – ამბობს ანატოლი.
სამხედრო ცხოვრებას სწრაფად შეეჩვია. მისი თქმით, რთული მხოლოდ პირველი ნახევარი წელი იყო. 2017-2020 წლებში ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში. ის ბახმუტისა და კონსტანტინოვკის მიდამოებშიც იბრძოდა.
2020 წელს სამსახურიდან წამოვიდა და „გორვოდოკანალში“ კონტროლიორად დაიწყო მუშაობა. სამოქალაქო ცხოვრებასთან დაბრუნება მარტივი არ აღმოჩნდა.
„ადამიანებთან ურთიერთობა მიჭირდა. მარიუპოლი ორ ბანაკად იყო გაყოფილი – პატრიოტებად და „რუსული სამყაროს“ მომხრეებად. შესაბამისად, მეგობრების ნახევარი თავისთავად ჩამომშორდა“, – იხსენებს ის.

„დაიცავი შენი სახლი“ პირდაპირი მნიშვნელობით
2022 წლის 24 თებერვალს ანატოლიმ ქალაქის გარეუბანში აფეთქებების ხმაზე გაიღვიძა. იგივე მოხდა მარიუპოლის მცხოვრებთა უმეტესობისთვის. მან სამსახურში დაბრუნება მაშინვე გადაწყვიტა.
„ვფიქრობდი, რომ ეს მხოლოდ ვითარების გამწვავება იყო. ახლა სწრაფად გავუმკლავდებოდით და ისევ ძველებურად ვიცხოვრებდით“, – ამბობს ის იმედგაცრუებით.
ანატოლიმ სამხედრო ნივთები აიღო და №2 ინტერნატში წავიდა. იქ ტერიტორიული თავდაცვის შტაბი იყო განთავსებული. შენობა მისი სახლიდან 20 მეტრში იდგა. ამიტომ მოწოდებამ „დაიცავი შენი სახლი“ მისთვის პირდაპირი მნიშვნელობა შეიძინა.
მებრძოლების პირველი დისლოკაციის ადგილი მარიუპოლის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ისტორიული კორპუსი გახდა. პირველ დღეს ისინი სამოქალაქო მძღოლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაჰყავდათ. მეორე დღეს მძღოლებმა უარი თქვეს. გადაყვანა ანატოლიმ იკისრა. მას თანამებრძოლები ვოლოდარსკის გზატკეცილზე პოზიციებზე მიჰყავდა და პარალელურად ავარჯიშებდა. ანატოლი საბრძოლო გამოცდილების მქონე ერთ-ერთი იშვიათი მებრძოლი იყო.
„როდესაც ზურგიდან, „პორტსიტის“ რაიონიდან დაგვესხნენ თავს და ავიადარტყმები დაიწყო, მივხვდი, რომ რთული იქნებოდა“, – ამბობს ანატოლი.
მარიუპოლის მცველებზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება საპენსიო ასაკის კაცებმა მოახდინეს. მათ შვილებისა და შვილიშვილების დაცვა გადაწყვიტეს.
„ისინი რუსული პროპაგანდის სტერეოტიპებს ამსხვრევდნენ. ეს იყვნენ გონიერი ადამიანები, რომლებსაც ახსოვდათ, რა იყო საბჭოთა კავშირი და რომ იქ კარგი არაფერი ყოფილა… უკან დახევის ბრძანებისას ამბობდნენ: „ჩვენ ვრჩებით, რომ მტერი შევაჩეროთ““, – იხსენებს ის.
მარიუპოლი ალყაში მოექცა. პრიმორსკის რაიონიდან თავდაცვის ძალები ნახიმოვის გამზირის გავლით მარცხენა სანაპიროსკენ იხევდნენ. ანატოლის ჯგუფი მეომრების განმათავისუფლებელთა მოედნის რაიონში ალყაში აღმოჩნდა.
„ატო-ს მებრძოლი საინტერესოა“ და ზურგზე ამოკვეთილი „Z“
მებრძოლების გადასარჩენად მეთაურმა მათ სამოქალაქო ტანსაცმლის ჩაცმა და რუსული ბლოკპოსტების გავლა უბრძანა. ხერხმა არ გაამართლა. 2022 წლის 4 მაისს ოკუპანტებმა ანატოლი დააკავეს. მხარზე პარაშუტის ტატუ შეამჩნიეს და ხელები შეუკრეს. შემდეგ თავზე პაკეტი ჩამოაცვეს და კომენდატურაში წაიყვანეს.
დაკითხვის შემდეგ დონეცკში გადაიყვანეს, 20 ივნისს კი ოლენოვკის კოლონიაში. სამხედრო ტყვეები საწოლების გარეშე, ბარაკებში ჰყავდათ.
„პალეტებზე გვეძინა და ტბის წყალს ვსვამდით, რომელიც სახანძრო მანქანას მოჰქონდა. ყველას დიარეა ჰქონდა“, – ამბობს მარიუპოლის მცველი.
ძალადობა გორლოვკის კოლონიაში
ოლენოვკიდან იგი გორლოვკის სასჯელაღსრულების კოლონიაში გადაიყვანეს, აფეთქებამდე ერთი დღით ადრე. რუსული მხარე ამ აფეთქებას უკრაინულ დაბომბვად წარმოაჩენდა.
„გორლოვკაში მიღებისას იმაზე მეტად გვცემეს, ვიდრე სხვაგან. ჩხრეკისას ფეხებს გვირტყამდნენ. აბანოში შეგვიყვანეს და ისევ გვცემეს. შიშვლები, მხოლოდ ზეწრებში გახვეულები, ბარაკისკენ გავრბოდით“, – იხსენებს ის.
რეჟიმის ნებისმიერი დარღვევისთვის ტყვეები შიდა საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მიჰყავდათ. იქ დაცვა მათზე ძალადობდა და რუსეთის ჰიმნის შესრულებას აიძულებდა. ტყვეებს ზურგზე ხელკეტებით ასო „Z“-ს უსახავდნენ. რუსული სპეცრაზმის ჩამოსვლის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.
„გვაიძულებდნენ „მერცხლის“ პოზაში გვევლო – ხელები ზურგს უკან, თავი კი წელის დონეზე. სასადილოს წინ და შიგნით ელექტროშოკებითა და ხელკეტებით გვცემდნენ, გაზის ბალონებიდან გვასხურებდნენ“, – ამბობს ანატოლი.
განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ №8 ბარაკის პატიმრებს. მათი უმეტესობა „აზოვის“ მებრძოლი იყო. ანატოლი ასევე საუბრობს სამხედრო ტყვეებზე, რომლებიც კოლონიის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობდნენ. მისი თქმით, მათი გვარები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა იცის.
„ბიჭებს სიგარეტის სანაცვლოდ აბეზღებდნენ. კარგ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს ართმევდნენ და სპეცრაზმთან სიგარეტზე ცვლიდნენ. მათ სამოქალაქო პასტორი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ხანდაზმულ სამხედროს კი გადაჭარბებული ვარჯიშით ინსულტი დამართეს“, – ამბობს ანატოლი.
2024 წლის 20 ივნისს ყველა ტყვე გორლოვკის კოლონიიდან გადაიყვანეს. უკრაინულმა ძალებმა ფრონტი გაარღვიეს. ამიტომ პატიმრების გათავისუფლების თეორიული შესაძლებლობა გაჩნდა.
სადესანტო წარსული
ანატოლი კიროვის კოლონიაში გადაიყვანეს, სადაც რეჟიმი შედარებით რბილი იყო. სხვების მსგავსად, მიღებისას სცემეს. ყოველდღიური სასჯელი ჩაჯდომები და აზიდვები იყო.
სადესანტო წარსულმა მოულოდნელად დადებითი როლი ითამაშა. დაცვის ცვლის ერთ-ერთი უფროსი 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადის ყოფილი სამხედრო აღმოჩნდა. ის რუსეთის მხარეს იყო გადასული.
„თითქმის თანასწორივით ვსაუბრობდით. ამის შემდეგ რეჟიმის ჩემს მცირე დარღვევებზე თვალს ხუჭავდა“, – ამბობს ანატოლი.
სანამ შესაძლებლობა ჰქონდა, მუშაობდა. ფიზიკური შრომა სიამოვნებას ანიჭებდა და დღეებიც სწრაფად გადიოდა. ყოველდღე იყო გაღვიძება, საუზმე და მუშაობა. შემდეგ სადილი, ისევ მუშაობა, ვახშამი, აბანო და ძილი.

თავისუფლებაზე. როგორი იყო?
ანატოლისთვის გაცვლა 2024 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. მან ტყვეობაში ორი წელი და რვა თვე გაატარა.
„ერთხელ კოლონიაში რუს პატიმარს ვესაუბრე, რომელიც უნდა გაეთავისუფლებინათ. ვკითხე: „რას გრძნობ, როდესაც იცი, რომ ხვალ უკვე თავისუფალი იქნები?“ შემომხედა და მიპასუხა: „ეშმაკმა იცის, ათი წელია თავისუფლებაზე არ ვყოფილვარ“. მეც ზუსტად ასე ვერ ავხსნი, რას ვგრძნობდი და რას ვფიქრობდი“, – ამბობს ანატოლი.
კოლონიის შტაბში ჰკითხეს, ნამდვილად არ სურდა თუ არა მარიუპოლში დაბრუნება. მაშინ მიხვდა, რომ გაცვლაზე იყო საუბარი.
საუზმის შემდეგ მას და მარიუპოლის კიდევ რამდენიმე მცველს უკრაინული სამხედრო ფორმა ჩააცვეს. შემდეგ იყო ფრენა როსტოვიდან და თვალებზე სახვევი. ანატოლის ცივი თვითმფრინავი და ავტობუსის რბილი სავარძლები ახსოვს. საზღვრის გადაკვეთა, ხელზე ლურჯ-ყვითელი სამაჯური და ჩერნიგოვის ჰოსპიტალი. 30 დეკემბერს ანატოლი უკრაინაში დაბრუნდა. თუმცა ამის გაცნობიერებას დრო დასჭირდა.
თავისუფლებაზე გამოცდები და აზრის ძიება
გაცვლიდან მეოთხე დღეს საყვარელმა ქალმა უთხრა, რომ აღარ ელოდა. ის დანიაში ცხოვრობდა და მათ საერთო მომავალს ვერ ხედავდა.
„ეს ჩემთვის დარტყმა იყო. მთელი კვირა ვგლოვობდი და მარტოობას ვეჩვეოდი“, – ამბობს ის.
უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ანატოლის ცოცხალი ნათესავი არ ჰყავდა. მას არც საცხოვრებელი ჰქონდა. რეაბილიტაცია ჯერ ვინიცის ოლქის სანატორიუმებში, შემდეგ კი კიევში გააგრძელა. ჯანმრთელობის პრობლემებს ადაპტაციის სირთულეებიც დაემატა.
„უცნაური იყო, რომ „რეჟიმი“ აღარ არსებობდა. არავინ გეჩქარება, არავინ გამცირებს, სანატორიუმში ოთახის დალაგებაც არ გჭირდება. თანამშრომლები მეუბნებოდნენ, მხოლოდ უნდა დაისვენოო. თავს უხერხულად ვგრძნობდი“, – ამბობს ყოფილი ტყვე.
სამხედრო ნაწილმა მას კუთვნილი თანხა გადაუხადა. თუმცა საცხოვრებლის საკითხი ისევ ღია დარჩა. ორგანიზაცია „ტერიტორიული თავდაცვის ქალების“ მოხალისეებმა ბორისპოლში უფასო საცხოვრებელი შესთავაზეს.
მისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გახდა ქალთან ურთიერთობა, რომლის ქმარიც დაკარგულად ითვლება. ის ანატოლის ურეკავდა, ამბებს ეკითხებოდა და გვერდით ყოფნას ცდილობდა.
ანატოლი აღიარებს, რომ ალკოჰოლზე მძიმე დამოკიდებულების პერიოდი გაიარა. ნახევარი წლის განმავლობაში ყოველდღე სვამდა.
„ვიღვიძებდი და ლუდის საყიდლად გავრბოდი. შემდეგ ვფიქრობდი: „რატომ არ უნდა დავლიო ასი გრამი?“ მოწყენილი ვიყავი და ყველაფერი სულერთი გახდა. იქამდე მივედი, რომ არჩევანი უნდა გამეკეთებინა – საინტერესო სამსახური ან სიკვდილი“, – ამბობს ანატოლი.
სამუშაო და ჩვეულებრივ ცხოვრებასთან დაბრუნება
მან ცხოვრება აირჩია და ინტერესების შესაბამისი სამსახურის ძებნა დაიწყო. ახლა ანატოლი უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში მუშაობს. ის სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლია.
„თავიდან სამოქალაქო თანამდებობაზე ვმუშაობდი, შემდეგ კი სამხრეები მივიღე. შესანიშნავი, მხარდამჭერი კოლექტივი და მოსახერხებელი გრაფიკი მაქვს“, – ამბობს ის.
თავდაპირველად ზოგიერთი კოლეგა მის მიმართ ფრთხილი იყო. მათ ანატოლის წარსული იცოდნენ. ანატოლიმ გადაწყვიტა, პირდაპირ აეხსნა, რა სურდა.
„ყველას წინაშე გამოვედი და ვთქვი, რომ დიახ, ვიბრძოდი და ტყვეობაში ვიყავი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ განსაკუთრებულად უნდა მომექცნენ. ჩვეულებრივ ცხოვრებასთან დაბრუნება მინდა, ამიტომ ჩემთანაც ჩვეულებრივი ადამიანივით უნდა იურთიერთონ“, – ამბობს ის.
მრავალი წლის შემდეგ მან შვილი კვლავ ნახა. გაირკვა, რომ ყოფილი მეუღლე პოლონეთში გადავიდა. ბიჭი კი გარკვეული პერიოდი სამარის ბავშვთა სახლში იმყოფებოდა. მოგვიანებით ქალმა მოხალისეების დახმარებით მისი საზღვარგარეთ წაყვანა შეძლო.
გადატანილი ტრავმა ანატოლის ჯერ კიდევ არ აძლევს დიდი გეგმების დასახვის საშუალებას. ის დღევანდელი ცხოვრებით კმაყოფილია. საკუთარ საცხოვრებელზე ოცნებობს და სურს, პენსიამდე მიაღწიოს.
„40 წლის ვარ. ცხოვრება სწრაფად გადის. კიდევ მინდა, მშობლიურ მარიუპოლში დავბრუნდე და რამდენიმე ადამიანი ვნახო, მაგალითად, ჩემი ნახევარძმა… იქ დარჩენა და არაადამიანებთან თანამშრომლობის გაგრძელება საზიზღრობაა“, – ამბობს ანატოლი.
ასევე წაიკითხეთ
ავტორი: ალექსანდრ გუდილინი
Exchange