ძალიან ცხელა. რა ახალი დაავადებები მოაქვს გლობალურ დათბობას
გლობალური დათბობა

ანომალია, რომელიც იშვიათი აღარ არის
წლევანდელი ზაფხული ანომალიური სიცხით გამოირჩეოდა. ივნისში ესპანეთსა და საფრანგეთში ტემპერატურა თითქმის +43 გრადუსამდე ავიდა, დიდ ბრიტანეთში კი უპრეცედენტო +37 გრადუსს მიაღწია. აგვისტოს სიცხის ტალღამ ახალი ეროვნული რეკორდები მოიტანა: ავსტრიასა და სლოვაკეთში +41 გრადუსი დაფიქსირდა.
მსგავსი ამინდის კატაკლიზმები ბოლო რამდენიმე წელია მეორდება. 2023 წლის ივლისს დასავლეთ ევროპაში დაკვირვებების ისტორიაში ყველაზე ცხელს უწოდებდნენ. 2023 წელს უკიდურესი სიცხის ტალღები დაფიქსირდა აშშ-ის სამხრეთ-დასავლეთში, მექსიკაში, სამხრეთ ევროპასა და ჩინეთში.
„ნოვაია გაზეტა ევროპას“ მასალა:
______________________________________
World Weather Attribution-ის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კომპიუტერულმა მოდელირებამ დაადასტურა, რომ ასეთი ტემპერატურული რეკორდები შემთხვევითი არ არის. ეს ადამიანის საქმიანობით გამოწვეული დათბობის შედეგია.
შესაბამისად, სიცხის ტალღები უფრო ხშირი, ინტენსიური და ხანგრძლივი გახდება და ადამიანის ჯანმრთელობაზე აუცილებლად იმოქმედებს.
ამინდის ანომალიები მხოლოდ ყოფითი დისკომფორტი არ არის. ბოლო წლების კვლევები სულ უფრო ხშირად ავლენს უკიდურესი სიცხისა და ტემპერატურული ნახტომების გავლენას ჯანმრთელობაზე.
2025 წელს, ევროპის ყველაზე ცხელ კვირაში, ამინდის გამო 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ბოლო 30 წლის განმავლობაში მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სიკვდილიანობა 60 პროცენტით გაიზარდა.
„გავრცელებული წარმოდგენების მიუხედავად, უკიდურეს სიცხეს ვერ შეეჩვევი“, – ამბობს კარდიოლოგი მიხაილი, რომლის გვარს უსაფრთხოების გამო არ ვასახელებთ.
„შეიძლება ოდნავ მოერგო, როგორც ამას სამხრეთის ქვეყნებში მცხოვრებლები აკეთებენ: ჩრდილიანი ქუჩები, დარაბები, კონდიციონერი და ბოლოს სიესტა, რომელიც სიცხისგან დამალვისა და შესვენების საშუალებას იძლევა“.
▇ როდესაც ჰაერის ტემპერატურა ჩვენი სხეულის ტემპერატურას უტოლდება, მით უმეტეს ცხელების დროს სხეულის ტემპერატურას, ეს ორგანიზმისთვის გადაჭარბებული დატვირთვა ხდება.
რამდენიმე წლის წინ მეცნიერებმა უსაფრთხო ტემპერატურული ზღვარი გამოთვალეს: 35 გრადუსი 60-პროცენტიანი ტენიანობისას. მშრალ კლიმატში ზღვარი შეიძლება უფრო მაღალი იყოს: 46 გრადუსი 30-პროცენტიანი ტენიანობისას.
კრიტიკულ მაჩვენებელზე ორგანიზმის „გაგრილების მანქანა“ მწყობრიდან გამოდის: სხეულის შიდა ტემპერატურა 40 გრადუსამდე იზრდება, ოფლიანობა ირღვევა და შეიძლება სითბური დარტყმა განვითარდეს.
გაგრილების მანქანა
ჩვენი ორგანიზმი არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, გულისცემას, ოფლიანობას, სუნთქვასა და მრავალ სხვა პროცესს, რათა სხეულის ტემპერატურა 36-37 გრადუსზე შეინარჩუნოს.
სიცხეში ყველაფერი გაგრილებაზე მუშაობს: სისხლძარღვები ფართოვდება, სხეულის ზედაპირზე სისხლის ნაკადი და ოფლიანობა ძლიერდება. სიცივეში კი სისხლძარღვები ვიწროვდება, რათა სითბოს დაკარგვა შემცირდეს.
„როდესაც ჰაერი 36-38 გრადუსამდე თბება, მისი ტემპერატურა სხეულის ტემპერატურას უტოლდება და ორგანიზმს საკუთარი რეჟიმის შენარჩუნება უჭირს, განსაკუთრებით მაღალი ტენიანობისას“, – განმარტავს კარდიოლოგი.
„ორგანიზმი მაინც მთელი ძალით ცდილობს: აძლიერებს ოფლიანობას, აფართოებს კაპილარებს და აჩქარებს გულისცემას. ბევრი სითხის დაკარგვის გამო სისხლი სქელდება და გულს მისი გადატუმბვა სულ უფრო უჭირს“.
შედეგად იზრდება წნევა და თრომბების წარმოქმნის რისკი. ოფლთან ერთად ორგანიზმი ბევრ მარილს – კალიუმს, მაგნიუმსა და ნატრიუმს – კარგავს. მათ გარეშე ირღვევა გულის კუნთის მუშაობა და სხვა ორგანოების სისხლით მომარაგება.
ასეთ სიცხეს ხშირად ახლავს ტროპიკული ღამეები, როდესაც ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსზე მაღალი რჩება. გულ-სისხლძარღვთა სისტემა მოსვენებას ვერ იღებს და დღე-ღამის განმავლობაში სტრესშია.
ამის ატანა ახალგაზრდა და ჯანმრთელ ადამიანსაც უჭირს. გულის პრობლემებისა და კორონარული სისხლძარღვების შევიწროების შემთხვევაში შესაძლებელია სტენოკარდიის შეტევა ან ინფარქტი.
ბოლო კვლევის თანახმად, სიცხის ტალღები გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილიანობის რისკს 12 პროცენტით ზრდის, ხოლო ტემპერატურის ყოველი ერთი გრადუსით მატება სიკვდილიანობას კიდევ ორი პროცენტით ზრდის. მატულობს თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს ჰოსპიტალიზაციის რისკიც.
ტემპერატურული საქანელა
2026 წლის ზაფხული ცვალებადი აღმოჩნდა. დამქანცველ სიცხეს მოულოდნელი სიგრილე ცვლიდა.
ასეთი რყევები ახალ ტენდენციაში ჯდება, რომელსაც temperature variability – ტემპერატურული ცვალებადობა – ეწოდება და ჯანმრთელობის დამოუკიდებელ, სერიოზულ რისკ-ფაქტორად განიხილება.
უპირველესად კვლავ გული და სისხლძარღვები ზიანდება. სიცხეში სისხლძარღვები ფართოვდება, სიცივეში კი ვიწროვდება.
ამინდთან ერთად იცვლება არტერიული წნევა და გულისცემის სიხშირე. პრობლემა განსაკუთრებით მაშინ ჩნდება, როდესაც ცვლილება თანდათან არ ხდება.
▇ თუ დღეს +30 გრადუსია, ხვალ +15, ზეგ კი კვლავ აუტანელი სიცხე, ორგანიზმს თერმორეგულაციის რეჟიმის რამდენჯერმე შეცვლა უწევს. ყველა სისტემა სწრაფად უნდა გადაეწყოს, გულ-სისხლძარღვთა სისტემა კი ახალ პირობებს მოერგოს.
ეს განსაკუთრებით უჭირთ მათ, ვისაც თერმორეგულაციის სისტემა სრულყოფილად არ მუშაობს: ჩვილებს, ხანდაზმულებსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებს.
ტემპერატურის ასეთი ნახტომები სასუნთქ ორგანოებზეც მოქმედებს. სიცხეში ძლიერდება მიწისპირა ოზონის წარმოქმნა.
ეს ტოქსიკური აირია, რომლის ჩასუნთქვისას სასუნთქი გზების ქსოვილები იჟანგება. ცხელ და მზიან დღეებში მისმა კონცენტრაციამ შეიძლება ჯანმრთელობისთვის საშიშ დონეს მიაღწიოს, გამოიწვიოს ხველა, ყელის გაღიზიანება და სუნთქვის გაძნელება, ასთმის მქონე ადამიანებში კი შეტევა.
მკვეთრი აცივებისას, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, ცხვირის ღრუს სისხლძარღვები ვიწროვდება. შედეგად ლორწოვან გარსთან „დამცავი უჯრედების“ წვდომა მცირდება და რესპირატორული ვირუსული ინფექციებით დაავადების რისკი იზრდება.
მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ დღე-ღამეში ტემპერატურის თუნდაც ერთი გრადუსით ცვლილება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით სიკვდილის რისკს თითქმის ერთი პროცენტით ზრდის. დაახლოებით ამდენითვე იზრდება რესპირატორული დაავადებების რისკი.
არსებობს ჯანმრთელობის ნაკლებად აშკარა, დაგვიანებული შედეგებიც. იცვლება ინფექციური დაავადებების ეპიდემიოლოგია.
ინფექციების გადამტანი კოღოებისა და ტკიპებისთვის ხელსაყრელი ამინდი
სიცხის ტალღები ხელსაყრელ პირობებს ქმნის ინფექციების გადამტანი კოღოებისა და ტკიპებისთვის, აფართოებს მათი გავრცელების არეალს და ახანგრძლივებს აქტიურ სეზონს.
„ტიპური მაგალითია დენგეს ცხელება, რომელიც კოღოებს გადააქვთ“, – ამბობს ინფექციონისტ-ეპიდემიოლოგი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა.
„ინფექცია ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, წყნარი ოკეანის რეგიონში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკასა და აფრიკაშია გავრცელებული. დათბობის გამო დენგეს გადამტანი კოღოები სამხრეთ ევროპის ქვეყნებშიც გამოჩნდნენ – სამხრეთ საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაში. ამ ქვეყნებისთვის დაავადება თანდათან ადგილობრივად დამახასიათებელი ხდება“.
უფრო ჩრდილოეთ განედებს აქტიურად ითვისებენ დასავლეთ ნილოსის ცხელების ვირუსის გადამტანი კოღოებიც. მათ რუსეთის რეგიონებამდეც მიაღწიეს.
კიდევ ერთი საშიში ტროპიკული ინფექციის – ჩიკუნგუნიას ცხელების – გადამტანი აზიური ვეფხვისებრი კოღოა. ის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდანაა, თუმცა დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში, დიდი ბრიტანეთის ჩათვლით, კარგად დამკვიდრდა.
როგორც გაირკვა, ჩიკუნგუნიას ვირუსს უფრო დაბალ ტემპერატურაზეც შეუძლია მომწიფება, ვიდრე აქამდე ეგონათ. ამიტომ ინფექციის ჩრდილოეთით გავრცელება მხოლოდ დროის საკითხია.
ბაქტერიებისთვის ხელსაყრელი გარემო
ბევრი ბაქტერიისთვის 30-გრადუსიანი სიცხე იდეალური პირობაა. საკვებსა და წყალში სწრაფად მრავლდება სალმონელა და ნაწლავის ჩხირი, ზედმეტად თბილ ზღვის წყალში კი ხორცისმჭამელი ბაქტერია Vibrio vulnificus.
ღია ჭრილობაში მოხვედრისას ის კანის მძიმე დაზიანებას იწვევს. ჩვეულებრივ, ეს ბაქტერია ტროპიკული ქვეყნების თბილ წყლებში ბინადრობს, მაგრამ სანაპირო წყლების გათბობის გამო წელს ხმელთაშუა ზღვაშიც აღმოაჩინეს.
ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პათოგენი – სოკო Candida auris – სწორედ ანომალიური სიცხის პერიოდში გაჩნდა.
ის ადვილად ვრცელდება დაბინძურებული ზედაპირებიდან, განსაკუთრებით სამედიცინო დაწესებულებებში, არ რეაგირებს სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებზე და დასუსტებულ პაციენტებში მძიმე სისტემურ ინფექციებს იწვევს.
ჩვეულებრივ, სოკოს ზრდისა და გამრავლებისთვის შედარებით დაბალი ტემპერატურა სჭირდება, თუმცა Candida auris ადამიანის სხეულის ტემპერატურას მოერგო და 37-42 გრადუსზეც კარგად გადარჩება. ამიტომ ადამიანის ბუნებრივმა დაცვამ სოკოვანი ინფექციისგან – მაღალმა ტემპერატურამ – შეიძლება აღარ იმუშაოს.
მკვლევრები არ გამორიცხავენ, რომ ახალ პირობებს სოკოს სხვა სახეობებიც მოერგოს და ამინდის კატაკლიზმებმა ახალი სოკოვანი ინფექციები წარმოშვას.
Exchange