უკრაინელებს საქართველოში ორი წელი უვიზოდ დარჩენა შეეძლებათ
უკრაინის მოქალაქეებს საქართველოში ორი წელი უვიზოდ დარჩენა შეეძლებათ. 24 თებერვალს საქართველოს მთავრობამ 2015 წლის 5 ივნისის დადგენილებაში შესაბამისი ცვლილება შეიტანა.
დადგენილებას ხელს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აწერს. ცვლილებები დადგენილებაში, “იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა” ახალი დოკუმენტის გამოქვეყნებისთანავე შევიდა.
მანამდე უკრაინის მოქალაქეებს უვიზოდ მხოლოდ ერთი წელი შეეძლოთ ქვეყანაში ყოფნა, ისევე როგორც რუსეთის მოქალაქეებს. ქვეყანაში შემდეგი შემოსვლისთვის, მათ ერთი წლის შემდეგ საზღვრის გადაკვეთა და საქართველოში ხელახლა შემოსვლა უწევდათ.
გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინიდან 25 701 ლტოლვილი ამ დროისთვის საქართველოში რჩება. საერთო ჯამში, ომის დაწყების შემდეგ, დაახლოებით 8,09 მილიონი ადამიანი გაემგზავრა უკრაინიდან ევროპაში.
ცნობისთვის, 2015 წლის 5 ივნისის №255 დადგენილების მიხედვით, ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც საქართველოში უვიზოდ შემოსვლა და ერთი წლით დარჩენა შეუძლიათ ვრცელია და 94 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა რუსეთის ფედერაციაც.