უკრაინის სოლიდარობის აქცია 24 თებერვალს. ფოტო და ვიდეო
უკრაინის სოლიდარობის აქცია
რუსთაველის გამზირზე, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის თავზე, უკრაინის მხარდასაჭერად ხალმრავალი სოლიდარობის აქცია გაიმართა
24 თებერვლის აქცია ოპოზიციამ, სამოქალაქო საზოგადოებამ, ქვეყანაში მცხოვრებმა უკრაინელმა აქტივისტებმა და მოქალაქეებმა დააანონსეს.
ფოტო: დათო ფიფია/ჯემნიუსი
“მე ვარ კატერინა, უკრაინიდან. ეს არის დღე, როდესაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო უკრაინაში. ეს დღე გაგრძელდა ერთი წელი, არასდროს დაგვავიწყდება. ამ დღეს მსოფლიო ორ ნაწილად გაიყო. ისინი ჩვენს დამარცხებას ელოდნენ, მაგრამ ჩვენ თეთრი დროშა არ ავწიეთ და აღვმართეთ უკრაინის დროშა. ეს არის დღე როდესაც ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ ჩვენი ბრძოლისუნარიანობა და გაუტეხლობა. 24 თებერვლის შემდგე გავიდა ღირსების 365 დღე. ყველას დიდი მადლობა, რომ 1 წლის თავზე შევიკრიბეთ აქ და კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ მსოფლიოს თუ რა არის ჩვენი არჩევანი. ეს არის ცალსახად დასავლეთი.” – თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ, 24 თებერვალს უკრაინის სოლიდარობის აქციაზე ვიდეოჩართვით მიმართა აქციის მონაწილეებს და შემდეგი სიტყვები თქვა:
“ძვირფასო ქართველო მეგობრებო, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს უკრაინელთა ბრძოლის მხარდაჭერისთვის, თქვენი სოლიდარობისთვის და თქვენი პოზიციისთვის. თქვენ ყველაზე უკეთ იცით რა არის რუსული აგრესია. რა უბედურება, სიკვდილი და ნგრევა მოაქვს. როგორ ცდილობს რუსეთი მეზობელი ქვეყნების ოკუპაციას.
ქართველები არა მხოლოდ მორალურად უჭერენ მხარს უკრაინელებს და ჩვენ ამას ვაფასებთ. თქვენი ჯარისკაცები ჩვენს გვერდით იბრძვიან უკრაინის თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. პატივს ვცემთ 36 მამაცი ქართველის ხსოვნას, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინისთვის რუსი ბარბაროსების ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან. დაიჭრა მრავალი ჯარისკაცი, ნაწილი- რუსებმა ტყვედ აიყვანეს.
ჩვენ მადლობელნი ვართ თქვენი გამბედაობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაც და საქართველოც, რომლის ხალხიც დემოკრატიული ევროპისკენ მიისწრაფვიან, წარმატებით გადალახავს ამ გზას და ჩვენი ქვეყნები გახდებიან ევროკავშირის წევრები.
ვერავინ შეუშლის ხელს ჩვენს ხალხს, გააცნობიერონ თავიანთი ცივილიზებული არჩევანი. დღეს ჩვენ ასევე ვიცავთ ევროპას და მის ღირებულებებს. დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს! დიდება ჩვენს გმირებს!”