უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის შემდეგ, აზერბაიჯანში ზეთსახდელი ქარხანა დაიწვა
ბაქოს მახლობლად გაჩენილმა მასშტაბურმა ხანძარმა, სამრეწველო პარკის ტერიტორიაზე მდებარე, ზეთსახდელი ქარხანა გაანადგურა. მეხანძრეები ცეცხლს 13 საათის განმავლობაში ებრძოდნენ.
პოლიტიკოსი ნატიკ ჯაფარლი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ხანძარი უკრაინაში მორიგი ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნიდან მეორე დღეს გაჩნდა. უკრაინაში გაგზავნილი საკვების უმეტესი ნაწილი სწორედ ამ ქარხანაში იწარმოებოდა.
- ომი უკრაინაში. ვის მხარეს არის აზერბაიჯანი?
- IRI-ის ახალი კვლევა: 83% საქართველოს ეკონომიკისთვის მთავარ საფრთხედ რუსეთს მიიჩნევს
რა მოხდა?
პარასკევს, 29 აპრილს, მთელი ღამის განმავლობაში, ბაქოსთან ახლოს, სუმგაითის ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე, კომპანია Azersun-ის ზეთის ქარხანა იწვოდა. ხანძრის ლიკვიდირება მხოლოდ დილის 08:24 საათზე, ხანძრის დაწყებიდან 13 საათის შემდეგ შეძლეს.
აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ხანძარმა ხუთი ათასი კვადრატული მეტრი ფართობი მოიცვა.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ წუთებში ხანძრის ზონაში დამწვარი შენობის ნგრევა და სხვა გადაუდებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ ხანძრის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
წინასწარი გამოძიების თანახმად, ხანძარი სამრეწველო პარკში პლასტმასის ნარჩენების დაგროვების ადგილას გაჩნდა, შემდგომ კი საკვებისა და სხვა საწყობებში გავრცელდა.
კომენტარი
„გუშინ სუმგაითიდან უკრაინაში მორიგი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა, რომელიც მედიკამენტებისა და საკვებისგან შედგებოდა. პროდუქტებს შორის უმეტესად კომპანია Azersun-ის დაკონსერვებული საკვები იყო.
დღეს კი ამ კომპანიის საწყობებში ხანძარი გაჩნდა. უბედური შემთხვევა? არ ვიცი, შეიძლება კი, შეიძლება არა.
ჩვენ რთულ დროში ვცხოვრობთ. ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, საზოგადოებაც და მედიაც პასუხისმგებლიანი უნდა იყოს. სახელმწიფო ყველას გვეკუთვნის, დამოუკიდებლობა ჩვენი საერთო ღირებულებაა. თუ არ იქნება დამოუკიდებლობა, მნიშვნელობა არ ექნება ვინ ხარ – ხელისუფლება თუ ოპოზიცია“, – წერს ფეისბუქის გვერდზე ოპოზიციური პარტიის “რესპუბლიკური ალტერნატივის” ერთ-ერთი ლიდერი ნატიკ ჯაფარლი.
ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას
აზერბაიჯანიდან უკრაინაში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთის შემდეგი, მეშვიდე პარტია, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტებისგან შედგებოდა.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, გაგზავნილი დახმარება საერთო ჯამში, 3,37 მილიონი მანეთის [დაახლოებით 2 მილიონი აშშ დოლარი] ღირებულებისაა და 170 ტონას აღემატება.