საქართველომ იანვარში ტურიზმიდან 114 მილიონი დოლარი მიიღო
ტურიზმი საქართველოში
საქსტატის ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები 2019 წელთან შედარებით 69%-ით აღდგა და 114 მილიონ დოლარს გადააჭარბა, თუმცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები პანდემიამდელ დონეს კვლავ ჩამორჩება.
2021 წლის იანვართან შედარებით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 1007 პროცენტით არის გაზრდილი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემთან შედარებით, ტურისტული ვიზიტების 31% აღდგენილია, 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 45.1%-ს შეადგენს.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 წელს საქართველომ ტურიზმიდან მთლიანობაში 1.24 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2021 წლის 12 თვეში საქართველოში 1.57 მილიონი საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა.
● “1999 წელი იყო, პირველად რომ ჩამოვედი” – რას ფიქრობენ საქართველოზე უცხოელები, რომლებიც აქ წლებია ცხოვრობენ
● ქართული ღვინო: რა დგას წარმატების უკან
● გაყინული სეზონი. რა გავლენა იქონია პანდემიამ საქართველოს ზამთრის კურორტებზე
კორონავირუსის პანდემიამდე ერთი წლით ადრე, მსოფლიოს ეკონომიკისა და ტურიზმის საბჭომ (WTTC) ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორი 483 ათას სამუშაო ადგილს ქმნიდა – ეს რიცხვი მოიცავდა არა მხოლოდ კვების და განთავსების ობიექტებში მომუშავე პირებს, არამედ ტურიზმის ინდუსტრიის შექმნაში ჩართულ ადამიანებსაც. ამავე წელს, ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროში პირდაპირი დასაქმების წილით საქართველო მსოფლიოში 78-ე ადგილზე იყო.
2018 წელს, ტურიზმში და მასთან დაკავშირებულ სფეროებში მომუშავეთა წილი საქართველოს მთლიან დასაქმებაში 7.8% იყო და საქართველო მსოფლიოს 145 ქვეყანას შორის 29-ე ადგილს იკავებდა. რაც შეეხება უშუალოდ ტურიზმს, ეს სფერო პირდაპირი გზით 140 300 სამუშაო ადგილს ქმნიდა.
მაშინ კვლევის ავტორები ამბობდნენ, რომ ეს მაჩვენებლები მომავალ წლებში საშუალოდ 2 პროცენტით გაიზრდებოდა, თუმცა პანდემიამ რეალობა შეცვალა და ობიექტების დახურვა თუ თანამშრომელთა ოდენობების შემცირება ყველა ამ მაჩვენებელზეც აისახა.