ტურისტული სექტორი პრემიერს მიმართავს და შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვს
გაზიარება
გაზიარება
„საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი • GTI Alliance“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს, სადაც ნათქვამია, რომ ტურისტულ სექტორსა და მთავრობას შორის კორონავირუსით გამოწვეულ პრობლემებზე უფრო ღრმა და ეფექტური დიალოგი უნდა წარიმართოს.
განცხადებას ხელს აწერს 30-მდე კომპანია, რომლებიც ტურისტული ბაზრის 80%-ს ფარავენ.
ალიანსი საქართველოს მთავრობას 4 კონკრეტული მოთხოვნით მიმართავს:
● რესტორნების, კაფეების და სარესტორნო ბიზნესთან დაკავშირებული ობიექტების გახსნა;
● სამთო კურორტების გახსნა რეგულაციების მკაცრი დაცვით;
● საბანკო სესხების გადავადება 2021 წლის ზაფხულამდე, როგორც იურიდიული პირებისთვის, ასევე სექტორში დასაქმებულთათვის, ვინც დაკარგა სამსახური;
● ტურიზმის აღდგენის პროცესის დეტალურად დასაგეგმად სამუშაო ჯგუფის შექმნა, რომელშიც ინდუსტრიის ყველა წარმომადგენელი ჩაერთვება შესაბამისი რეკომენდაციებით.
განცხადებაში ნათქვამია, რომ “საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი” მხარს უჭერს მთავრობის ყველა, დროულ და აუცილებელ ზომას საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად და კერძო სექტორის მხარდასაჭერად.
ამავე დროს, მათი თქმით, ალიანსის თითოეული წევრი გამოხატავს სრულ მზაობას, ჩაერთოს ყველა არსებული ადამიანური რესურსით საერთო გამოწვევის დაძლევაში, რათა ერთობლივად მოხდეს დამატებითი მექანიზმების შემუშავება ტურიზმის სექტორის გადასარჩენად.
“გამოვდივართ რა ეკონომიკური ზეგავლენის მძიმე პირობებიდან ერთხმად აღვნიშნავთ, რომ ეკონომიკური პრობლემა საერთოა და ერთად უნდა ვიბრძოლოთ საერთო გამოწვევის დასაძლევად”, – ვკითხულობთ განცხადებაში.
“საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსი” ტურიზმის სექტორში მომუშავე ორგანიზაციების ინიციატივით პანდემიის პირობებში შეიქმნა. დღეისათვის ალიანსი 27 ბიზნესგაერთიანებითაა წარმოდგენილი.