ორი პარტიის ერთი სალარო: "ხალხის ძალას” ივანიშვილის ახლო წრე აფინანსებს. TI-ს კვლევა
TI-ს კვლევა
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ (TI) კვლევის მიხედვით, პროსახელისუფლებო და ანტიდასავლურ პარტია „ხალხის ძალის“ დაფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ ადამიანებისგან მოდის, რომლებიც მანამდე ან პარალელურად „ქართულ ოცნებასაც“ აფინანსებდნენ.
კვლევის თანახმად, „ქართული ოცნებისგან“ 2022 წელს გამოყოფილ „ხალხის ძალას“ 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით 28-მა ადამიანმა ჯამში 861 750 ლარი შესწირა. მათგან 21 პირს მანამდე „ქართული ოცნებისთვის“ 1 969 169 ლარი ჰქონდა გადარიცხული. კიდევ სამი ადამიანი ორივე პარტიის დაფინანსებას დღემდე აგრძელებს.
ორგანიზაციის შეფასებით, ეს ფინანსური კავშირები მიუთითებს, რომ „ხალხის ძალა“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური და ბიზნესგარემოსგან დამოუკიდებელ სტრუქტურად არ მოქმედებს.
კვლევაში განსაკუთრებით გამოყოფილია ივანიშვილის გარემოცვასთან დაკავშირებული ბიზნესმენებისა და კომპანიების წარმომადგენელთა ჯგუფი. ორგანიზაციის მონაცემებით, ამ ჯგუფის წევრებმა „ხალხის ძალას“ 2024-2026 წლებში ჯამში 381 000 ლარი შესწირეს.
ერთ-ერთი მათგანია არჩილ მამაცაშვილი, „სააქციო საზოგადოება დაზღვევის კომპანია ქართუს“ გენერალური დირექტორი და ივანიშვილთან დაკავშირებული „ატუ ჰოლდინგის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. მამაცაშვილმა „ხალხის ძალას“ 2025-2026 წლებში 70 000 ლარი გადაურიცხა, მანამდე კი „ქართულ ოცნებას“ 55 600 ლარი შესწირა.
კვლევის მიხედვით, „სადაზღვევო კომპანია ქართუს“ სახელმწიფო და მუნიციპალური უწყებებისგან სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში დაახლოებით 3,5 მილიონი ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული. კომპანიის სხვა წარმომადგენლებმა, ალა კახნიაურმა, კახა კობიაშვილმა, ზაზა ვერძეულმა, გივი ლებანიძემ და ზურაბ ჩაჩხიანმა „ქართულ ოცნებას“ ჯამში დაახლოებით 1 მილიონი ლარი შესწირეს.
„ხალხის ძალის“ კიდევ ერთი მსხვილი შემომწირველია გიორგი დამენია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის ბიზნესპარტნიორია კომპანია „ტორნადო+“-ში. მან 2025-2026 წლებში პარტიას 120 000 ლარი შესწირა. მანამდე დამენიას „ქართული ოცნებისთვის“ 170 000 ლარი ჰქონდა გადარიცხული, ხოლო თავად „ტორნადო+“-მა 2016-2018 წლებში ივანიშვილის პარტიას 85 000 ლარი შესწირა.
ივანიშვილის ბიზნესგარემოს უკავშირდება ირაკლი ბექაურიც, რომელიც ვახტანგ კარიჭაშვილის საკუთრებაში არსებული კომპანია Bolero & Company-ის გენერალური დირექტორია. კარიჭაშვილი, რომელიც საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეა, ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორად არის მოხსენიებული. კვლევის თანახმად, მისი კომპანიები საქართველოსა და რუსეთს შორის ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს ექსპორტიორთა შორის არიან, ხოლო 2014-2024 წლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მათმა კომპანიებმა სუბსიდიის სახით 56 მილიონი ლარი მიიღეს.
ბექაურმა 2026 წელს „ხალხის ძალას“ 60 000 ლარი შესწირა. მანამდე „ქართულ ოცნებას“ მის მიერ გადარიცხული თანხა 327 000 ლარს შეადგენდა.
ბექაურთან და კარიჭაშვილთან დაკავშირებულ პირად კვლევაში მოხსენიებულია ლევან გეწაძეც. ის სხვადასხვა დროს უჩა მამაცაშვილის ბიზნესპარტნიორებთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლად საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ფიქსირდება. გეწაძემ „ხალხის ძალას“ 13 000 ლარი შესწირა, რაც, კვლევის მიხედვით, მისი პირველი პოლიტიკური შემოწირულებაა.
გეწაძე წლების განმავლობაში ფლობდა 2019 წელს დაფუძნებულ კომპანია „ტრეზორს“, რომელიც დიღმის მასივში სამედიცინო ლაბორატორიას მართავდა. კომპანიამ დაფუძნებიდან მალევე სახელმწიფო შესყიდვებში დაიწყო მონაწილეობა და ამ დრომდე დაახლოებით 3,2 მილიონი ლარის კონტრაქტები აქვს მიღებული. ამჟამად ლაბორატორია ამერიკული კომპანია Quest Biosciences LLC-ის საკუთრებაშია.
კვლევა უჩა მამაცაშვილის ბიზნესწრეს უკავშირებს „ხალხის ძალის“ კიდევ ერთ მსხვილ შემომწირველს, დავით ბალანჩივაძეს. საგამოძიებო სტუდია „მონიტორი“ 2016-2017 წლებში ბალანჩივაძის RMG GOLD-ის აღმასრულებელ დირექტორად დანიშვნას მამაცაშვილის ინტერესებს უკავშირებდა.
ბალანჩივაძემ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ პოლიტიკური შემოწირულებების განხორციელება სწორედ 2016 წელს დაიწყო და კვლევის მიხედვით, პარტიისთვის ჯამში 532 000 ლარი აქვს გადარიცხული. 2026 წელს მან „ხალხის ძალას“ 60 000 ლარი შესწირა.
„ხალხის ძალის“ შემომწირველთა შორისაა გიორგი მესხიც, რომელიც 2017-2020 წლებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია „საქსპეცტრანსის“ დირექტორი იყო. მან 2024 წელს პარტიას 58 000 ლარი შესწირა.
სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელობის პარალელურად, მესხმა ბიზნესპარტნიორ გიორგი ხუჯაძესთან ერთად სამშენებლო კომპანია „ჰიტეკო ჯგუფი“ დააფუძნა. დღეს მესხი კომპანიის 100 პროცენტიან წილს ფლობს და მისი დირექტორია. „ჰიტეკო ჯგუფი“ ისანში მრავალსართულიან სასტუმროს აშენებს. მესხი ასევე კომპანია „გონიო გრუპის“ 33 პროცენტს ფლობს.
„ხალხის ძალის“ კიდევ ერთი შემომწირველი, გურამ თეთრაშვილი, შპს „საქართველო-ისრაელის ბიზნესჯგუფის“ დირექტორია. კომპანიის მესაკუთრე ბესიკ პაპისმედოვია, რომელიც თბილისში რამდენიმე სამშენებლო პროექტს ახორციელებს. თეთრაშვილმა პარტიას 10 000 ლარი შესწირა. კვლევის მიხედვით, ეს თანხაც მისი პირველი პოლიტიკური შემოწირულობაა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, 28 შემომწირველიდან სამი – ალექსანდრე ტუშური, მამუკა გოგრიჭიანი და გივი გაბუნია – ერთდროულად აფინანსებენ როგორც „ხალხის ძალას“, ისე „ქართულ ოცნებას“.
სამივემ 2025 წლის 11 დეკემბერს „ხალხის ძალას“ ჯამში 60 000 ლარი შესწირა. სამი თვის შემდეგ, 2026 წლის 18 თებერვალს, იმავე ადამიანებმა ჯამში კიდევ 60 000 ლარი გადაურიცხეს „ქართულ ოცნებას“.
„ხალხის ძალა“ 2022 წლის აგვისტოში „ქართული ოცნებიდან“ გასულმა დეპუტატებმა, სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა დააფუძნეს. თავდაპირველად ის საზოგადოებრივი მოძრაობა იყო, ხოლო 2024 წლის მარტში პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირდა. პარტიის თავმჯდომარე სოზარ სუბარია.
მოძრაობის შექმნისას დამფუძნებლები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი საზოგადოებისთვის ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე მეტი ინფორმაციის მიწოდება და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა იყო. „ხალხის ძალა“ განსაკუთრებით აქტიურად აკრიტიკებდა დასავლურ პოლიტიკურ გავლენებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ (ე.წ. რუსული კანონი) კანონპროექტის ინიციატორი იყო.
2022-2024 წლებში „ხალხის ძალა“ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილი იყო. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ „ქართულ ოცნებასთან“ ერთად მიიღო მონაწილეობა. დღეს „ხალხის ძალა“ პარლამენტში ცალკე პოლიტიკურ ჯგუფად არის წარმოდგენილი.