სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ აქტივისტ ირაკლი მილაძის საქმე განსახილველად მიიღო
ირაკლი მილაძის საქმე
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ აქტივისტ ირაკლი მილაძის საქმე განსახილველად მიიღო. საქმე ინტერნეტსივრცეში გამოხატვის თავისუფლებას და აქტივისტის წინააღმდეგ დაწყებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას ეხება. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” (საიამ) მილაძის საქმის დიდ პალატაში გადაცემა 2026 წლის აგვისტოში მოითხოვა.
“პრაქტიკულ და ყოველდღიურ ცხოვრებაში დიდი პალატის მიერ ამ საქმის განსახილველად მიღება ნიშნავს იმას, რომ: ამიერიდან, სანამ სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა გადაწყვეტილაბას არ გამოიტანს, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოები ვეღარ მიუთითებენ მილაძის საქმის პრეცედენტზე, როგორც სოციალურ ქსელში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პრეცედენტულ სამართალზე, რომელიც თითქოს ასეთი ცენზურის შესაძლებლობას უაპელაციოდ იძლევა. მარტივად, იმის გამო, რომ ეს საქმე ძალაში არ არის. გასაჩივრებულია, და, ელოდება დიდი პალატის მიერ გადასინჯვას,” – ამბობს საია-ს თავმჯდომარე თამარ ონიანი.
ირაკლი მილაძის საქმე
მილაძე 2022 წელს დააჯარიმეს ვიდეოში გამოყენებული უცენზურო გამონათქვამების გამო. ვიდეოში ის აკრიტიკებდა თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკას და შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებდა თბილისის მერის, მერიის თანამშრომლებისა და პოლიციელების მიმართ.
საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით აღიძრა, რომელიც წვრილმან ხულიგნობას, მათ შორის საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინებას არეგულირებს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მილაძეს 2 000 ლარის გადახდა დააკისრა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ჯარიმა 500 ლარამდე შეამცირა.
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მეოთხე სექციამ 2026 წლის 19 მაისს საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და დაასკვნა, რომ მილაძის მიმართ კონვენციის მე-10 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა.

სასამართლოს შეფასებით, მილაძის განცხადებები არ წარმოადგენდა საჯარო დებატების ნაწილს და, შესაბამისად, ვერ სარგებლობდა გამოხატვის თავისუფლების იმავე ხარისხის დაცვით, რაც პოლიტიკური ან საზოგადოებრივი მნიშვნელობის საკითხებზე გამოთქმულ მოსაზრებებს ენიჭება.
სასამართლომ ყურადღება ასევე მიაქცია დაკისრებული ჯარიმის ოდენობასა და მის შედეგებს და აღნიშნა, რომ სანქციას მილაძისთვის შემდგომი სამოქალაქო და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებაში ხელი არ შეუშლია. ამასთან, სასამართლომ დაადასტურა, რომ „საჯარო სივრცის“ ცნება ონლაინ პლატფორმებსაც მოიცავს, როდესაც ისინი საზოგადოებისთვის ფართოდ ხელმისაწვდომია.
საიას განცხადებით, საქმის დიდ პალატაში გადაცემის მნიშვნელობას ზრდის ის გარემოებაც, რომ 2026 წლის მაისის გადაწყვეტილების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნა სპეციალური სტრუქტურა, რომელსაც ორგანიზაცია „ცენზურის სამმართველოდ“ მოიხსენიებს და რომლის საქმიანობაც, საიას შეფასებით, სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული მოსაზრებების გამო ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეების წარმოებას უკავშირდება.
რა შეიცვალა?
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ მილაძის საქმის განხილვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც სასამართლოს მეოთხე სექციამ 2026 წლის მაისში დაადგინა, რომ მის მიმართ გამოხატვის თავისუფლება არ დარღვეულა. საიამ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა და საქმის დიდ პალატაში გადაცემა მოითხოვა.
ახლა საქმე ხელახლა განიხილება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ დიდმა პალატამ უკვე დაადგინა მილაძის უფლებების დარღვევა. საბოლოო გადაწყვეტილებით მან შეიძლება ძალაში დატოვოს მეოთხე სექციის დასკვნა ან განსხვავებული პოზიცია მიიღოს.
მთავარი საკითხი იქნება, რამდენად იყო მილაძის მიერ TikTok-ზე გაკეთებული განცხადებები დაცული გამოხატვის თავისუფლებით და რამდენად გამართლებული იყო მისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის დაკისრება.