შრომის ინსპექციამ ორ დღეში ორი ათასზე მეტ ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებისა და ე.წ. წერტილოვანი ლოქდაუნის გამო, მტკივნეულად მიმდინარეობს ბიზნესის იძულებითი გაჩერების პროცესი.
გასული ორი დღეღამის განმავლობაში, შრომის ინსპექციამ ქვეყნის მასშტაბით 2 309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა, 2 738-ს გაფრთხილება მისცა, 2 კი დააჯარიმა.
________________
● ახალი ცხოვრება ორი თვით. რა შეზღუდვები დააწესა საქართველოს მთავრობამ
● სავაჭრო ცენტრები მთავრობას ლოქდაუნის შემსუბუქების თხოვნით მიმართავენ
_________________
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის და შრომის სამინისტრო ავრცელებს.
ინფორმაციაში საუბარია „რეფორმერფიტნესზეც“, რომელმაც, აკრძალვების მიუხედავად, ეკონომიკური საქმიანობა გააგრძელა, შედეგად კი ფიტნესკლუბი 10 000 ლარით დაჯარიმდა.
“გირჩის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ფიტნესცენტრი საცხოვრებელ სახლად იქირავა და თქვა, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია სავარჯიშოდ მისვლა. თუმცა, იქ მალევე სამართალდამცავები გამოჩნდნენ და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყეს. მოხდა დაპირისპირება მოქალაქეებსა და პოლიციას შორის, რის შემდეგაც დაკავებულია ერთი ადამიანი.
● ფიტნესკლუბი, რომელიც რეგულაციების დარღვევისთვის დააჯარიმეს, “გირჩის” ლიდერმა იქირავა
გარდა „რეფორმერფიტნესისა“, 10 000 ლარით დაჯარიმდა ბათუმში რესტორანი შპს „დიანა“ – ე.წ. „კიდობანი“.
„ასევე, შემოწმების შედეგად, დადგინდა, რომ 10 000 ლარით დაჯარიმებული ობიექტი „და ჰაუს რეკორდს” აკრძალულ ეკონომიკურ საქმიანობას კვლავ განაგრძობდა”, – ვკითხულობთ შრომის ინსპექციის განცხადებაში.
დეპარტამენტის ინფორმაციით, უწყებამ ის დაწესებულებები შეამოწმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ კანონს – იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ – არღვევს.
“ბოლო ორი დღის განმავლობაში შრომის ინსპექციამ გაფრთხილება 2738 ობიექტს მისცა, 2 დააჯარიმა და 2309 ობიექტს საქმიანობა შეუჩერა“, – ნათქვამია განცხადებაში.