ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ბრალი წაუყენეს
გუშინ, 4 აპრილს, დონალდ ტრამპი აშშ-ს პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც ბრალი წაუყენეს. პროცესი ნიუ იორკში 45 წუთამდე გაგრძელდა და ტრამპის გირაოთი გათავისუფლებით დასრულდა. მომდევნო სხდომა 4 დეკემბერს ჩაინიშნა.
“ერთადერთი დანაშაული, რაც ჩავიდინე, არის ჩვენი ქვეყნის უშიშრად დაცვა მათგან, ვინც მის განადგურებას ცდილობს. ეს ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა, ჩვენი ქვეყანა ჯოჯოხეთისკენ მიექანება.” – მიმართა ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა თავის მხარდამჭერებს სასამართლო პროცესის შემდეგ.
სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნებში უსამართლოდ დამარცხდა. ტრამპმა მოსამართლის გადაწყვეტილება უსამართლოდ შეაფასა და მას “ტრამპის მოძულე მოსამართლე” უწოდა. მანამდე სასამართლოში უოფილმა პრეზიდენტმა მკაცრი რიტორიკის გამო გაფრთხილება მიიღო.
სხვა ბრალდებებთან ერთად, აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას ყოფილი პორნომსახიობის, სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდის დაფარვისთვისაც წაუყენეს ბრალი.
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს 34-მდე ბრალი აქვს წაყენებული, მათ შორის ბიზნეს ჩანაწერების გაყალბება. იგი არც ერთ მათგანს აღიარებს.
აშშ-ს უსაფრთხოების ყოფილი მდივნის, ჯონ ბოლტონის შეფასებით ნიუ იორკის სასამართლოს მიერ გასაჯაროებული დოკუმენტი, სადაც განხილულია აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის 34 ბრალდება, სამართლებრივად ძალიან სუსტია. მეტიც, მისი შეფასებით, “ეს იმაზე სუსტია, ვიდრე წარმოგვედგინა”.
ბოლტონის განმარტებით, დოკუმენტის მიხედვით, კანდიდატის ნებისმიერი ფულადი ტრანზაქცია, შესაძლოა მის საარჩევნო კამპანიას დავუკავშიროთ. გუშინ, 4 აპრილს ტრამპს 2016 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისას ყოფილი პორნომსახიობი სტორმი დენიელსისთვის თანხის გადახდის დაფარვისთვის ბრალი წაუყენეს.
როიტერსის მიხედვით, ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტრამპი შეეცდება საკუთარი საბრალდებო დასკვნა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს და დემოკრატებს დააბრალოს, სასამართლო სისტემის მის წინააღმდეგ გამოყენება. მათივე თქმით, ასევე მოსალოდნელია, რომ “ყოფილი პრეზიდენტის დრამებით დაღლილი” რესპუბლიკელები პრაიმერისას სხვა კანდიდატის ძებნას დაიწყებენ.
ყოფილი პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენება უპრეცედენტოა აშშ-ს ისტორიაში. Reuters-მა ჩაწერა რესპუბლიკელი მრჩევლები, პარტიის წარმომადგენლები და პოლიტიკური ანალიტიკოსები: მათი თქმით, ტრამპის მხარდამჭერები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად თვლიან და ამან შეიძლება მხოლოდ გააძლიეროს მათი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭირონ მას 2024 წლის რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში.
პრაიმერის მოსაგებად, ტრამპს მოუწევს თავისი მხარდაჭერის გაფართოება: წინასწარი მონაცემებით, ყველაფრის მიუხედავად, რესპუბლიკელი ამომრჩევლის 25%-30% ტრამპის ერთგული ამომრჩეველია. ეს რიცხვი საკმარისი არ არის და ის, თუ როგორ გამოიყენებს საბრალდებო დასკვნას ტრამპი ამომრჩევლის გასაზრდელად, დღეს აშშ-ში მთავარ კითხვად რჩება.
ტრამპთან დაახლოებულმა ადამიანები გამოცემასთან აცხადებენ, რომ მისი კამპანია შეეცდება წარმოაჩინოს საბრალდებო დასკვნა, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ ყველა დევნა – მათ შორის მისი ორი იმპიჩმენტი კონგრესში – არის დემოკრატების გაუმართლებელი მცდელობა, ძირი გამოუთხაროს მას და მის მხარდამჭერებს.