ტრაგედია შოვში - ათობით დაღუპული, დაშავებული და დაკარგული
გაზიარება
გაზიარება
საქართველოში, შოვში მეწყერი ჩამოწვა
ზაზა მესხი და მისი მეუღლე ალინა პოლიკოვსკა ჰოლანდიაში ცხოვრობდნენ. ამ ზაფხულს ისინი დასასვენებლად ჩამოვიდნენ საქართველოში და სამ შვილთან ერთად (სურათზე ქვემოთ) პოპულარულ სამთო კურორტ შოვში ავიდნენ. 3 აგვისტოს ნაშუადღევს სოფელს უზარმაზარი ღვარცოფი მოაწყდა და მათ შორის კოტეჯი, სადაც ოჯახი ისვენებდა, მიწის ქვეშ აღმოჩნდა ჩაფლული. ორი დღის შემდეგ ალინას ცხედარი იპოვეს. მისი ოჯახის წევრებს ამ ეტაპამდე ვერ პოულობენ.
6 აგვისტოს 12 საათისთვის მაშველებმა 17 ცხედარი იპოვეს სტიქიის ზონაში. ამ დრომდე ეძებენ ოცამდე ადამიანს. სულ სტიქიის ზონიდან მაშველებმა ცოცხლად გამოიყვანეს 210 ადამიანი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ვინაობის ოფიციალური სია ჯერ არ გამოუქვეყნებია. თავად დაკარგულთა ოჯახები სოციალურ ქსელებში ავრცელებენ ახლობლების ფოტოებს, რომლებიც მეწყრის დროს შოვში ცხოვრობდნენ ან ისვენებდნენ.
დამეწყრილ ტერიტორიაზე 7-8 ბავშვს ეძებენ – განაცხადა 5 აგვისტოს დღის ბოლოს ჯანდაცვის მინისტრმა.
მარიტა გუტაშვილის ოჯახის ცხრა წევრი ითვლება დაკარგულად. გუტაშვილის ოჯახი შოვში ცხოვრობდა.
ამ ეტაპზე ყველა ცხედარი არ არის ამოცნობილი. ზოგიერთი ნეშთი იმდენად არის დაზიანებული, რომ მათი იდენტიფიცირება ნათესავებმა ვერ შეძლეს. “გარდაცვლილების ვინაობას დნმ-ის ანალიზით დაადგენენ”, – განაცხადა სამთავრობო აპარატის რეგიონული ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ლერი ბარნაბიშვილმა.
სტუდენტები გვანცა ბუბაშვილი, სალომე ხეთაგური, ნინო კენჭაძე ერთად წავიდნენ შოვში დასასვენებლად. სამივეს ცხედარი ახლობლებმა იპოვეს და ამოიცნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე საჯაროდ თქვა უარი სხვა ქვეყნების დახმარებაზე და განაცხადა, რომ საქართველო თავისით გაუმკლავდება სტიქიის შედეგებს.
აზერბაიჯანმა და სომხეთმა პირველებმა შესთავაზეს დახმარება საქართველოს სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში. მხარდაჭერის დეპეშები მოდის მთელი მსოფლიოდან.
ოპოზიციის მხრიდან არის ბრალდებები ხელისუფლების მიმართ, რომ მათ სამაშველო სამუშაოები დაგვიანებით დაიწყეს, ასევე საქართველოს, სადაც ბუნებრივი რელიაფის გამო ხშირია სტიქიები, არ არსებობს სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, სპეციალური სამაშველო ვერტმფრენები.