"შინ ევროპისკენ" - დღეს თბილისში მორიგი მასშტაბური აქცია გაიმართება
თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართება
3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი – “შინ ევროპისკენ.”
მოძრაობა „სირცხვილიას“ ერთ-ერთი წევრი გიგა მაქარაშვილი ამბობს, რომ აქცია მთელი ღამე არ დაიშლება:
“ადგილზე დაგხვდებათ საკვები ობიექტები ცხელი სასმელით. იქნება ძალიან საინტერესო ღამე, რადგან მონტაჟდება ეკრანი. ზოგადად იქნება ბევრი საინტერესო კუთხე, სადაც იქნებიან სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებიც ილაპარაკებენ მოქალაქეებთან.” – ამბობს მაქარაშვილი.
დღესვე ცნობილი გახდება მოძრაობის ახალი მოთხოვნები.
ახალი სახალხო მოძრაობა “შინ ევროპისკენ” წევრებმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს 24 ივნისს მათი პირობები, მოთხოვნები და გეგმები გააცნეს და პირობების შესრულებამდე მათ ერთკვირიანი ვადა მისცეს. მოძრაობამ მთავრობისა და პირადად ბიძინა ივანიშვილის მისამართით ორი პირობა წამოაყენა:
- გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი;
- ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ მოცემულ 12-პუნქტიან რეკომენდაციებს შეასრულებს წლის ბოლომდე.
თუმცა, ხელისუფლებამ პირობები არ შეასრულა და პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შექმნა დააანონსა. ასევე, მათი თქმით, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე იმუშავებს.
ასევე, 3 ივლისის დაგეგმილი აქციის წინ, თბილისსა და რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებისას, მოხდა ხელის შეშლა მმართველ პარტიასთან აფილირებული საჯარო მოხელეების მიერ, რომლებიც მოძრაობის წევრებს მოსახლეობასთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდნენ.
20 ივნისის მსგავსად, რომელიც უპრეცედენტო იყო თავისი მასშტაბურობით საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, 24 ივნისსაც, პარლამენტის გამზირზე, ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე ფრიალებდა საქართველოსა და ევროკავშირის დროშები, ისმოდა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვისა და ევროკავშირის ჰიმნები, ადამიანებს ჰქონდათ ბანერები წარწერებით: “We Are Europe”, “რეჟიმი დალპა – დეოლიგარქიზაცია”, “ეს ქვეყანა ჩვენია”, “შინ ევროპისკენ”, “ივანიშვილი = პუტინს”.
სამოქალაქო მოძრაობა „სირცხვილიას“ და სამოქალაქო ჯგუფების ინიციატივით, საქართველოში ახალი სახალხო მოძრაობა დაფუძნდა. ამ მოძრაობის მთავარი მიზანია ხელისუფლება აიძულოს ბოლომდე მიიყვანოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმე და დეკემბერში, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.