"ქართული ოცნება" პარლამენტში პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფს ქმნის
“ქართული ოცნება” მონიტორინგის ჯგუფს ქმნის
მმართველი პარტიის “ქართული ოცნების” პოლიტიკურმა საბჭომ ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებაზე იმსჯელა. როგორც პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, პარლამენტის ბაზაზე პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი შეიქმნება, ასევე, მისი თქმით, შეიქმნება ჯგუფი, რომელიც დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე იმუშავებს.
კობახიძის განმარტებით, დეოლიგარქიზაციის კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს “ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა.”
მისივე თქმით, პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი, ყველა საპარლამენტო პარტიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით შეიქმნება, რომელიც განახორციელებს პერმანენტულ მონიტორინგს და საზოგადოებას წარუდგენს ყოველკვირეულ ანგარიშს პოლარიზაციის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პარტიის მიერ გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით, სხდომას ესწრებოდა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავაც.

ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე განაცხადა ერთად შეიტანა. ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი საქართველომ 3 მარტს წარადგინა. 11 აპრილს კი ევროკავშირისგან თვითშეფასების კითხვარის პირველი ნაწილი მიიღო. კითხვარები მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამაც.
რეზოლუცია, საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ, ევროპარლამენტმა 9 ივნისს დაამტკიცა.