საგარეო უწყებასთან კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია გაიმართა
გაზიარება
გაზიარება
27 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით დაკავებული კარტოგრაფების [გამოძიება კარტოგრაფებს სააკაშვილის დროს მნიშვნელოვანი რუკის გადამალვაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც ტერიტორიების გარკვეული ნაწილი აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა – JAMnews], ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
“საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც კარტოგრაფები მუშაობდნენ, ადვოკატებს მნიშვნელოვანი დოკუმენტაციის გაცნობის საშუალებას არ აძლევს” – ნათქვამია აქციის ორგანიზატორების განცხადებაში.
მათი თქმით, დოკუმენტაციის გაცნობაზე უარი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გამოძიება ფორმალობაა და რეალურად ხელისუფლებამ ორი ადამიანი გაწირა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნებისთვის, და ივერი მელაშვილის და ნატალია ილოჩევას დაკავება, “ქართული ოცნების” პროპაგანდის ნაწილი იყო არჩევნების წინ.
სამინისტროს წინ აქტივისტებმა გაუშვეს თეთრი და შავი კვამლი, ასევე ისმოდა სირენისა და სტვენის ხმაც.
ფოტო აქციიდან. publika
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, დავით ზალკალიანი დანაშაულის თანამონაწილე ხდება, როცა არ გასცემს იმ მასალას, რომელიც ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობას ამტკიცებს.
“ევროპული საქართველოს” ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით კი, „კარტოგრაფების საქმე“ არის თემა, რამდენად საშიშია ეს რეჟიმი საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
გვაქვს რეჟიმი და გვყავს ადამიანი, თავისი არარაობების და „კლოუნების“ გარემოცვით, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია თავისი ძალაუფლებისთვის და ფეხებზე ჰკიდია მოქალაქეების ინტერესები
მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, პირად საუბრებში ამბობენ, უბრალოდ დავიჭირეთ, რადგან ასე გვჭირდებოდა პოლიტიკური კამპანიისთვის ოპონენტების გასაშავებლადო.
“ასეთი უტიფარი, სამარცხვინო და საშიში რეჟიმია ყველასთვის”,- აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებული კარტოგრაფების ადვოკატმა ედუარდ მარიკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინასასამართლო სხდომის ვადა გაახანგრძლივა.
დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის პროცესი ორშაბათს, 30 ნოემბერს, 11:00 საათზე დაინიშნა.
სასამართლო პროცესზე ადვოკატები მეცნიერების თავდებით გათავისუფლების შუამდგომლობას დააყენებენ.
კარტოგრაფების საქმის არსი შემდეგში მდგომარეობს: გამოძიების თანახმად, სააკაშვილის დროს მომუშავე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიამ გადამალა მნიშვნელოვანი რუკა, რის შედეგადაც ტერიტორიების გარკვეული ნაწილი (3 500-მდე ჰა ფართობის მიწა), რომლებიც წესით საქართველოს კუთვნილებაა, აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა.
პროკურატურამ ამ საქმის ძიება 17 აგვისტოს დაიწყო. საქმეში ერთადერთი მტკიცებულებაა – 1938 წელს გამოცემული რუკაა. ამ რუკაზე (სხვა რუკებისგან განსხვავებით) მიწების გარკვეული ნაწილი საქართველოს მხარესაა.
პროკურატურის ინფორმაციით, კომისიის წევრი ბრალდებული ექსპერტები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებით, “რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში,” – წერია პროკურატურის განცხადებაში.
მელაშვილი და ილიჩოვა არ აღიარებენ დანაშაულს და აბსურდულს უწოდებენ მას. ისინი ამ საქმეს პოლიტიკას და არჩევნებს უკავშირებენ. მათი თქმით, რუკა, რომელზეც არის საუბარი, ხარვეზიანი იყო და მისი არსებობა არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენდა.