თბილისის მოსახლეობას გაზის ტარიფი თითქმის 8 თეთრით გაუძვირდება
გაზიარება
გაზიარება
პირველი ივნისიდან ბუნებრივი აირის ტარიფი კომპანია “თბილისი ენერჯის” მომხმარებლებისთვის 7.8 თეთრით გაძვირდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ [სემეკი] დღეს მიიღო.
ტარიფის ზრდა კომპანია “თბილის ენერჯიმ” მოითხოვა. როგორც“თბილისი ენერჯის” განცხადებაში წერია, ვალუტის კურსის ცვლილების გამო, კომპანიამ წელიწად-ნახევარში 25 მილიონ ლარზე მეტი იზარალა – კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს, ხოლო სემეკის დადგენილებით 26 თეთრად ყიდის.
“ბოლო რამდენიმე თვეა, თბილისი ენერჯი ითხოვდა და ახლაც ითხოვს მოსახლეობისთვის გაზის შესაძენი ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას. რაც ლარის კურსის ცვლილების შემთხვევაში მომავალში ტარიფის ცვლილებისგან დაიცავს როგორც მოსახლეობას, ისე კომპანიას და საფრთხის ქვეშ არ დააყენებს დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას”, – წერია მათ განცხადებაში.
“სემეკის” თავმჯდომარე, დავით ნარმანია გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით ამბობს, რომ როდესაც მარეგულირებელი კომისია ადგენს ტარიფს, ის სხვადასხვა კომპონენტებს უყურებს და აქედან გამომდინარე ანგარიშდება ახალი სამომხმარებლო ტარიფი:
“ჩვენ ბუნებრივი აირის ტარიფი დავადგინეთ 2019 წლის ბოლოს და 2020 წლის იანვრიდან შევიდა ის ძალაში, 3-წლიანი ტარიფი იქნა დადგენილი 2020, 2021 და 2022 წლისთის, ამ სამი წლის განმავლობასი ტარიფი იქნებოდა უცვლელი, რომ ყოფილიყო სტაბილური ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში. 2.97-ზე იყო დაანგარიშებული, როდესაც დავადგინეთ ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფი.”
აქამდე თბილისის მოსახლეობისთვის ერთ კუბური მეტრი გაზის ტარიფი 46.1 თეთრი იყო, პირველი ივნისიდან კი ტარიფი 54 თეთრამდე გაიზრდება.
2020 წლის დეკემბერში კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიამ” ელექტროენერგიის ტარიფის მნიშვნელოვანი ზრდა დააანონსა. მათი თქმით, დენის გაძვირება “სამწუხაროდ აუცილებელია”.
კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს მოქმედი ტარიფი ვერ ანაზღაურებს ელექტროენერგიის შესყიდვის დრამატულად გაზრდილ ხარჯებს. მათი ინფორმაციით საინვესტიციო პროექტების მკვეთრი შემცირება უარყოფით გავლენას ახდენს მომსახურების ხარისხზეც.
და თუ სრულად არ დაფინანსდა აუცილებელი საინვესტიციო პროექტები, კომპანია უბრალოდ ვერ განაგრძობს ოპერირებას და შესაძლოა საერთოდ ეჭვქვეშ დადგეს ელექტრომომარაგების საკითხი – ანუ ქვეყანა დენის გარეშე დარჩეს.
კომპანიის დირექტორის თქმით, ახლა ჯერი ელექტროენერგიის მარეგულირებელ კომისიაზეა და სრული პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ.