რუსეთმა აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს "უცხოელი აგენტის" სტატუსი მოუხსნა
ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოეხსნა
რუსეთმა აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს უცხოელი აგენტის სტატუსი მოუხსნა.
აფხაზი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი იმედოვნებს, რომ ეს მხოლოდ გამონაკლისი ნაბიჯი არ არის და კრემლი იმ აფხაზ ჟურნალისტებსა და აქტივისტებთან დამოკიდებულების გადახედვას იწყებს, რომლებიც ბოლო წლებში მოსკოვის თვალში არასასურველ ფიგურებად იქცნენ.
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ 19 ივნისს განაცხადა, რომ ინალ ხაშიგი “უცხოელი აგენტების“ რეესტრიდან ამოიღო, რადგან, სამინისტროს განმარტებით, მან “უცხოელი აგენტის მახასიათებლები დაკარგა“. ამით დასრულდა სტატუსი, რომელიც ხაშიგს 2025 წლის 7 მარტს მიენიჭა.
მაშინ რუსეთის უწყება ამტკიცებდა, რომ ხაშიგი ავრცელებდა “ცრუ ინფორმაციას“ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებების, მისი პოლიტიკისა და საარჩევნო სისტემის შესახებ და ასევე ჰქონდა კავშირი უცხოელ პოლიტიკურ ფიგურებთან. თუმცა, როგორც აფხაზეთში მაშინვე შენიშნეს, ამ გადაწყვეტილებამ ხაშიგის გავლენა არ შეასუსტა – პირიქით, მას საზოგადოებრივი მხარდაჭერა და ცნობადობა კიდევ უფრო გაუზარდა.
ახლა, როდესაც მოსკოვმა გადაწყვეტილება შეცვალა, აფხაზურ სოციალურ ქსელებში ამ ნაბიჯს ძირითადად მიესალმნენ. მიუხედავად ამისა, გაჩნდა კითხვებიც იმის შესახებ, რამ განაპირობა ეს მოულოდნელი შემობრუნება. კრიტიკოსების ნაწილი ამას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტ ბადრა გუნბასთან ხაშიგის ნათესაურ კავშირს უკავშირებს – გუნბა ჟურნალისტის დისშვილზეა დაქორწინებული.
თავად ხაშიგი ამბობს, რომ სტატუსის მოხსნის მიზეზი მისთვის უცნობია. პირად ბლოგში მან დაწერა, რომ დახმარებისთვის არც ერთი უწყებისთვის არ მიუმართავს და ამიტომ ვერ ხსნის, რატომ შეცვალა მოსკოვმა პოზიცია.
ხაშიგის ვარაუდით, საქმე შეიძლება უფრო ფართო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ეხებოდეს. მისი შეფასებით, კრემლმა შესაძლოა გადახედოს იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებში ასლან ბჟანიას პრეზიდენტობის წლებში დაგროვდა.

“ვიმედოვნებ, რომ კრემლის მიერ ჩემი სტატუსის გადახედვა პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთ-აფხაზურ ურთიერთობებში ასლან ბჟანიას პრეზიდენტობის დროს წარმოქმნილი პრობლემური სფეროების მოგვარებას“, – წერს ის.
ამავე ტექსტში ხაშიგი მწვავედ აკრიტიკებს იმ პოლიტიკას, რომელიც ბოლო წლებში აფხაზეთის მიმართ რუსეთის შიგნით ჩამოყალიბდა. მისი თქმით, სწორედ ამ მიდგომის შედეგი იყო, რომ რამდენიმე აფხაზს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოერთვა, ზოგიერთის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა, სხვებს რუსეთში შესვლა აეკრძალათ, თავად ის და კიდევ ორი აფხაზი ჟურნალისტი, იზიდა ჭანია და ნიზფა არშბა კი “უცხოელ აგენტებად“ გამოაცხადეს.
ხაშიგი ფიქრობს, რომ მხოლოდ მისი რეესტრიდან ამოღება რეალურ ცვლილებად ვერ ჩაითვლება, თუ ამას უფრო ფართო პოლიტიკის შეცვლა არ მოჰყვება. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებას არც მის ცხოვრებაზე და არც აფხაზურ საზოგადოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება, თუ ის ერთჯერად ჟესტად დარჩება და არა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების გადატვირთვის დასაწყისად.
სწორედ ამიტომ, შემდეგ ნაბიჯად ის თავისი კოლეგების, იზიდა ჭანიასა და ნიზფა არშბას “უცხოელი აგენტების“ რეესტრიდან ამოღებას ელოდება. ხაშიგისთვის ეს იქნება ნიშანი, რომ მოსკოვი მართლაც ცვლის მიდგომას და აფხაზეთში კრიტიკული ხმის მქონე ჟურნალისტების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გადახედვას იწყებს.