The Guardian: სომეხი ოლიგარქი, რომელსაც ლომები ჰყავს და მსოფლიოში ყველაზე მაღალი ქრისტეს ქანდაკების აღმართვას გეგმავს
The Guardian – სომეხი ბიზნესმენის გაგიკ წარუკიანის შესახებ
სომეხი ბიზნესმენი და პრორუსული ოპოზიციური პარტია “აყვავებული სომხეთის“ ლიდერი გაგიკ წარუკიანი სომხეთში, ჰატისის მთაზე, იესო ქრისტეს გიგანტური ქანდაკების აღმართვას გეგმავს.
ბრიტანული The Guardian წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ივნისის საპარლამენტო არჩევნებში წარუკიანის პარტიამ ბარიერი ვერ გადალახა და პარლამენტს მიღმა დარჩა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი მეწარმე კვლავ ცდილობს თავისი ყველაზე მასშტაბური ჩანაფიქრის განხორციელებას.
“ეს სომხეთის სავიზიტო ბარათი გახდება. ქრისტიანობა სომხეთის ახალი ბრენდი გახდება,“ – უთხრა წარუკიანმა გამოცემას.
- კრემლის ფსონი სომხეთზე: როგორ გადაიქცა ერევნის არჩევნები რუსეთის გავლენისთვის ბრძოლად — The Insider-ის გამოძიება
- გაჟონილი დოკუმენტები: როგორ გეგმავდა კრემლთან დაკავშირებული ქსელი სომხეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ოპერაციებს
მდიდრული მამული, კერძო ზოოპარკი და სანადირო ტროფეები
The Guardian-ის რეპორტაჟი იწყება წარუკიანის რეზიდენციის აღწერით, რომელიც ერევნის მახლობლად, სოფელ არინჯში მდებარეობს. მაღალი კედლების მიღმა, გამოცემის თანახმად, გაშენებულია კერძო ზოოპარკი, სადაც ლომები, ვეფხვები და ალიგატორები ბინადრობენ. ერთ-ერთ შენობაში კი ჟურნალისტმა სანადირო ტროფეებით სავსე ინტერიერი ნახა.
გაზეთი წერს, რომ მოოქროვილი და მოხატული ჭერის ქვეშ განთავსებული სასადილო დარბაზი უფრო ტაქსიდერმიის მუზეუმს ჰგავდა – თეთრი ვეფხვების ფიტულებით, არწივით მაგიდაზე და დათვისა და მგლის ტყავებით იატაკზე. თავად წარუკიანის თქმით, ეს ცხოველები მან პირადად მოინადირა.
გამოცემა შენიშნავს, რომ მსგავსი ფუფუნების საჯარო დემონსტრირება დიდი ხანია მისი პოლიტიკური და ბიზნესიმიჯის ნაწილია. ყოფილმა სპორტსმენმა, რომელიც მოგვიანებით ბიზნესსა და პოლიტიკაში გადავიდა, ქონება პოსტსაბჭოთა ქაოსური წლების განმავლობაში დააგროვა – აზარტული თამაშების, ალკოჰოლის წარმოებისა და სამთო ბიზნესის მეშვეობით.

ისტორიული პროექტის მცდელობა არჩევნებში მარცხის შემდეგ
წარუკიანის პარტიამ ივნისის არჩევნებში ხმების 4%-ზეც ნაკლები მიიღო და პარლამენტში ვერ მოხვდა. თავად პოლიტიკოსი შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს. თუმცა, როგორც The Guardian წერს, სომხეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი ახლა ძალებს იმ პროექტზე ამახვილებს, რომელიც, მისი წარმოდგენით, მის მთავარ მემკვიდრეობად უნდა იქცეს.
ქრისტეს ქანდაკება, რომლის სიმაღლეც 101 მეტრი იქნება, ჰატისის მთის მწვერვალზე უნდა განთავსდეს, ერევნიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 25 კილომეტრში, ზღვის დონიდან 2500 მეტრზე. პროექტის მიხედვით, ქანდაკება დედაქალაქის სხვადასხვა წერტილიდან იქნება ხილული, ხოლო მის მიმდებარე სივრცეს ქალაქის პანორამული ხედი გადაჰყურებს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ პროექტი დასრულდება, ის რიო-დე-ჟანეიროს ქრისტეს ქანდაკებაზე მაღალი იქნება და თავისუფლების ქანდაკებასაც ოდნავ გადააჭარბებს.
“ჩვენ მსოფლიოში უძველესი ქრისტიანული ერი ვართ. ამიტომ ლოგიკურია, რომ მსოფლიოში იესოს ყველაზე დიდი ქანდაკება სწორედ ჩვენ გვქონდეს,“ – ამბობს წარუკიანი.
ქრისტიანული სიმბოლო თუ ტრადიციიდან გადახვევა
სომხეთი ხშირად მოიხსენიება, როგორც პირველი ქვეყანა, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო 301 წელს. სწორედ ამ ისტორიულ გარემოებას უკავშირებს წარუკიანი თავის პროექტსაც. თუმცა, The Guardian წერს, რომ ჩანაფიქრი სომხეთში ერთსულოვან მხარდაჭერას არ იწვევს.
სომხეთის სამოციქულო ეკლესიას პროექტის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს. ეკლესიის წარმომადგენლები მიუთითებენ, რომ სომხური რელიგიური ტრადიცია საუკუნეების განმავლობაში ტაძრებით, მონასტრებითა და ხაჩკარებით, ეწ. ქვის ჯვრებით გამოიხატებოდა, და არა მონუმენტური ქანდაკებებით. კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ გიგანტური ძეგლი ამ ტრადიციას არ შეესაბამება.
პროექტს ეწინააღმდეგებიან ეკოლოგიური ჯგუფებიც, რომლებიც აფრთხილებენ, რომ მშენებლობამ შესაძლოა ჰატისის მთის ბუნებრივ ლანდშაფტს ზიანი მიაყენოს.
თავად წარუკიანი ამ კრიტიკას არ ეთანხმება. მისი თქმით, სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან კარგი ურთიერთობა აქვს და წარსულში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ეკლესიის მშენებლობაც დააფინანსა.

ტურიზმის ამბიცია: “ყველა ამაზე ილაპარაკებს“
წარუკიანის თქმით, პროექტი მხოლოდ რელიგიური მნიშვნელობის არ არის. მისი შეფასებით, ქანდაკება სომხეთში ყოველწლიურად 10 მილიონამდე ტურისტს მიიზიდავს და ქვეყანას სრულიად ახალ ტურისტულ ცენტრს შესძენს.
“მსოფლიოში მსგავსი არაფერია. ოკეანიდან ოკეანემდე ყველა ამაზე ილაპარაკებს,“ — ამბობს ის.
The Guardian-ის ცნობით, მშენებლობა 2022 წელს დაიწყო. ქანდაკების ნაწილები ამჟამად ერევნის მახლობლად სპეციალურ ტერიტორიაზე მზადდება, სადაც უკვე განთავსებულია დიდი ზომის თეთრი კონსტრუქციული ელემენტები, სამშენებლო ტექნიკა და საწარმოო ინფრასტრუქტურა.
თავდაპირველად განიხილებოდა, რომ ქანდაკების ნაწილები მთის წვერზე ვერტმფრენებით აეტანათ, თუმცა ეს გეგმა მოგვიანებით გადაიდო. ახლა პროექტი ითვალისწინებს, რომ ელემენტები სატვირთო მანქანებით მიიტანონ და ადგილზე ააწყონ.
პოლიტიკური გავლენის კლება და ძველი ელიტის სიმბოლო
The Guardian პროექტს სომხეთის შიდა პოლიტიკურ კონტექსტსაც უკავშირებს. წარუკიანის პოლიტიკური გავლენა ბოლო წლებში თანდათან შემცირდა, ხოლო ივნისის არჩევნებში მისი პარტიის მარცხი ამ პროცესის ყველაზე თვალსაჩინო ეპიზოდად იქცა.
გამოცემა იხსენებს, რომ წარუკიანის გაძლიერებას წარსულში ხელს უწყობდა მისი ახლო კავშირი ყოფილ პრეზიდენტ რობერტ 1ოჩარიანთან, რომლის მმართველობის წლებში მან ბიზნესის გაფართოება შეძლო.
როგორც The Guardian აღნიშნავს, ამ ეტაპზე იესოს მსოფლიოში ყველაზე დიდი ქანდაკება მხოლოდ მასშტაბური სამშენებლო პროექტია. თუმცა, ის უკვე იპყრობს ადგილობრივი მოსახლეობის ყურადღებას. ზოგი თვლის, რომ ძეგლი ხელს შეუწყობს სომხეთის საერთაშორისო დონეზე უფრო ცნობადობას და ტურისტების მოზიდვას. სხვები ეჭვქვეშ აყენებენ ასეთი გრანდიოზული ნაგებობის აგების გამართლებას. ზოგი ამ არქიტექტურულ პროექტს უგემოვნოდ მიიჩნევს.
მიუხედავად ამისა, თავად წარუკიანისთვის, როგორც ჩანს, ეს დიდი ხანია უბრალოდ არქიტექტურულ ინიციატივაზე მეტია. ბიზნესმენის თქმით, ჰატისის მთაზე მდებარე ქანდაკება მისი მთავარი მემკვიდრეობა და თანამედროვე სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სიმბოლოა.