საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 2024 წლის აღწერის მიხედვით 3 მილიონ 930 ათასი ადამიანით განისაზღვრა, რაც 2014 წლის მაჩვენებელზე 5.8%-ით, ანუ 216 ათასით მეტია. მოსახლეობის 52% ქალია, 48% — კაცი. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
2024 წლის აღწერის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის მოსახლეობა სულ უფრო მეტად თბილისსა და რამდენიმე დიდ ურბანულ ცენტრში იყრის თავს, მაშინ როცა რეგიონების უმეტესობა კლების ტენდენციას ინარჩუნებს.
აღწერის შედეგები აჩვენებს, რომ ბოლო ათწლეულში საქართველოში ურბანიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდა. მოსახლეობის 62% უკვე საქალაქო დასახლებებში ცხოვრობს, ხოლო 38% — სოფლად. ქალაქის მოსახლეობის წილი ათ წელიწადში 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, რაც ქვეყნის დემოგრაფიული რუკის გადანაცვლებაზე მიუთითებს.
ყველაზე თვალსაჩინო ეს ტენდენცია თბილისში ჩანს. დედაქალაქში დღეს საქართველოს მოსახლეობის 34% ცხოვრობს — 1 მილიონ 331 ათასი ადამიანი, რაც 2014 წლის აღწერასთან შედარებით 20%-იანი, ანუ 223 ათასიანი ზრდაა. მკვეთრი მატება დაფიქსირდა ბათუმშიც, სადაც მოსახლეობა 54%-ით გაიზარდა — 153 ათასიდან 236 ათასამდე.
თბილისის გარდა, მოსახლეობის ზრდა დაფიქსირდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქვემო ქართლშიც, თუმცა ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში სურათი საპირისპიროა: იქ კლების ტენდენცია შენარჩუნებულია. ყველაზე მკვეთრად მოსახლეობა შემცირდა მაღალმთიან აჭარაში, ასევე ცაგერის, წყალტუბოს, ტყიბულისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში.
საქართველოს მოქალაქეები აბსოლუტურ უმრავლესობაში რჩებიან
საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 96.1%, ანუ 3 მილიონ 775 ათასი ადამიანი საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის 8 865 ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირია. ბოლო ათწლეულში საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობა 2.5%-ით, ანუ 91 ათასით გაიზარდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეები მოსახლეობის 3.4%-ს, ანუ 134 ათას ადამიანს შეადგენენ. მათ შორის 1 063 მოქალაქეობის არმქონე პირია.
მუდმივად მცხოვრებ უცხოელებს შორის ყველაზე დიდი ჯგუფი რუსეთის მოქალაქეები არიან — 37 700 ადამიანი, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 1%-ია. მათ მოყვება ინდოეთის მოქალაქეები — 23 900, უკრაინის მოქალაქეები — 11 500, აზერბაიჯანის — 8 300 და სომხეთის — 5 400 მოქალაქე.
ეთნიკური შემადგენლობა: ქართველები 84.1%, შემდეგ აზერბაიჯანელები და სომხები
2024 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 84.1% ეროვნებით ქართველია. ეს მაჩვენებელი 2014 წელთან შედარებით 2.5%-ით, ანუ 80 ათასით არის გაზრდილი.
ეროვნული უმცირესობებიდან ყველაზე დიდი ჯგუფი აზერბაიჯანელები არიან — 269 ათასი ადამიანი, რაც მოსახლეობის 6.8%-ს შეადგენს. მათ შემდეგ მოდიან სომხები 4.3%-იანი წილით. შემდეგი ადგილები რუს და ინდოელ მოსახლეობას უკავია — შესაბამისად 1.1% და 0.6%.