"ეს იყო ექსტრემისტების ჯგუფი" — ზახაროვა თბილისში გამართული პროტესტის მონაწილეების დასჯას ითხოვს
გაზიარება
გაზიარება
ზახაროვას განცხადება
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ თბილისში რუსული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქცია დაგმო და მისი მონაწილეები “ექსტრემისტებად“ მოიხსენია.
ზახაროვას თქმით, საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეაფასონ ინციდენტი და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
6 ივნისს, ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღეს, რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა პოეტის სახელობის სკვერში რუსული ენის დაცვის დღე აღნიშნეს, რაც სამოქალაქო მოძრაობის, “ქართული რესპუბლიკის” წევრებმა გააპროტესტეს.
“ეს იყო ექსტრემისტების ჯგუფი. რუსული ენის დღე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად, ასევე ერებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების სიმბოლოდ იქცა“, – განაცხადა მან.
რუსი დიპლომატის თქმით, მოსკოვი ელოდება, რომ საქართველოს სამართალდამცავი უწყებები შესაბამის დასკვნებს გამოიტანენ და “რადიკალების, ექსტრემისტებისა თუ ხულიგნების“ ქმედებებს სამართლებრივ შეფასებას მისცემენ.
“მათი ქმედებების შესაბამისი კვალიფიკაციის დადგენა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებზეა დამოკიდებული. საქართველოს სამართალდამცავებმა ეს ხულიგნები თუ რადიკალები უნდა იპოვონ და დასაჯონ.
მნიშვნელოვანია, რომ იმავე დღეს, ბათუმში, ყოველგვარი ინციდენტების გარეშე, მსგავსი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული სკოლების მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ზეიმის დროს პუშკინის საქართველოსადმი მიძღვნილი ნაწარმოებები წაიკითხეს. რა საოცარი სტრიქონები მიუძღვნა მან ამ ადგილებს!” – თქვა ზახაროვამ.
მან ასევე ირონიულად აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს “წიგნიც უნდა მისცენ“, რათა გაეცნონ რუსი მწერლისა და ლიტერატურათმცოდნის, გიორგი ანდრონიკოვის შემოქმედებას.