"ხელყოფილია სვანური ცეკვა" - კულტურის სამინისტრო სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება
სვანური ცეკვა
საქართველოს კულტურის სამინისტრო სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ვიდეოში ხელყოფილია სვანური ცეკვა აბსოლუტურად მიუღებელი ფორმით.” ასევე, მათი განმარტებით, საჭიროა ქართული ცეკვებისა და მრავალხმიანი სიმღერების ამჟამად მოქმედი დაცვის სამართლებრივი მექანიზმების გაუმჯობესება.
საუბარია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე, რომელშიც ჰოლანდიური მუსიკალური ანსამბლი სვანური ცეკვის თავისებურ ინტერპრეტაციას გვთავაზობს:
თეა წულუკიანის უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ძალისხმევით მხოლოდ ოთხ ქართულ ცეკვას მინიჭებული აქვს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
ესენია:
1. ფერხული (2013 წ.), წარმდგენი -საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმი;
2. ხორუმი (2013 წ.) წარმდგენი – ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი;
3. აჭარული განდაგანას ხალხური ნაირსახეობები (2019 წ.) წარმდგენი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო;
4. ცეკვა ქართული (2020 წ.) წარმდგენი – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.
● “სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს” – პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ
● “მისი ღვაწლის დაფასება”: სახელმწიფომ რობერტ სტურუას 1 500 კვ.მ მიწა სიმბოლურ ფასად გადასცა
● საქართველოში კომპიუტერული თამაში “დიდგორი” იქმნება
“იმისათვის, რომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტი UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში იყოს ნომინირებული, ჯერ უნდა მოხდეს ეროვნულ დონეზე მისთვის შესაბამისი დამცავი სტატუსის განსაზღვრა. კერძოდ, უნდა მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. შემდეგ უნდა განესაზღვროს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება UNESCO-ს წარმომადგენლობით ნუსხაში ძეგლის ნომინირება”. – წერია სამინისტროს განცხადებაში.
უწყებაში ამბობენ, რომ 16 თებერვალს სამინისტროს სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდა, რომლის წინაშეც დაისმება მოცემული საკითხი და სამინისტროს სსიპ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან ერთად დაიწყება მუშაობა მოცემული მიზნის მისაღწევად.