საქართველოში კომპიუტერული თამაში "დიდგორი" იქმნება
კომპიუტერული თამაში “დიდგორი”
კულტურის სამინისტროს დაფინანსებით საქართველოში კომპიუტერული თამაში “დიდგორი” იქმნება. 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, თამაშის თრეილერის პრეზენტაცია შედგა.
“ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშის შექმნა” – ასე ერქვა კონკურსს, რომელიც კულტურის სამინისტრომ გამოაცხადა. გამარჯვებული პროექტის სახელია “ძლევაი საკვირველი”, ხოლო თრეილერი გამარჯვებულმა კომპანიამ “სილესტიალ დიმენშენი” შექმნა.
“სამინისტრომ გაითვალისწინა 21-ე საუკუნის ახალგაზრდების მზარდი ინტერესი ციფრული მედიის მიმართ და სწორედ ამის საფუძველზე გადაწყდა ისეთი პროექტის შექმნა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით გააცოცხლებს ამ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ თარიღს და მოახდენს მის პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში, მათი საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე განმარტებით, თავად პროექტის პირველი ეტაპის რელიზი მაისის დასაწყისში იგეგმება. როგორც სამინისტროში ამბობენ, დიდგორის ბრძოლიდან 900 წლის აღსანიშნავი სტრატეგიული თამაშის მეშვეობით მოხდა ბრძოლის მაქსიმალურად რეალისტური სურათის აღდგენა. ასევე, თამაშის მექანიკა აგებულია ტაქტიკური სტრატეგიის პრინციპზე (მოთამაშის მიერ ბრძოლის იზომეტრიულ ხედვაზე).
“მეომრების აღჭურვილობა და ანიმაციურ ვიდეორგოლებში გადმოცემული ეპოქალური მოვლენები მაქსიმალურად ავთენტურია, ხოლო ილეთები დაეფუძნა ქართული საბრძოლო ხელოვნების ელემენტებს.” – აღნიშნავენ კულტურის სამინისტროში.
● “სიკვდილი ხალხის მტრებს, სამშობლოს გამყიდველებს” – პროტესტი წულუკიანის წინააღმდეგ
● როგორ აღნიშნეს გორში სტალინის დაბადებიდან 143 წელი. ფოტოები
● როგორ აფინანსებს აზერბაიჯანში სახელმწიფო კინემატოგრაფს და რა გამოდის აქედან
ეს კულტურის სამინისტროს მხრიდან დავით აღმაშენებლით დაინტერესების პირველი შემთხვევა არ არის. უწყებამ დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებიდან 900 წლისთავთან დაკავშირებით, გასული წლის აგვისტოში, დავით აღმაშენებლის მოღვაწეობის შესახებ სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღებისთვის კონკურსი გამოაცხადა. მასში მონაწილეობის შესაძლებლობა საქართველოში მოქმედ კინოს მწარმოებელ კომპანიებს ექნებათ, თავად კონკურსი კი რამდენიმე ეტაპად გაიყოფა.
სცენარის საბოლოო ვერსიის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კომპანიასთან გაფორმდება ხელშეკრულება ფილმის წარმოებაში ჩაშვების დეტალებისა და ვადების შესახებ. ფილმზე უფლებების მესაკუთრეა სახელმწიფო, როგორც დამკვეთი და დამფინანსებელი. საავტორო უფლებები ეკუთვნის ფილმის მთავარ შემოქმედებით ჯგუფს.
ჯამში, გამარჯვებული კომპანია სცენარსა და ფილმის პროექტზე მუშაობისათვის მიიღებს 20 000 აშშ დოლარს და და სამუშაოდ ექნება 7,5 თვე.