ერთი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაიჭრა ყარაბაღში, ნაღმზე აფეთქებისას
23 ნოემბერს, ტერტერის რაიონის სოფელ სუგოვუშანთან (მადაგიზი) ახლოს, ყარაბაღის მეორე ომის დროს დაღუპულთა ცხედრების ძებნისას, ტერიტორიაზე დადებული ნაღმის აფეთქების შედეგად, დაიღუპა აზერბაიჯანის არმიის ოფიცერი, დაიჭრა რუსი მშვიდობისმყოფელი და მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოთხი თანამშრომელი.
• ყარაბაღი: რუსი და თურქი სამშვიდობოები, აზერბაიჯანელი და სომეხი სამხედროები – ვინ რა პოზიციებზეა
„აფეთქების შედეგად, რუსული სამშვიდობო ძალების კონტინგენტის ერთი ოფიცერი დაიჭრა. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთი ოფიცერი დაიღუპა. მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოთხმა თანამშრომელმა კი სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობა მიიღო“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
დაღუპული აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი, ბაბექ სამიდლი აღმოჩნდა.
მთიანი ყარაბაღის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოთხი დაჭრილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.