„ვაშა, აზერბაიჯანს! ვაშა, პოლიციას!“ - ბაქოში პოლიციელებს აივნებიდან უმღერეს. ფლეშმობი ყალბი აღმოჩნდა
ბაქოს კონსერვატორიის სტუდენტებმა ფლეშმობი მოაწყვეს და აივნიდან „აზერბაიჯანის დიდებასა და პოლიციას უმღერეს“. ამ აქციამ სოციალურ მედიაში კრიტიკა გამოიწვია, რადგან ბევრს მიაჩნია, რომ ფლეშმობს სინამდვილეში ორგანიზება თავად პოლიციამ გაუწია.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ პოლიცია საკუთარი იმიჯის გაუმჯობესებას ცდილობს, რომელიც ივნისის დასაწყისში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ძლიერ დაზარალდა. მაშინ, პოლიციამ ბაქოში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მცხოვრებლებს იმის გამო სცემა, რომ მათ კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის მოთხოვნების შესრულება არ სურდათ.
- პოლიციის რეიდები, აგრესია და დეპრესია – როგორ ჩაიარა „საკარანტინო უქმეებმა“ აზერბაიჯანში
- კორონავირუსის დამალვა თუ იგნორირება? ერთიც და მეორეც! ისტორია ბაქოდან
ფლეშმობი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ადამიანები უბრალოდ იდგნენ საკუთარ აივნებზე და უმღეროდნენ პოლიციელებს, შემდეგ კი ყვავილებს ესროდნენ. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, როგორც ქალაქის მცხოვრებლების მიერ პოლიციისთვის გამოხატული მხარდაჭერა.
თუმცა, მალე გაირკვა, რომ სინამდვილეში, აივნებზე მღეროდნენ ეროვნული კონსერვატორიის სტუდენტები, მუღამის კონკურსის გამარჯვებულები.
კარანტინის გამო პოლიციასთან კონფლიქტი
2020 წლის 8 ივნისს, ბაქოში, იასამალის რაიონში, პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული კარანტინის უხეში დარღვევისთვის.
შაბათ-კვირას, სახლის დატოვება ყველას აკრძალული ჰქონდა. ამ ნორმისადმი პროტესტის ნიშნად, ადამიანებმა საკუთარი აივნებიდან პოლიციას ნაგავი დააყარეს.
დაპატიმრებებს თან ახლდა პოლიციის მხრიდან სისასტიკე და ძალადობა. დაკავებულებს 10, 15 და 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, აზერბაიჯანში სწრაფად იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი. გასულ 24 საათში, 547 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ, 26 ივნისამდე 14 852 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან 180 გარდაიცვალა, 8 059 გამოჯანმრთელდა.
21 ივნისიდან, აზერბაიჯანში, კვლავ მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა. დაიკეტა სავაჭრო ცენტრები, კაფეები და ბევრი ბიზნესი.
ბაქოს, კიდევ რამდენიმე ქალაქისა და რაიონის მცხოვრებლებს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში, დღეში სულ 2 საათით, წინასწარი SMS-ნებართვის საშუალებით შეუძლიათ.
ბაქოში, ბევრი ადამიანი ამ შეზღუდვებს არ ეხმარება. კერძოდ, აპროტესტებენ დღეში ორსაათიან შეზღუდვას, რადგან, ამ დროის განმავლობაში, შეუძლებელია მნიშვნელოვანი საქმეების მოსწრება, მაგალითად, ექიმთან მისვლა.
ასევე, მოსახლეობის არცთუ ისე მცირე ნაწილს არ სჯერა ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკის და უარყოფს თავად პანდემიის ფაქტსაც.
ორივე მოვლენა – პოლიციელებისთვის ნაგვის სროლა და აივნებიდან სიმღერა – ბაქოს ერთი და იმავე, იასამალის რაიონში მოხდა. თუმცა, ადგილობრივი მცხოვრებლები დარწმუნებული არიან, რომ ფლეშმობი ხელოვნურად იყო მოწყობილი და პოლიციის ორგანიზებული, მაგრამ ამის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს.
ზოგიერთი კომენტარი სოციალური ქსელიდან:
“რამდენ ხანს გაძლებთ ამ თვალთმაქცობასა და სიყალბეში“
“წარუმატებელი სპექტაკლი“
“ძალიან მომეწონა, შესანიშნავი ინიციატივაა. თავიდან ურტყამთ და შემდეგ სიმღერას აიძულებთ“
“მოდით, გავიხაროთ, რომ მათ ასეთი შესანიშნავი ხმები აქვთ. და რა – სთხოვეს და მათაც იმღერეს. მეც ვიმღერებდი, ხმა რომ მქონდეს”.