კორონავირუსის დამალვა თუ იგნორირება? ერთიც და მეორეც! ისტორია ბაქოდან
ნარგიზი (სახელი შეცვლილია) ბაქოში, ერთ-ერთი HR კომპანიის ოფისში მუშაობს. კარანტინის დროს, აპრილში, ოფისი დაკეტილი იყო. თვე-ნახევრის შემდეგ, ხელისუფლებამ კარანტინი შეამსუბუქა და ოფისები ისევ გაიხსნა.
ნარგიზი ჩივის, რომ სამუშაო ცოტაა და თანამშრომლების დიდ ნაწილს შეუძლია სახლიდან იმუშაოს, სამსახურში კი იშვიათად მივიდეს, როდესაც მიმდინარე დავალება მის ადგილზე ყოფნას მოითხოვს. მაგრამ ხელმძღვანელი ითხოვს, რომ ყველა დადიოდეს.
„გუშინწინ, როდესაც სამსახურში ვიყავი, ერთ-ერთმა თანამშრომელმა თქვა, რომ COVID-ზე ტესტი ჩააბარა მას შემდეგ, რაც მასსა და მის ცოლს სიმპტომები გამოუვლინდათ – ტემპერატურა და ხველება. გუშინ, ის ყოველი შემთხვევისთვის სამსახურში არ მოვიდა, დღეს კი დაურეკეს და უთხრეს, რომ ორივეს დადებითი პასუხი აქვს. მან დირექტორს ჰკითხა, უთხრას თუ არა კომპანიის სახელი, რომელშიც მუშაობს, მაგრამ დირექტორმა, იმის შიშით, რომ კომპანიას დახურავენ, მოუწოდა, ეს არ გაეკეთებინა“.
უფროსმა სხვა თანამშრომლებსაც გვითხრა, რომ მომხდარი არავისთვის გაგვემხილა:
„ერთ-ერთმა თანამშრომელმა იკითხა: „და რატომ უნდა გავჩუმდე?“. რაზეც დირექტორმა უპასუხა: „შენ ხომ არ გინდა, რომ დაგვხურონ. და ჩვენმა პარტნიორებმა არ უნდა იცოდნენ ამ ყველაფრის შესახებ“.
ნარგიზი ცდილობდა დირექტორისთვის აეხსნა, რომ არ სურს ვირუსი საკუთარ თავსა და ახლობლებზე გამოსცადოს, მაგრამ ის მხოლოდ ხუმრობდა და ამბობდა: „არ მიაქციო ყურადღება, იჯექი და იმუშავე“. მისი თქმით, უფროსი ვირუსისადმი სკეპტიკურად არის განწყობილი, ისევე, როგორც დანარჩენი თანამშრომლები.
„თითქმის ყველა ჩემი კოლეგა ვირუსს ისე უყურებს, როგორც ჩვეულებრივ რესპირატორულ ინფექციას და ამიტომ არავის გაუპროტესტებია. ვიღაც ამბობს, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკაა, ვიღაც იმას, რომ ჩვენ ყველანი დავავადდებით და შემდეგ ყველაფერი ნორმალურად იქნება. უკმაყოფილო მხოლოდ ერთი ქალი იყო, რომელსაც ასაკოვანი დედა ჰყავს და რომლის გამოც ეშინია, მაგრამ უფროსის წინააღმდეგ ისიც არ წავიდა.
მათ მოსაზრებას „ამყარებს“ ისიც, რომ TƏBİB (სახელმწიფო სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია კორონავირუსთან ბრძოლაზე – JAMnews) არ იძლევა ცნობას დადებით ტესტზე.
ჩვენს თანამშრომელსაც მხოლოდ ტელეფონზე უთხრეს და როდესაც მან ტესტის პასუხის გადაცემა მოითხოვა, უპასუხეს, რომ არ მისცემენ, რადგან ასეთია პრეზიდენტის ბრძანება“.
ამის მიუხედავად, ყველა ასე არ ფიქრობს. ნარგიზის თქმით, მისი ნაცნობის ხელმძღვანელმა, იმის გამო, რომ მას ცოტა ხნის წინ შეხვდა, ამ შემთხვევის შესახებ გაგების შემდეგ, ის მაშინვე სახლში გაუშვა მომდევნო კვირის ბოლომდე.
„დღეს კი უფროსი შემოვიდა ჩვენს კაბინეტში, ხუმრობით დაახველა და გვითხრა: „მორჩა, ახლა ყველა დაინფიცირდით“.
გადავწყვიტე, ხვალ უფროსს დავურეკო და ვუთხრა, რომ სამსახურში არ მივალ, სხვა შემთხვევაში კი ყველას ვეტყვი მომხდარის შესახებ. დილითვე გამოვიძახებ სასწრაფო დახმარებას და მოვითხოვ ტესტის გაკეთებას. თუმცა, გამიგია, რომ ისინი არ მოდიან, თუკი ტემპერატურა არ გაქვს. ჩვენი თანამშრომელი და მისი ცოლი სამკურნალოდაც კი არ წაიყვანეს, რადგან ვირუსი „მსუბუქ ფორმაში“ ჰქონდათ“.
საბოლოოდ, ნარგიზი სამსახურში არ წავიდა, თქვა, რომ ავად იყო. მას 37 გრადუსი ჰქონდა ტემპერატურა, მაგრამ სასწრაფოში უთხრეს, რომ „მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიდოდნენ, თუკი ძალიან ცუდად გახდებოდა“.