სტამბოლში აზერბაიჯანელი "სინდისის პატიმრის" ცხედარი აღმოაჩინეს
5 მაისის ღამით, სტამბოლში, წყალში იპოვეს ყოფილი აზერბაიჯანელი პოლიტიკური პატიმრის, ბაირამ მამედოვის ცხედარი. პოლიცია ახალგაზრდა აქტივისტის გარდაცვალების მიზეზებს იკვლევს.
ბაირამ მამედოვი აზერბაიჯანში ცნობილი 2016 წელს გახდა, როდესაც ის გიას იბრაგიმოვთან ერთად დააკავეს. მათ წარწერა, „გილოცავთ მონობის დღესასწაულს“ დატოვეს ჰეიდარ ალიევის ძეგლზე, ექსპრეზიდენტის დაბადების დღის წინა საღამოს.
მოგვიანებით, სასამართლომ ორივე აქტივისტს ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით. ბაირამ მამედოვი და გიას იბრაგიმოვი 2019 წელს შეიწყალეს.
რამდენიმე თვის წინ, ბაირამ მამედოვი თურქეთში გაემგზავრა და ორი დღის შემდეგ, ბაქოში დაბრუნებას აპირებდა.
მეგობრებს თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ.
„სტამბოლში ყოფნისას ბაირამს ვესტუმრე. დიდხანს ვისაუბრეთ. მან სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამა მიიღო ევროპაში. სტამბოლში ამ პროგრამისთვის ემზადებოდა. დაკავებული სამუშაო გრაფიკის გამო, მან სოციალურ ქსელებში თავისი ანგარიშებიც კი დახურა. დიდი გეგმები ჰქონდა თავის სამშობლოსთან დაკავშირებით. ამბობდა, რომ აზერბაიჯანში დაბრუნდებოდა კარგი განათლების მიღების შემდეგ.
ჯერჯერობით მომხდარის დეტალები უცნობია, მაგრამ ხელისუფლებასთან დაახლოებული ვებგვერდები უკვე წერენ სუიციდზე. რატომღაც ასეთი სურათის შექმნა სურთ. მაგრამ გამოძიება ჯერ არც კი დაწყებულა.
უცნობია, როგორ აღმოჩნდა ბაირამი სანაპიროზე იმ დროს, როდესაც თურქეთში ქუჩაში გამოსვლა აკრძალულია. იმ სანაპიროზე, სადაც ყველაფერი მოხდა, როგორც წესი, ასობით პოლიციელი მორიგეობს. როგორ მოხდა ისე, რომ მათ არ შეაჩერეს ბაირამი, ქუჩაში გამოსვლა ხომ აკრძალულია? მომხდარის არცერთი თვითმხილველი არ არსებობს.
რა მიზანს ემსახურებიან ისინი, ვინც თვითმკვლელობის შესახებ ინფორმაციის ტირაჟირებას ეწევიან? მეგობრებს ვესაუბრე, ხვალ გავიგებთ დეტალებს“, – დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა აფგან მუხთარლიმ, რომელიც ახლა გერმანიაში ცხოვრობს.