სომხეთის პრეზიდენტს გარდაუვლად მიაჩნია ფაშინიანის გადადგომა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები
არმენ სარგსიანის მიმართვა სომხეთისა და ყარაბაღის მოსახლეობისადმი, ასევე სომხური დიასპორისადმი, 16 ნოემბერს, გვიან ღამით გამოქვეყნდა სომხეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე Facebook-ში.
პრეზიდენტის მთავარი გზავნილი – „სომხეთში შექმნილი ვითარება შეიძლება გადაიჭრას „კონსტიტუციის შესაბამისად პრემიერ-მინისტრის გადადგომით ან უფლებამოსილების შეჩერებით და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებით“.
ეს არის საბოლოო აზრი იმ პოლიტიკური კონსულტაციების შემდეგ, რომელიც არმენ სარგსიანმა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივ დოკუმენტზე ხელმოწერისთანავე დაიწყო.
დოკუმენტმა სომხეთში აღშფოთება გამოიწვია. ათასობით ადამიანსა და ოპოზიციას მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დაუშვებელ შეთქმულებაზე წავიდა და ხელი მოაწერა აზერბაიჯანისთვის მთიანი ყარაბაღის ნებაყოფლობით გადაცემაზე. ოპოზიცია ყოველდღიურად მართავს საპროტესტო აქციებს პრემიერის გადადგომის მოთხოვნით.
შიდაპოლიტიკური კრიზისის დასაძლევად არმენ სარგსიანის შემოთავაზებულ გზას მხოლოდ საკონსულტაციო ხასიათი აქვს. სომხეთი საპარლამენტო რესპუბლიკაა და პრეზიდენტს დიდი უფლებამოსილებები არ გააჩნია. ამიტომ, პრეზიდენტი თავის მიმართვაში ხაზს უსვამს, რომ გამოთქვამს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ძალების, დიასპორის წარმომადგენლების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ცნობილი პიროვნებების მოსაზრებებს.
„ჩვენ წავაგეთ ომი, რომელიც თავს მოგვახვიეს, როგორც ბრძოლის ველზე, ისე დიპლომატიურ და საერთაშორისო არენებზე. ბრძოლა შეიძლება წააგო, მაგრამ დაუშვებელია წააგო, როგორც ერმა“, – ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში.
კრიზისიდან გამოსასვლელად არმენ სარგსიანი ხალხს ერთიანობისკენ, პოლიტიკოსებს კი თავშეკავებისა და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს:
„ნათელია, რომ მიუხედავად ომის შეწყვეტისა, არცახის რესპუბლიკა, სომხეთის რესპუბლიკა და მთელი სომეხი ერი ახალი გამოცდების პერიოდში შედის, სადაც ნებისმიერ შეცდომას შეიძლება კატასტროფული შედეგები მოჰყვეს“.